GE

„სახელმწიფოს მიზანია, სახელმწიფო უნივერსიტეტები კონცენტრირებული იყვნენ სახელმწიფო დაკვეთაზე“

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია, სახელმწიფო უნივერსიტეტები კონცენტრირებული იყვნენ სახელმწიფო დაკვეთაზე და ეს დაკვეთა უნდა მომდინარეობდეს ბაზრის კვლევის კონკრეტული შედეგებიდან.

როგორც გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციაზე საუბრისას პირდაპირ ეთერში განაცხადა, პირველადი სამუშაოები ამ კვლევითი მიმართულებით ისედაც დაწყებული აქვთ, რადგან ეს პროცესისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია.

„ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, რუკა იმ გზაზე, რომელიც უნდა გავიაროთ, რათა კონკრეტულ შედეგამდე მივიდეთ. აქ ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მყისიერად არის გასატარებელი, რათა შემდეგი წლისთვის მოვემზადოთ, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ დავაანონსეთ, რომ ვიწყებთ ფართომასშტაბიან მუშაობას სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელსაც ჩემი მოადგილე უხელმძღვანელებს უშუალოდ.

„ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ერთიანი კოდიფიფიცირებული კანონი განათლებისა და მეცნიერების შესახებ, რომელიც შემდეგ წელიწადს ჯერ მთავრობას უნდა წარვუდგინოთ, მთავრობის მიერ მოწონების და დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, პარლამენტს უნდა წარედგინოს შემდგომი განხილვისთვის და დასამტკიცებლად. დღეს შვიდი კანონი არეგულირებს ამ სფეროს, რომელიც მიმოფანტულია და იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში ეს კანონები ვერ პასუხობენ გარკვეულ საჭიროებებს, ჩვენ გვჭირდება პარლამენტისთვის, მთავრობის ინიციატივით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მიმართვა, რომ შესაბამისი ცვლილებები შევიდეს. ამიტომ ეს პროცესიც ამის განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია. ვფიქრობთ, სამართლებრივი ჩარჩოს ერთხელ და სამუდამოდ თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში მოგვარება აუცილებელი კომპონენტია რეფორმისთვის და ეს პროცესიც დაიწყება, ისევე როგორც პრაქტიკული აქტივობები, რომლებიც დაკავშირებული იქნება ამ სისტემის შემდეგი წლიდან 3+1 კომპონენტზე გადაწყობის თვალსაზრისით. ეს პროცესი ნაწილობრივ დაწყებულია, თუმცა როგორც კი რეფორმა დამტკიცდება, უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს“, – განაცხადა მიქანაძემ.

ასევე იხილეთ:

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი

ნინო დობორჯგინიძე: „ეს არის მართლაც მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი საუნივერსიტეტო ტრადიციის გაყიდვა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური