GE

ნინო დობორჯგინიძე: „ეს არის მართლაც მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი საუნივერსიტეტო ტრადიციის გაყიდვა“

30 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა. შეხვედრას ესწრებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, რომელსაც EDU.ARIS.GE-მ რამდენიმე კითხვით მიმართა.

– ქალბატონო ნინო, პრემიერ-მინისტრთან 30 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები მონაწილეობდით, განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ რექტორებისგან „მიიღეს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით“. რამდენად ცალსახა იყო ეს მხარდაჭერა, სახელმწიფო უნივერსიტეტების პოზიციები აბსოლუტურ თანხვედრაშია მთავრობის ხედვასთან?

– მე ვერ ვისაუბრებ სხვების სახელით, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორების პოზიციები დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, განსხვავებულია. ამ შეხვედრაზე მე დავაყენე ყველა ის მოთხოვნა, რაზეც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება თანხმდება და რაც ღიად გამოქვეყნდა ჩვენს მიმართვაში. მკაფიოდ გავიმეორე ჩემი პოზიცია, რომ დაგეგმილი რეფორმა ამ სახით სხვა არაფერია, თუ არა ილია ჭავჭავაძის მიერ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მონიშნული და 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის თაობის მიერ მართლაც მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი საუნივერსიტეტო ტრადიციის გაყიდვა! სხდომაზე კიდევ ერთხელ დავადასტურე ის, რაც არაერთგზის ვთქვი სხვადასხვა მედიაში: ამას საუნივერსიტეტო საზოგადოება არ დაუშვებს! არ გამოვა ეს, განათლების მომავალს ვერ გადაწყვეტს თვრამეტი მორჩილი რექტორის პოზიცია!

– თქვენი სათქმელი/გზავნილი რა იყო შეხვედრის ფარგლებში? როგორც ვიცით, პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თქვენ რა კითხვა დასვით?

– შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მთლიანად გაიმეორა ის, რაც პრეზენტაციაზე წარმოადგინა. თითოეულ რექტორს მიეცა საშუალება, დაესვა კითხვები. მთავარი „არგუმენტი“, რითაც ამ სამგვერდიან დოკუმენტში რეფორმის „აუცილებლობას“ გვიმტკიცებენ, არის დედაქალაქში მოსახლეობის ჭარბი კონცენტრაცია, რისი განტვირთვაც სურთ თურმე. ამასთან დაკავშირებით მე დავსვი კითხვა: ამიხსენით, რა პრინციპებით ისარგებლეთ, რას ეყრდნობა თქვენი კონცეფცია, რომლის მიხედვით თბილისის გულში „ზედმეტი“ აღმოჩნდა ივანე ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის, ნიკო ცხვედაძის, პეტრე მელიქიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, დიმიტრი უზნაძის, გრიგოლ წერეთლის, კოტე აფხაზისა და უნივერსიტეტის სხვა დამაარსებელთა მიერ დაწყებული საქმე. რით „გადაწონა“ ქართული საგანმანათლებლო ტრადიცია მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენების „მადამ“? ამაზე მათ პასუხი არ აქვთ, ამტკიცებენ, რომ სტუდენტებისთვის რუსთავში უნდა შექმნან სამოთხე. ამ „რკინის არგუმენტს“ მთლიანად აქარწყლებს ბოლოდროინდელი სერია, უმაღლესი თანამდებობის პირებმა როგორ მიისაკუთრეს მილიარდები! პირდაპირ ეთერში გვაჩვენებენ ამას. გუშინწინ ბრიფინგი ჩაატარა ინფრასტრუქტურის მინისტრმა და გამოაცხადა, რომ 214 პროექტიდან 161 ან ვერ შესრულდა, ან მხოლოდ ნაწილობრივ. და აი, ამ „მიღწევების“ გუნდი გვპირდება, რომ გაყიდის უნივერსიტეტების შენობებს და ახალს აგვიშენებს. პარალელურად კი პატარა ბავშვები ქუჩას კეტავენ, ჩვენი სკოლის ასაშენებელი ფული რომ მიითვისეთ, შენობა მოგვეცითო.

რა, ეს არ არის მთავრობის დღევანდელი გუნდის პასუხისმგებლობა? სწორედ ისინი იყვნენ მაშინდელი მთავრობის მაკონტროლებელი, პარლამენტსა და პარტიაში უმაღლესი პოზიციები ეკავათ, მათი პირდაპირი მოვალეობა იყო მთავრობის ზედამხედველობა. ზედამხედველობისთვის არგუმენტები ლამის ყოველდღე ქვეყნდებოდა მედიაში.

სახეზეა კიდევ უფრო დრამატული მაგალითიც: სპორტის უნივერსიტეტის შენობა მიჰყიდეს ვინმე ბიზნესმენს, რომლის ვალდებულება იყო, იმავე ტერიტორიაზე აეშენებინა უნივერსიტეტისთვის შენობა, მაგრამ ეს უნივერსიტეტი დღემდე შეფარებულია სხვა დაწესებულებებში და გაურკვეველია მისი მომავალი. ილიას უნივერსიტეტი ამგვარ ბედს ვერ შეეგუება!

ამას გარდა, დავსვი კითხვები რეფორმის ანტიკონსტიტუციურობაზე, ინსტიტუციურ ავტონომიაზე, პროგრამებისა და კვლევის მომავალზე, უმაღლესი განათლების კატასტროფულ იზოლაციაზე და ყველა იმ სავალალო შედეგზე, რასაც ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის განხორციელების შემთხვევაში მივიღებთ.

– შეიცვალა თუ არა თქვენი შეხედულება რეფორმასთან მიმართებით ამ შეხვედრის შემდეგ და რა ნაწილში?

– არა, არ შეცვლილა. ერთადერთი, რაც იქ მკაფიოდ ითქვა, გაიხსნება სადისკუსიო სივრცე, რომელშიც ჩვენ ჩაგვრთავენ. ეს მხოლოდ ერთი რიგითი მოთხოვნა იყო ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების.

– რა არის ის მთავარი საფრთხეები, რომლებსაც დღეს ხედავთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციაში, ვინ ან რა შეიძლება დაზარალდეს მისი განხორციელებით და ობიექტურად რამდენად განხორციელებადია ის?

– ამ რეფორმის კატასტროფული შედეგი იქნება ზოგადად საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების სრულად მოშლა. ეს კი ანტიკონსტიტუციურია. ყოვლად გაუგებარი ხელოვნური ჩარევა – ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში – არა მარტო სრულ ქაოსს გამოიწვევს, არამედ მოშლის თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლების მთავარ პრინციპს, ინტერდისციპლინურობას და კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას. დაგეგმილი რეფორმა მკვეთრად შეამცირებს მოთხოვნად ფაკულტეტებზე ადგილების რაოდენობას, რაც ბევრი სტუდენტისთვის გაზრდის სწავლის გადასახადს – ისინი იძულებულები იქნებიან, კერძო უნივერსიტეტებში აირჩიონ მათთვის სასურველი სპეციალობა. შეზღუდვა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს აღარ შეეძლებათ უცხოელი სტუდენტების მიღება, სისტემას ჩამოაშორებს საერთაშორისო განათლების კონტექსტს და სხვა ასევე დამაზიანებელ ინიციატივებთან ერთად შეაფერხებს მხოლოდ „ქაღალდზე გაცხადებულ“ ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიას.

– რა დადებითი მხარეები აქვს კონცეფციას უმაღლესი განათლების გაჯანსაღების თვალსაზრისით?

– კონცეფცია, რომლის ბერკეტი სახელმწიფო უნივერსიტეტების არსებული სისტემის მონგრევასა და შენობების გაყიდვაზე დგას, ვერ იქნება დადებითი. ის სრულად ეწინააღმდეგება დიდი შეფერხებებით, მაგრამ მაინც პოზიტიური დინამიკით მზარდ ქართულ საუნივერსიტეტო ტრადიციას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გეგმა გვაგონებს გასული საუკუნის 30-იან წლებში უნივერსიტეტში ტოროშელიძეების, ორაგველიძეებისა და ყალიჩავების ხელით გატარებულ „რეფორმებს“, რომლის კატასტროფულ შედეგებთან გამკლავებას ათწლეულები დასჭირდა.

ასევე იხილეთ:

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური