ვინ არის ERASMUS+ საქართველოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი? – სამინისტრო მდუმარე ევროკავშირის წარმომადგენლობაზე მიუთითებს
ერასმუს პლუსის ეროვნულ ოფისს ახალი ადგილობრივი კოორდინატორი ჰყავს, თუმცა არავინ იცის, ვინ. ხელმძღვანელი რომ შეიცვალა, ამას შესაბამისი უწყებები გვიდასტურებენ, თუმცა მისი ვინაობის გამხელაზე უარს აცხადებენ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2021 წლის 7 დეკემბერს ერასმუს პლუსის ეროვნული ოფისის ადგილობრივი კოორდინატორის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კანდიდატის შესარჩევ განცხადებაში, მოთხოვნებს შორის, აღნიშნული იყო პროექტების მართვის, მინიმუმ, 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. განცხადების მიხედვით, კანდიდატებს ჩაუტარდებოდათ წერილობითი ტესტირება და ზეპირი გასაუბრება ინგლისურ ენაზე. განცხადებების მიღება 15 დეკემბერს დასრულდა, დასაქმების დაწყების თარიღად კი 2022 წლის იანვარი განისაზღვრა. ამის შემდეგ, არც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე და არც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე აღარ იძებნება ინფორმაცია არც შემოსული განაცხადების, არც ჩატარებული გასაუბრების და არც არჩეული ახალი კანდიდატის შესახებ. სხვა წყაროებიდან კი ირკვევა, რომ იანვრის ბოლოს კანდიდატებს წერითი გამოცდა და გასაუბრება ჩაუტარდათ და ხელმძღვანელიც შეიცვალა.
მანამ, სანამ თხრობას განვაგრძობდეთ, შეგახსენებთ, რომ Erasmus+ ევროკავშირის საგრანტო პროგრამაა, რომლის მიზანიც ევროპის ქვეყნებში განათლების, სპორტისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა და ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაა. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით ეძლევათ ახალგაზრდებს ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობა.
რაც შეეხება პროგრამის ადგილობრივი ხელმძღვანელის შეცვლისა და არჩევის წესს, პროცედურა ასეთია: 3 წელიწადში ერთხელ, პროგრამის სათაო ოფისიდან ქვეყნის განათლების სამინისტროს უკავშირდებიან და ითხოვენ დასტურს იმის თაობაზე, რომ მოქმედი ხელმძღვანელი მათთვის მისაღებია. დასტურის შემთხვევაში, კოორდინატორის პოზიციაზე პირის მუშაობის ვადა 3 წლით ხანგრძლივდება. პოზიციაზე ახალი კანდიდატის ასარჩევად, საჭიროა განათლების სამინისტროს მოთხოვნა მოქმედი ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ. საქართველოს ეროვნული ოფისის ახალი ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურებს კი სპეციალური კომისია ატარებს, რომელშიც განათლების სამინისტროს, ევროკავშირისა და ერასმუსის სათავო ოფისის წარმომადგენლები შედიან.
2009 წლიდან მოყოლებული, ანუ 12 წლის განმავლობაში, პროგრამის ეროვნული ოფისის ადგილობრივი კოორდინატორის პოსტს, საქართველოში, ლიკა ღლონტი იკავებდა. ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, სათავო ოფისი ღლონტს თანამდებობაზე კიდევ 3 წლით ტოვებდა. ასე იყო 2021 წლამდე, ანუ მანამ, სანამ კონკურსში სხვა კანდიდატმა არ გაიმარჯვა.
იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ხელმძღვანელი, უკვე არჩეულია და, წესით, იგი საქმიანობასაც უნდა შესდგომოდა, EDU.ARIS.GE-მ მასთან ინტერვიუს ჩაწერა და სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებსა და დასახულ მიზნებზე საუბარი გადაწყვიტა. ყველაზე საინტერესო პროცესი კი ამის შემდეგ დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ახალი ხელმძღვანელის ვინაობა არსად იძებნება – არც სამინისტროს და არც ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე. მცდელობის მიუხედავად, როგორც ჩანს, აღარ იძებნება თავად Erasmus+ ეროვნული ოფისის გვერდი ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებშიც.
ახალი ხელმძღვანელის ვინაობის დასადგენად და მასთან დასაკავშირებლად დახმარების თხოვნით მივმართეთ არაერთ ორგანიზაციას, რომელიც ეროვნულ ოფისთან წლებია თანამშრომლობს, თუმცა ჩვენი დახმარება ვერ შეძლეს, რადგან ახალი კოორდინატორის ვინაობა და ოფისის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირების გზები მათთვისაც უცნობი აღმოჩნდა.
ყველაზე საინტერესო პასუხი კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მოვისმინეთ, რომელსაც აგრეთვე მივმართეთ თხოვნით ეცნობებინათ ჩვენთვის თუ ვინ გაიმარჯვა იანვარში ჩატარებულ კონკურსში (რომლის კომისიაშიც სამინისტროს წარმომადგენლები ისხდნენ) და ვინ დაიკავა ახალი ადგილობრივი ოფისის კოორდინატორის პოზიცია. არაერთი ზარის შემდეგ, სამინისტროდან გვიპასუხეს, რომ ამ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან და უმჯობესი იქნებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის მიგვემართა.
გაუგებარია, რატომ იშვერს ხელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენლობისკენ საქართველოში მაშინ, როცა ახალი ხელმძღვანელის შესარჩევი კომისიის წევრი თავადაც იყო.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კი, ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე, ვინ არის საქართველოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი, დუმს. EDU.ARIS.GE უკვე ათ დღეზე მეტია, რაც მათ პასუხს ელის.
იმედს ვიტოვებთ, რომ პროგრამის ახალი ხელმძღვანელის ვინაობის გარკვევასა და მასთან გასაუბრებას უახლოეს მომავალში შევძლებთ. აგრეთვე ვიმედოვნებთ, რომ კოორდინატორის ცვლილების გამო, ახალგაზრდებისთვის ესოდენ საჭირო პროგრამა არ შეფერხდება და ევროპულ სასწავლებლებთან წლების განმავლობაში არსებულ ურთიერთობას საფრთხე არ შეექმნება, მით უმეტეს, რომ საქართველო, 2015-2020 წლებში, ერასმუს პლუსის საერთაშორისო საკრედიტო მობილობის მხრივ, რეგიონში უკრაინის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებდა.
ასევე იხილეთ:
„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება