საზოგადოება პრემიერის დაანონსებული განათლების ამუშავების გეგმის პრეზენტაციის მოლოდინში
სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება სექტემბრამდე გადაიდო. როგორც პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, სასწავლო დაწესებულებები შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპზე მოხვდნენ. პრემიერისვე განცხადებით, პოსტკრიზისულ სამოქმედო გეგმებს დარგობრივი სამინისტროები ეტაპობრივად წარმოადგენდნენ და დასძინა, რომ განათლების სისტემის ამუშავების შესახებ ცალკე პრეზენტაცია გაიმართებოდა.
„განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, დიდი თემაა და ცალკე ვისაუბრებთ. აკადემიური წელი არ გამოცხადდება, განათლების სამინისტრომ შეძლო ეფექტურად გამკლავებოდა ამ გამოწვევას და ონლაინ სწავლების კუთხით სკოლებს და უმაღლესებში პროცესები წარმართა ეფექტურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თუმცა პრემიერის ამ განცხადებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა და არც მთავრობას, არც ცალკე განათლების სამინისტროს ჯერაც არ წარმოუდგენია დაანონსებული პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ როგორი სამოქმედო გეგმა ექნება და რა ნაბიჯებს გადადგამს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე.
EDU.ARIS.GE-ს ყველა შესაბამის უწყებაში პასუხობენ, რომ გეგმის წარმოდგენის დრო მათთვის უცნობია.
ამ დრომდე საზოგადოებისთვის მხოლოდ ორი მოცემულობაა ცნობილი: აკადემიური წელი არ გამოცხადდება და სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება. ამ ორი ფაქტის შესახებაც ინფორმაცია მხოლოდ მთავრობის მეთაურისგან მოვისმინეთ, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს კი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს არც დამატებითი კომენტარი, ან რაიმე განმარტება გაუკეთებია.
კითხვები კი უამრავი დაგროვდა: აბიტურიენტები ისევ ელიან ინფორმაციას როდის და რა პრინციპით ჩატარდება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები; სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უცნობია, როგორ მოხდება წლის ბოლოს მათი შეფასება, ან რის მიხედვით მიიღებენ წლიურ ნიშანს ის მოსწავლეები, ვინც დისტანციურ გაკვეთილებში ჩართვა ვერ შეძლო; სტუდენტები კვლავ გაურკვევლობაში არიან – განახლდება თუ არა სალექციო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, აღნიშნულზე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბუნდოვანი განცხადება გააკეთა; სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებლებს გარე დაკვირვების გავლის მოლოდინი აქვთ; მასწავლებლობის მსურველებმა და პრაქტიკოსებმა ჯერ დარწმუნებით ისიც კი არ იციან, ჩატარდება თუ არა საგნის გამოცდა. ეს პასუხგაუცემელი კითხვების მხოლოდ ნაწილია და ჩვენი მკითხველის არაერთ წერილს ამ და სხვა საკითხზე, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, კვლავ ღიად ვტოვებთ.
სასწავლო წელი მოსწავლეთა ნაწილისთვის მაისის ბოლოს, მეორე ნახევრის შემთხვევაში კი, ივნისის შუა რიცხვებში სრულდება.
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება