„ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილი და მოსამზადებელი რჩევები მოსწავლეებისა და მშობლებისთვის გამოქვეყნდა
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გამო შეწყვეტილი სწავლების პარალელურად 30 მარტიდან მოსწავლეებისთვის ტელე-გაკვეთილები დაიწყება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით უნდა გადაიცეს.
„ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილი უკვე გამოქვეყნდა და ის ასე გამოიყურება.
„ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ.
გაკვეთილების თხრობისას გათვალისწინებულია სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.
არსებულ ცხრილს ეტაპობრივად ეთნიკური უმცირესობებისთვის გათვალისწინებული ქართულის, როგორც მეორე ენის, ასევე, აზერბაიჯანულისა და სომხური ენების ტელეგაკვეთილები დაემატება. სამინისტრო და პირველი არხი მუშაობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების ტელეფორმატის შესაქმნელად.
ასევე გამოქვეყნდა რჩევები მოსწავლეებისა და მშობლებისთვის, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ტელესკოლის გაკვეთილლებისთვის:
„დარჩით სახლში“ – ამ მთავარი მოწოდების ფონზე ჩვენ ვდგებით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, თუ როგორ გავხადოთ სახლში გატარებული დრო სტრუქტურირებული და შეძლებისდაგვარად ნაყოფიერი და ეფექტიანი.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ „ტელესკოლა“ მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ სახელმძღვანელოებში მოცემულ საკითხებს ახალი და მრავალფეროვანი ფორმატის საშუალებით და გაატარონ დღის მნიშვნელოვანი ნაწილი საინტერესოდ.
გაეცანით ტელეგაკვეთილების განრიგს, რათა არ გამოგრჩეთ საინტერესო გაკვეთილები.
წინასწარ გაამზადეთ ის რესურსები, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ ტელეგაკვეთილისთვის, მაგალითად: ფურცელი, რვეული, კალამი, ფანქრები, საშლელი, სახაზავი, მაკრატელი და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია დაგჭირდეთ მნიშვნელოვანი საკითხებისა თუ კონკრეტული ინფორმაციის ჩანიშვნა, ცხრილის გადახატვა, საშინაო დავალების მონიშვნა.
ახალი ინფორმაციის მიღებისას ზოგიერთი თემა შესაძლებელია ნაკლებად გასაგები იყოს, ან კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გაგიჩნდეთ დამატებითი შეკითხვები. ასეთ შემთხვევაში, ჩამოწერეთ შეკითხვები და მოიძიეთ პასუხები სახელმძღვანელოსა თუ სხვადასხვა წყაროში. დაუსვით შეკითხვები უფროსებს. ასევე მნიშვნელოვანია, გქონდეთ აქტიური და ყოველდღიური კომუნიკაცია თქვენი საგნის მასწავლებლებთან.
შეეცადეთ შეასრულოთ საშინაო დავალებები (ასეთის არსებობის) შემთხვევაში, რათა განიმტკიცოთ და პრაქტიკულ სავარჯიშოებში გამოსცადოთ ტელეგაკვეთილის მანძილზე მიღებული ცოდნა და ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში, სთხოვეთ დახმარება უფროსებს, ოჯახის დანარჩენ წევრებს ან დაეკონტაქტეთ მასწავლებელს.
რეკომენდებულია, არ გამოტოვოთ გაკვეთილები. „ტელესკოლის“ ფორმატის მიხედვით, ზოგიერთ საგანში მომდევნო გაკვეთილი შესაძლოა იყო წინა გაკვეთილების გაგრძელება იყოს, ან მიმდინარე ტელეგაკვეთილის გაგება დამოკიდებული იყოს წინა გაკვეთილის განმავლობაში ათვისებულ მასალაზე.
გაუზიარეთ ტელეგაკვეთილის ან მასში განხილული საკითხების შესახებ თქვენი შთაბეჭდილებები და ემოციები სხვებს: ოჯახის წევრებს ან თანაკლასელებს, მეგობრებს, მასწავლებებს (კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების დახმარებით).
გაეცანით მომავალი ტელეგაკვეთილების თემებს განწყობის, მოლოდინებისა და წინასწარი პროგნოზის შექმნის მიზნით.
მშობლებო, შეუქმენით კომფორტული და მშვიდი გარემო თქვენს შვილებს, რათა უკეთ შეძლონ გაკვეთილზე კონცენტრირება. გაიზიარეთ ბავშვების ემოციები და შთაბეჭდილებები. ეს მნიშვნელოვანია როგორც მათი ემოციური კეთილდღეობისათვის, ასევე, მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ გააზრება/გაღრმავებისთვის.
გაკვეთილები ყველა საგანში და აბიტურიენტის საათი – ყველაფერი „ტელესკოლის“ შესახებ
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება