GE

ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი ცნობილია – რისი ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს და როგორ მიიღებენ გრანტს

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით 2020 წლიდან აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში და ასევე მესამე გამოცდას, რომელიც დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას –  ისტორიას, ან მათემატიკას ჩააბარებენ.

გარდა ამისა, უმაღლესი სასწავლებლები, სურვილის შემთხვევაში, მეოთხე  გამოცდას შემდეგი  საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე  სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

1. ქართული ენა და ლიტერატურა
2. უცხოური ენა
3. ბიოლოგია
4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა – რომელთაგანაც აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს. მეოთხე საგნისთვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30 პროცენტისა.

2019 წლის ჩათვლით, შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას და შემოქმედებით ტურს აბარებდნენ, 2020 წლიდან კი სახელოვნებო-შემოქმედბით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა სავალდებულოა ჩააბაროს: 1. ქართული ენა და ლიტერატურა. 2. უცხოური ენა.

აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება.

სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდება, თუ რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.

ახალი მოდელის პრეზენტაციას დღეს განათლების მინისტრი და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი გაუძღვებიან.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური