GE

პანდემიის ფონზე უცხოელი სტუდენტების ქვეყანაში შემოსვლისა და რეგისტრაციისთვის საჭირო აპლიკაციაში სამინისტრო 25 000–ლარზე მეტს გადაიხდის

განათლების სამინისტრო ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების მისაღებად ემზადება. ამისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო უცხოელი სტუდენტებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების მსურველ პირთა რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად ორენოვან აპლიკაციას ქმნის, რაშიც 25 ათას ლარზე მეტს გადაიხდის. უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შემოყვანა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებაა და მათი შემოსვლა დროულად, შეუფერხებლად და უსაფრთხოდ უნდა მოხდეს.

შესაბამისი შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელების მოთხოვნით უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

„საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხი წარმოადგენს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინტერესის ღონისძიებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დროულად, შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მოხდეს საქართველოში უცხოელი სტუდენტების შემოსვლა. ვინაიდან მომსახურების გაწევას (აპლიკაციის ფორმის დამზადებას ) სჭირდება 1 თვე. ხოლო, ზოგიერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2020-2021 სასწავლო წელი უკვე დაწყებულია, აქედან გამომდინარე დროის სიმცირის გათვალისწინებით, ვერ მოესწრება ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, შესაბამისად მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადაში მოხდეს აპლიკაციის ფორმის შესყიდვა გამარტივებული წესით“, – ვკითხულოთ შესყიდვების დოკუმენტაციაში.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნებისათვის, საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული პირების რეგისტრაციისთვის სამთავრობო საიტზე “StopCov.ge” უკვე არსებობს შესაბამისი აპლიკაცია და რეგისტრაციის ფორმები საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელთათვის; ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქე/რეზიდენტებისთვის და პროექტისათვის „იმუშავე საქართველოდან“, თუმცა არ არის განაცხადის ფორმა სტუდენტებისთვის.

„საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად დღის წესრიგში დადგა უცხოელი სტუდენტებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების მსურველ პირთა ორგანიზებულად ჩამოსვლის საკითხი. შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზემოაღნიშნულ პირთა საქართველოში შემოსვლის მოწესრიგებულად წარმართვისათვის აუცილებელია, დამატებით შეიქმნას ცალკე აპლიკაციის ფორმა უცხოელი სტუდენტებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების მსურველ პირთა რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად (ორენოვანი)“, – განმარტავენ განათლების სამინისტროში.

უცხოელი სტუდენტებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების მსურველ პირთა რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად აპლიკაციის შესყიდვის ჯამური ღირებულება 25425.93 ლარია. მომსახურებას განახორციელებს შპს “ბიზნეს პროცესების მართვის ჯგუფი”, იგივე კომპანია, რომელმაც საიტზე “StopCov.ge” უკვე არსებული რეგისტრაციის აპლიკაცია განათავსა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური