GE

„უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელს შემოდგომისთვის წარვადგენთ“ – ბატიაშვილი

დღეს განათლების მინისტრმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ახალი მოდელის პრეზენტაცია გამართეს.  ცნობილი გახდა რამდენი გამოცდის ჩააბარება მოუწევთ აბიტურიენტებს კონკრეტულ მიმართულებებზე და რის მიხედვით აიღებენ გრანტს, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა სახით მოხდება უნივერსიტეტის დაფინანსება მომავალ წელს.

EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დამუშავება ფინალს უახლოვდება და დეტალურ ინფორმაციას შემოდგომაზე გავიგებთ.

,,წელს არაფერი არ იცვლება, შემდეგი ეტაპი რეფორმის, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, არის უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი, რომელიც შეეხება არა მარტო უფასო ფაკულტეტებს, არამედ, ზოგადად როგორ შეიცვლება იქაც დაფინანსების ეს მოდელი, რომელშიც როგორც დაფინანსების მოდელში აქცენტი გაკეთდება სწავლის ხარისხზე და უნივერსიტეტის შედეგებზე.

ეს მოდელი, ფაქტობრივად, ბოლოში გვყავს გაყვანილი, მცირედი დეტალებია დარჩენილი, აქაც კონსულტაციების გზით მივდივართ უნივერსიტეტებთან. დამუშავებული გვაქვს ასევე ფინანსური მოდელები, რომ ჩვენ უნივერსიტეტებს რისკი არ შეექმნათ ამ სხვადასხვა ფინანსური მოდელებიდან გამომდინარე. სავარაუდოდ, უკვე შემოდგომაზე წარმოვადგენთ ახალ მოდელს, რომელიც მომავალი წლისთვის იქნება და როგორც ვთქვით იქაც ძირითადი აქცენტი, როგორც საგამოცდო სისტემაში გაკეთდება სწავლის ხარისხზე, უნივერსიტეტის შედეგებზე.

კვლევები უკვე ჩატარებულია, ფინანსური მოდელები დამუშავებულია და შემოდგომაზე წარმოვადგენთ”, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას მიხეილ ბატიაშვილმა.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური