GE

უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები საკარანტინე და PCR ტესტირებისთვის საჭირო ხარჯებს თავად აანაზღაურებენ – დეტალები

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებით განისაზღვრა წესები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურებს დაარეგულირებს.

ბრძანების თანახმად, უცხოელმა სტუდენტებმა, რომელთაც საქართველოში შემოსვლის თანხმობა აქვთ, კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებული და PCR ტესტირების ხარჯები თავად უნდა აანაზღაურონ.

უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები ასევე ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლის მიზნით, დარეგისტრირდნენ საქართველოს მთავრობის ვებგვერდ StopCov.ge-ზე ელექტრონულ პროგრამაში სპეციალური აპლიკაციის ფორმის – „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმის“ – შევსების გზით.

პანდემიის ფონზე უცხოელი სტუდენტების ქვეყანაში შემოსვლისა და რეგისტრაციისთვის საჭირო აპლიკაციაში სამინისტრო 25 000–ლარზე მეტს გადაიხდის

ამის შემდეგ ისინი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაგან საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან უარს მიიღებენ.

ის უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან, გაიარონ კარანტინი. კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების, ასევე სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ PCR ტესტირების ხარჯების ანაზღაურება ეკისრებათ უცხოელ სტუდენტებს.

ბრძანებით განისაზღვრა ის ვალდებულებებიც, რომლებიც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უცხოელი სტუდენტების მიღების შემთხვევაში უნდა განახორციელონ.

კერძოდ, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა შეამოწმოს შესაბამისი უცხოელი სტუდენტის მიერ ელექტრონულ პროგრამაში შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმის სისწორე და თანხმობის გაცემამდე, ელექტრონულ პროგრამაში ასახოს უცხოელ სტუდენტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის დამადასტურებელი სადაზღვევო პოლისის რეკვიზიტები;

უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასთან ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების განთავსების მიზნით შერჩეულ სასტუმროში (ან განთავსების მსგავს საშუალებებში) მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში უცხოელი სტუდენტის გადაყვანა და განთავსება;

უცხოელი სტუდენტის კარანტინში ყოფნის პერიოდში გააკონტროლოს და კოორდინაცია გაუწიოს მასზე სამედიცინო მეთვალყურეობასა და დაცულობას;

უცხოელი სტუდენტისათვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში მიაწოდოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია.

თავის მხრივ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო უცხოელი სტუდენტებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების მსურველ პირთა რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად ორენოვან აპლიკაციას ქმნის, რაშიც 25 ათას ლარზე მეტს გადაიხდის. უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შემოყვანა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებაა და მათი შემოსვლა დროულად, შეუფერხებლად და უსაფრთხოდ უნდა მოხდეს.

„საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად დღის წესრიგში დადგა უცხოელი სტუდენტებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების მსურველ პირთა ორგანიზებულად ჩამოსვლის საკითხი. შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზემოაღნიშნულ პირთა საქართველოში შემოსვლის მოწესრიგებულად წარმართვისათვის აუცილებელია, დამატებით შეიქმნას ცალკე აპლიკაციის ფორმა უცხოელი სტუდენტებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების მსურველ პირთა რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად (ორენოვანი)“, – განმარტავენ განათლების სამინისტროში.

EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 31 ივლისის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ დროისთვის 12 972 უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტი ირიცხება.

ამასთან, უკვე ამოქმედდა ბრძანება საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური