სკოლის პედაგოგებსა და პროფესორ-მასწავლებლებს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრისთვის წინასწარი ჯავშანი აღარ დასჭირდებათ
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 5 აგვისტოდან საქართველოს მასშტაბით იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე სასურველი ვაქცინით აცრას შეძლებენ.
პედაგოგებს არჩევანის გაკეთება ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს შორის შეუძლიათ. განათლების სამინისტროს მტკიცებით, ამ ეტაპზე მასწავლებელთა 20%-ზე მეტია აცრილი და პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემები, რომელიც პედაგოგთა ვაქცინაციის მაჩვენებლებს ასახავს ასეთია: სკოლის პერსონალი – მინიმუმ 1 დოზით აცრილი – 1100; სრული დოზით აცრილი -282; ვადა 15 მარტი – 1 აგვისტო.
მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრნენ.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერით სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის იმუნიზაციის ყველა ცენტრში ამოქმედდა ამცრელი კაბინეტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოვიდნენ ამ სივრცეებში და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ სასურველი ვაქცინა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, რათა მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის“, -განაცხდა ეკატერინე დგებუაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, განათლების სამინისტრო დაუკავშირდება დაწესებულებებს, რომ წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია ასაცრელი პირების შესახებ
„საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმუშავებს მათთან ერთად, რათა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია ასაცრელი პირების რაოდენობის შესახებ, მზად დავხვდებით იმგვარად, რომ არ დასჭირდეთ წინასწარი რეგისტრაცია და მათთვის მოსახერხებელ დროს ჩაიტარონ ვაქცინაცია სასურველი ვაქცინით“, – თქვა თამარ გაბუნიამ.
განათლების და მცნიერების სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება.
- განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა ახალი სქემის შექმნის სხვა ვადა დაასახელა – „კომისიამ რამდენიმე ვერსია შეიმუშავა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში 7 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს – ტესტირება 64 ქალაქში იმართება by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება