GE

შეკრული თმა და თავისუფალი ჩაცმულობა – 2020 წლის აბიტურიენტების საგამოცდო დრესკოდი და ინფორმაცია გულშემატკივრებისთვის

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე რამდენიმე საათი რჩება და მონაწილეები და მათი გულშემატკივრები 6 ივლისისთვის ემზადებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ, რამდენიმე დღის წინ, აბიტურიენტებს ურჩია გრძელი თმის შემთხვევაში, თმა აუცილებლად შეიკრან.

საგამოცდო ვიზუალთან და დრესკოდთან დაკავშირებით გამოცდების ცენტრს სხვა რაიმე სახის ოფიციალური რეკომენდაცია არ აქვს, თუმცა ამის გარეშეც ცხადია, რომ უმჯობესია აბიტურიენტი გამოცდაზე მსუბუქად და თავისუფლად ჩაცმული მივიდეს. აბიტურიენტისთვის დიდი დისკომფორტი იქნება დახურული და კლასიკური სამოსი, ასევე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ამიტომ უმჯობესია მონაწილე საგამოცდო ცენტრში მივიდეს გრილი ტანსაცმლით და შეძლებისდაგვარად, არადახურული ფეხსაცმლით.

გამოცდის მონაწილეს აქვს უფლება საგამოცდო ცენტრში თან ჰქონდეს ხელსახოცი და ცივი წყალი, წყლის ბოთლის ზომა განსაზღვრული არ არის და სურვილის მიხედვითაა.

რაც შეეხება გულშემატკივრებს, მედიკოსების განცხადებით, პანდემიის პირობებში სასურველი არ არის საგამოცდო ცენტრებთან, დიდი რაოდენობის ადამიანების შეკრება, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, მათ ორ მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სხვა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.

„აბიტურიენტების მშობლებთან მექნება მოწოდება: მესმის, რომ უცდიან, განიცდიან, ნერვიულობენ, როცა შვილი გამოცდაზეა შესული. მეც ასე ვიყავი და ჩემი თაობაც, როცა ჩვენი შვილები აბარებდნენ, მაგრამ მაშინ პანდემია არ იყო. დღეს კი პანდემიაა. ამიტომ იქ, როცა ბავშვის გამოსვლას ველოდებით, 1,5 ან 2 მეტრიანი დისტანცია დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საგამოცდო ცენტრებთან გულშემატკივრებისთვის განთავსებული იქნება ბიო საპირფარეშოები, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჰიგიენის განსაკუთრებული ნორმების დაცვა იქნება აუცილებელი.

„საგამოცდო ცენტრებთან განთავსებული იქნება ბიო საპირფარეშოები. რეკომენდაციებს რაც შეეხება, ჩვენი რჩევაა, გულშემატკივრებმაც გაითვალისწინონ და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. გულშემატკივრების ყოფნა საგამოცდო ცენტრებთან აკრძალული არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ხალხმრავლობა არ იყოს გარე პერიმეტრზე, იმისათვის, რომ არ შეიქმნას დაავადების გავრცელების რისკი“,- განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

რას მოუწოდებს აბიტურიენტების მშობლებს ამირან გამყრელიძე და როგორია გულშემატკივრების პოზიცია გამოცდებზე დასწრების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური