GE

რას მოუწოდებს აბიტურიენტების მშობლებს ამირან გამყრელიძე და როგორია გულშემატკივრების პოზიცია გამოცდებზე დასწრების შესახებ

დაავადებათა კონტროლს ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების გულშემატკივრებს მოუწოდებს, გამოცდის დღეს, როდესაც აპლიკანტებს საგამოცდო ცენტრთან დაელოდებიან ორ მეტრიანი დისტანცია დაიცვან.

გასული წლების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, საგამოცდო დღეებში, ცენტრების წინ ათეულობით ადამიანის შეკრება ხდება. მათთვის სპეციალური სივრცე მოწყობილი არ არის და არც დასაჯდომი სკამებია ხოლმე გათვალისწინებული. აქამდე, ქალაქების მუნიციპალიტეტები, საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე, გულშემატკივრებისთვის ბიო საპირფარეშოების განთავსებას უზრუნველყოფდნენ, თუმცა წელს ეპიდემიის რისკებიდან გამომდინარე, ეს დიდი ალბათობით ვეღარ მოხერხდება. კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად NCDC-ს ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ საგამოცდო ცენტრებთან მივლენ, არსებულ წესებს დაემორჩილონ.

„აბიტურიენტების მშობლებთან მექნება მოწოდება: მესმის, რომ უცდიან, განიცდიან, ნერვიულობენ, როცა შვილი გამოცდაზეა შესული. მეც ასე ვიყავი და ჩემი თაობაც, როცა ჩვენი შვილები აბარებდნენ, მაგრამ მაშინ პანდემია არ იყო. დღეს კი პანდემიაა. ამიტომ იქ, როცა ბავშვის გამოსვლას ველოდებით, 1,5 ან 2 მეტრიანი დისტანცია დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აბიტურიენტების მშობლები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობენ, რომ აღნიშნული რეკომენდაციის შესრულება საგამოცდო ცენტრების მდებარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იქნება.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ არ წავყვებოდი შვილს ეროვნულ გამოცდებზე და ქუჩაში არ დავდგებოდი, მაგრამ წელს, როცა უკვე აბარებს და ვხედავ როგორ განცდებშია და როგორ ემზადება, დამნაშავედ ჩავთვლი თავს რომ არ ვუგულშემატკივრო. ოჯახიდან ყველა აპირებს წამოსვლას, მამა, ბებია. თან უკვე შიშები მაქვს, ვაი და ნიღაბში სუნთქვა გაუძნელდეს, ან ნერვიულობისგან ტემპერატურამ აუწიოს და იქ არ ვიყო. იმასაც ვხვდები, რომ ჩემს მსგავსად კიდევ ათასი მშობელი იფიქრებს და ალბათ, საგამოცდო ცენტრებთან დისტანციის დაცვა რთული იქნება. ვნახოთ რა იქნება, იმედია ახალ აკრძალვებს არ გამოიგონებენ“, – ამბობს ერთ-ერთი აბიტურიენტის დედა ანასტასია მაჭავარიანი.

„უკვე დამეწყო შფოთვები, ძალან ემოციური ვარ და სულით და გულით მინდა ვიყო მასთან გამოცდიდან რომ გამოვა, მაგრამ მეუბნება არ წამომყვეო, დამოუკიდებელი ადამიანი ვარო. განიცდის იმას, რომ არ იქნება კონდიცირება და უნდა ეკეთოს ნიღაბი. ჩვენ სახლთან ახლოს რამდენიმე საგამოცდო ცენტრია და იმედი მაქვს, იქ მაინც მოხვდება, რომ სახლთან ახლოს იყოს და მეც არამგონია მოვისვენო და არ გავყვე, ვერ გავჩერდები მაინც“, – აცხადებს კიდევ ერთი მშობელი ქეთევან კილასონია.

ნათია სურგულაძე, რომლის შვილიც ასევე 2020 ეროვნული გამოცდების მონაწილეა, ამბობს, რომ საგამოცდო პროცესი, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რთული იქნება არამარტო ბავშვებისთვის, არამედ ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომლებისთვისაც.

„გავეცანი გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს, კარგია რომ ყველა ნორმას იცავენ, ყველანაირად დაცული რომ იქნება უსაფრთხოება და გაკონტროლდება ინფექციის გავრცელების რისკები, მაგრამ ვფიქრობ, ნიღაბი და კონდიცირების არ არსებობა ძალიან დიდი სტრესი იქნება როგორც აპლიკანტებისთვის, ასევე იქ მყოფი თანამშრომლებისთვის. მართლა არ ვიცი როგორ რას შეძლებენ ამ სიცხეში და ძალიან ვნერვიულობ. მე ისეთი სამსახური მაქვს, გამოცდის დღეს ვერ მივალ და ვერ დაველოდები ჩემს შვილს, მაგრამ მამა და დეიდა აპირებენ უგულშემატკივრონ. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, დისტანცია უნდა დაიცვათო, ან სადაა მაგხელა ადგილები, რომ სკოლების წინ დისტანციის დაცვა მოხდეს? მეშინია არ აკრძალონ იქ დგომა“,- ამბობს ნათია სურგულაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. მაგისტრობის მსურველების და საგრანტო კონკურსის მონაწილეების ჩათვლით გამოცდებში მონაწილეთა რიცხვი 55 ათასამდეა. დავუშვათ, გამოცდაზე მათი ნახევარიც რომ გამოცხადდეს და თითოეულს საშუალოდ ერთი ან ორი გულშემატკივარი გაყვეს, გამოდის, რომ საგამოცდო ცენტრების წინ, ადამიანების დიდი რაოდენობის მობილიზებაა მოსალოდნელი, რაც პანდემიის პირობებში გარკვეულ რისკებთან იქნება დაკავშირებული. საგამოცდო ცენტრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ძირითადად საჯარო სკოლების შენობებშია  განთავსებული. სკოლების მიმდებარე ტერიტორიები კი, ძირითადად, მჭიდროდ დასახლებულია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ საგამოცდო პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული. მისივე თქმით, წელს სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მის ფორმატს ან შინაარსს.

წინა წლების მსგავსად, 2020 წელსაც, საგამოცდო ცენტრები თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში იქნება განთავსებული.

ცნობილია რა წესების დაცვა მოეთხოვება აბიტურიენტს 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და იქნება თუ არა გაგრილება

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური