GE

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი: „ფაქტობრივად, დაიწყო დევნილი უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ პაპასქირი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრებს, ფაკულტეტების დეკანებს, მიმართულებების ხელმძღვანელებსა და აკადემიურ პერსონალს მიმართავს.

EDU.ARIS.GE მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღევანდელი გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამად მოქმედ უკლებლივ ყველა საბაკალავრო პროგრამაზე მიღების შეწყვეტით (გამონაკლისია სახელდახელოდ შეკოწიწებული ე.წ. „ქართულ-აფხაზური ფილოლოგიის“ ახალი, „კომბინირებული“ საბაკალავრო პროგრამა), ფაქტობრივად, დაიწყო დევნილი უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი.

ამგვარი დაჩეხვის „საკომპენსაციოდ“ სოხუმის უნივერსიტეტისათვის სრულიად უცხო — აგრო პროფილის სპეციალობის გადმოტანა (თავისივე აკადემიური და ინფრასტრუქტურული რესურსით) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.

ლიკვიდაციის პროცესს ვერც ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტის ფორმატის (ცალკეულ სპეციალობებში) ე.წ. „სამასწავლებლო“ პროგრამის (რომელმაც ჯერ უნდა გაიაროს პროგრამული აკრედიტაცია, რის გამოც მომავალი /2026-2027/ სასწავლო წლისთვის აბიტურიენტების მიღება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას) ამოქმედება უშველის. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის…

გაცილებით საგანგაშო სხვა რამეა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მიმართ, თავისი არსით, ლიკვიდატორული გადაწყვეტილების ფონზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფაქტობრივად უნარჩუნდება (და ჩვენ ამას არ შეიძლება არ მივესალმოთ) არსებული იერსახე და რჩება „მრავალფუნქციურ“ უნივერსიტეტად. ანუ, რა გამოდის? აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად ინარჩუნებს სტატუს კვოს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრე (სოხუმში ფუნქციონირებად აფხაზურ უნივერსიტეტთან ერთად) — სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწირება ყბადაღებული „ერთი ქალაქი — ერთი უნივერსიტეტის“ აკვიატებულ „პროექტს“ და მავანნი მას, ფაქტობრივად, დახურვისკენ მიაქანებენ.

ისმის კითხვა — რატომ ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა?! რატომ აცხადებენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისის ერთ-ერთ რიგით უმაღლეს სასწავლებლად, რომლის გამოც მას არ უნდა ჰქონდეს იმ დარგებში სპეციალისტების მომზადების უფლება, რომლებიც დედა-უნივერსიტეტის პრიორიტეტია? ეს ხომ სულ ცოტა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დღევანდელი გეოგრაფიული მდებარეობით სპეკულირებაა. განა ასე ძნელი გასაგებია, რომ სოხუმის უნივერსიტეტი მხოლოდ იმიტომაა განთავსებული თბილისში, რომ ის მშობლიური კუთხიდან გამოაძევეს და დევნილია. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამით ეჭვის ქვეშ დგება სოხუმის, როგორც საქართველოს ქალაქის (და არა თბილისის ნაწილის) იდენტობა. თუ ამ ვაჟბატონებისთვის უკვე არც სოხუმი და არც აფხაზეთია საქართველო?!

მაშინ იქნებ არა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თვითონ ირჩენდა თავს და სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხა შეჰქონდა), არამედ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სახელისუფლებო სტრუქტურების (მათი ფუნქციონირება თბილისში ხომ მხოლოდ პოლიტიკური მიზაშეწონილობითაა განპირობებული) ლიკვიდაციით დაიწყონ. ან სულაც, კონსტიტუციიდანაც ამოიღონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სტატუსი და შემდეგ შეუდგნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განულებას“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება აგრარულ სპეციალობები (რომელიც ამ უნივერსიტეტში არასდროს ყოფილა); ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა და პედაგოგიკის სპეციალობები. თუმცა, როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, “ამ ეტაპზე აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და შესაბამისად მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თუმცა უახლოეს პერიოდში, დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ”.

ასევე იხილეთ:

გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური