მაგისტრატურა ზოგ შემთხვევაში 1, ზოგში კი 2-წლიანი იქნება – განათლების მინისტრისა და მოადგილის ახალი განმარტებები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში, 3+1 სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც 3-წლიან ბაკალავრიატსა და 1-წლიან მაგისტრატურას გულისხმობს, პირველი ცვლილება შევიდა.
როგორც განათლების მინისტრმა 11 ნოემბერს სატელევიზიო ეთერში საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება, ნაწილობრივ, მაგისტრატურაში სწავლის წლებს ეხება.
გივი მიქანაძის განმარტებით, მაგისტრატურა 1-წლიანი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც პროფესიული მიმართულებით სწავლობენ, ხოლო 1+1, ანუ 2 წელი ისწავლიან მაგისტრატურაში სტუდენტები იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას აპირებენ.
„თავდაპირველად დავაანონსეთ 3+1 სისტემა, მაგრამ რეალურად გვაქვს ასეთი მოცემულობა – ამ ეტაპზე ორნაირ მაგისტრატურაზე შევჯერდით. იქნება პროფესიული მიმართულებით მაგისტრატურა, რომლისთვისაც ერთწლიანი სწავლება საკმარისია. იმ ადამიანებისთვის კი, ვინც დაინტერესებულია, რომ სწავლის მესამე საფეხურზე გადავიდეს, ანუ დოქტორანტურაში ისწავლოს, ამ შემთხვევაში საერთო სტანდარტი არის, რომ სტუდენტს მაგისტრატურაზე 120 კრედიტი უნდა ჰქონდეს დაგროვებული, რაც ორწლიან სწავლებას ნიშნავს. ანუ, თუ იქნება დოქტორანტურის გაცხადებული ინტერესი, მაგისტრატურა იქნება 1+1.
კიდევ ერთხელ – იქნება ორნაირი მაგისტრატურა – ერთწლიანი მათთვის, ვინც დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას არ აპირებს და ორწლიანი – ვინც აპირებს დოქტორანტურას, მისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ ორწლიანი მაგისტრატურა გაიაროს, დააგროვოს 120 კრედიტი, შემდეგ მოიპოვოს უფლება, რომ ჩააბაროს დოქტორანტურაში, მესამე საფეხურის სასწავლო პროცესში ჩაერთოს და ხარისხი დაიცვას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
ამავე საკითხზე 12 ნოემბერს განცხადება განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამაც გააკეთა.
როგორც მან განმარტა, 3+1-ის 3+1+1 სისტემით ცვლილება ბოლონიის პროცესს უკავშირდება.
„იმის გამო, რომ მაგისტრატურას ბოლონიის პროცესი გარკვეული ტიპის კრედიტების ოდენობას უკავშირებს და ეს გახლავთ 300 კრედიტი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ მაგისტრანტებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების, მათთვის იქნება დამატებული კიდევ ერთი წელი – 1+1 მოდელი სწორედ ამას გულისხმობს. შესაბამისად, მოდელი – 3+1+1 გულისხმობს სამწლიან ბაკალავრიატს, ერთწლიან მაგისტრატურას და პლუს ერთი წელი კიდევ იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტს სურს, დოქტორანტურა გააგრძელოს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას.
შეგახსენებთ, უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას 16 ოქტომბერს გააცნო. კონცეფციაში მთავრობის მიერ წარმოდგენილ შვიდ მთავარ გამოწვევასა და ამდენივე ამოცანას შორის, რიგით მეორე გამოწვევად დასახელებულია რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა. მისი დაძლევის გზად კი ხელისუფლებას რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება ესახება. გამონაკლისი სპეციალობების გარდა, 3+1 სისტემის დანერგვას სწორედ რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება გულისხმობდა.
ასევე იხილეთ:
„სახელმწიფოს მიზანია, სახელმწიფო უნივერსიტეტები კონცენტრირებული იყვნენ სახელმწიფო დაკვეთაზე“
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება
