GE

„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დღეს, 5 ოქტომბერს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კონტექსტში სკოლის მასწავლებლებისა და დამრიგებლებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხზე EDU.ARIS.GE-ს კითხვებს უპასუხა, საიდანაც შევიტყვეთ, რომ სახელფასო ზრდა შეეხება როგორც საათობრივ დატვირთვას, ასევე შესაძლებელია, რომ ზრდა იყოს როგორც სტატუსის დანამატზე, ისე დამრიგებლის ხელფასზეც.

“რაც შეეხება სკოლის ხელფასებს, ზოგადად, საჯარო სექტორში მე ვახსენე, რომ ხელფასების ზრდა ამ ეტაპზე საშუალოდ ყველასთვის იქნება 8,4 პროცენტით. მასწავლებლების შემთხვევაში ანაზღაურება დამოკიდებულია საათებზე. საათზე, დაახლოებით, 2 ლარი გამოდის ზრდა ამ შემთხვევაში და ეს გასაშუალოვდება, გააჩნია საათეების რაოდენობას, ვინ რამდენი საათით არის კვირაში დაკავებული შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ, რის შემდეგაც ჩვენ მას დამატებითი კითხვებით მივმართეთ:

– EDU.ARIS.GE: ბ-ნო გიორგი, თქვენ ამბობთ, რომ საჯარო სკოლების მასწავლებლებს ხელფასები საათობრივად გაეზრდებათ და საათზე, დაახლოებით, 2 ლარი იქნება ზრდა. საათზე 2 ლარი ყველას უნდა დაემატოს და პლუს სახელფასო ფორმულით რასაც იღებს ის აიღოს, თუ ამასთანავე კლასის დამრიგებელიც უნდა იყოს?

– გიორგი კაკაურიძე: ჩვენ დღეს ვსაუბრობთ საათობრივი ანაზღაურების ზრდაზე. ეს, რა თქმა უნდა, ყველა მასწავლებელს ეხება. როდესაც ვსაუბრობთ დანამატებზე, ეს დანამატები არსებობს, ის, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია და 8%-იანი ზრდა, შესაძლოა, ამ დანამატებზეც იყოს. ამის დეტალურ გათვლას გააკეთებს განათლების სამინისტრო და უკვე საბოლოო ბიუჯეტი როცა იქნება ჩამოყალიბებული, რომელი დანამატი რამდენი ლარით გაიზრდება [გაირკვევა]. ეს ხომ ნომინალური მაჩვენებლებია – გარდა საათობრივისა, დანამატები არის ნომინალური მაჩვენებლები და შესაბამისი გაანგარიშების შემდეგ იქნება წარმოდგენილი, რომელ დანამატზე რა თანხის მოცულობა იქნება. საათობრივად კი, სააშუალოდ, განსაზღვრულია 2 ლარი, მაგრამ [ზრდა] დამოკიდებულია, რამდენ საათს ატარებს მასწავლებელი. საათების შემთხვევაში, დამრიგებელზეც და ნებისმიერ მასწავლებელზეც არის იგივე.

– სადამრიგებლო დანამატის ზრდაც ხომ არ არის გათვალისწინებული?

– არის ცალკე განსაზღვრული და მისი მომატებაც დათვლილია იგივე 8%-ის ფარგლებში. და საბოლოო განაწილებას ბოლო ბიუჯეტთან ერთად, განათლების სამინისტრო წარმოადგენს, ნომუნალურ გამოხატულებაში რამდენი ლარია.

ამავე თემაზე:

განათლების ხარჯები 400 მილიონი ლარით იზრდება – რა (არ) წერია 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ხელფასებზე

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური