„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის განხორციელების ეტაპები შეგვიძლია ორ ფაზად დავყოთ – პირველი ფაზა – მომავალი წლის სექტემბრამდე, მეორე ფაზა მოიცავს დაახლოებით 4-5-წლიან პერიოდს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას დღეს, 26 ნოემბერს განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი, რაც უნდა შესრულდეს მომავალ აკადემიურ წლამდე, სექტემბრამდე არის კანონმდებლობის გადახედვა, ასევე უახლოეს თვეებში უნდა დასრულდეს შრომის ბაზრის ანალიზი.
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, მომავალი წლის სექტემბრიდან და უკვე უნდა მომზადდეს ამისთვის პირობები, უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი, თუმცა მინდა დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, უკვე ჩაბარებული აქვს, გააგრძელებს სწავლას არსებული დაფინანსების მოდელით, საგრანტო მოდელით, მათი მდგომარეობა არ შეიცვლება და ყველა შეძლებს, დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა. როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეეხებათ მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული შესაბამის უნივერსიტეტებში“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ საგრანტო დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა, დღეს არსებული უხეში მოდელი, რომელიც მარტივად, ერთ სტუდენტზეა გათვლილი, დასახვეწია და დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით უნდა ჩანაცვლდეს, რომელიც ერთობლივად ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს:
„არის ძალიან უხეში სისტემა – წლების განმავლობაში მოქმედებს საგრანტო დაფინანსების მოდელი ერთ სტუდენტზე 2250 ლარი, ეს თანხაც კი არ შეცვლილა, არც ინფლაციას მიჰყვება, არც არაფერს, არის უბრალოდ მოჭრილი უხეში დაფინანსება. ვფიქრობთ, ეს მიდგომაც უნდა გადაიხედოს, უნდა შეფასდეს, რა მიმართულებით რა საჭიროება არსებობს, მათ შორის კონკრეტული სპეციალობების კონკრეტული საჭიროებებიც უნდა განისაზღვროს. მაგალითად, ექიმის მომზადებას შეიძლება, დასჭირდეს მეტი თანხა, ვიდრე იურისტის მომზადებას, ამასაც კი არ ითვალისწინებს დღევანდელი მოდელი. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და ეს საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება მეორე ფაზით გათვალისწინებულ ცვლილებებს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, 4 წელიწადში აბსოლუტურად მოსწრებადია ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ყველაზე შრომატევადი საქმეა და დროსაც მოითხოვს.
„გვინდა, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რუსთავს შორის და ქუთაისში და ვფიქრობთ, 4 წელიწადში, მაქსიმუმ 5 წელიწადში შესაძლებელია ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე საკადრო პოლიტიკის სრულად მოწესრიგება, რა თქმა უნდა, ახლავე დაიწყება, მაგრამ ვფიქრობთ, შესაძლებელია, დასრულდეს 4 წელიწადში. 3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა ასევე 4 წელიწადში, თუმცა აქაც მანამდე დავიწყებთ სისტემის ცვლილებას. ხარისხის მართვის სისტემის მოწესრიგებას დრო დასჭირდება. აქაც აქედანვე არის მუშაობა დასაწყები, თუმცა თვისებრივად დასახვეწად 3-4 წელი იქნება საჭირო. რაც შეეხება პროგრამების დახვეწას და სახელმძღვანელოების შექმნას, აქაც, ვფიქრობთ, რომ 4-წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია თვისებრივად კონკრეტული ამოცანების შესრულება და მიზნების მიღწევა. ამიტომ, ვადები შეგვიძლია ორ ფაზად დავყოთ. პირველი ფაზა – მომავალი წლის სექტემბრამდე, მეორე ფაზა მოიცავს დაახლოებით 4-5-წლიან პერიოდს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
შემაჯამებელი სიტყვისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: “მე მგონია, რომ ისეთივე წარმატებით გავატარებთ ამ რეფორმას, როგორც წარმატებით პირადად მე უზრუნველვყავი 7 არჩევნების მოგება, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა”.
ასევე იხილეთ:
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება
