„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს
მე-12 კლასში რომ გადავედი, დავიწყე ფიქრი, რისი გაკეთება მსურდა სკოლის დასრულების შემდეგ. ალბათ, პროცესი უფრო მარტივი იქნებოდა ამ საკითხისთვის ყურადღება მე-10, ან თუნდაც მე-11 კლასში დამეთმო და გამერკვია ერთი მხირვ, რის შესაძლებლობას მაძლევდა განათლების სისტემა და მეორე, რა სჭირდებოდა თავად ქართულ შრომის ბაზარს. საკუთარ თავთან რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე. დავრწმუნდი, რომ არ მინდოდა ექიმობა, იურისტობა, ან ფსიქოლოგობა. დიდი არჩევანი არ დამრჩა. მაშინ უმაღლეს სასწავლებელს ალტერნატივა თითქმის არ ჰქონდა და არც პროფესიული განათლების შესახებ იცოდა ვინმემ რამე. შესაბამისად, უნდა „გამოვსულიყავი“ ან ჟურნალისტი, ან „ვინმე“ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ. რატომღაც, ამ გაურკვევლობამ უფრო მომხიბლა და ჩემს მიერ შევსებული სასურველი პროგრამების სიის სათავეში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება მოხვდა. ჩამონათვალის მეორე ადგილი, ამავე უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკამ დაიკავა. პირველ ფაკულტეტზე მოსახვედრად რამდენიმე ქულა დამაკლდა. მაგრამ მე ხომ მშვენიერი ალტერნატივა მქონდა?! აი, ასე მარტივად გადაწყვიტა მაშინ განგებამ ჩემი მომავალი პროფესიის ბედი.
საქართველოში საკუთარი პროფესიით სამუშაო ადგილზე მოხვედრა შედარებით რთულია, თუმცა სტაჟირებას მარტივად შეგიძლია „გამოკრა ხელი“. თანამშრომელი, თანაც ანაზღაურების გარეშე დამსაქმებლისთვის საკმაოდ დიდი ცდუნებაა. სწავლის დაწყებიდან ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა დაახლოებით წელიწად ნახევრში მომეცა. გამიმართლა და ეს არ იყო სტაჟირება დაუსრულებელი ვადით. სამიოდე თვეში ჩემი პირველი სამსახურის შტატიანი თანამშრომელი გავხდი და ასე შევუერთდი მაშინ ქართულ შრომის ბაზარს.
ხშირად გვესმის, შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტიაო. დასაქმებულებიც ამაზე დარდობენ და დამსაქმებლებიც. ერთი მხარე პრობლემას მეორეს აბრალებს, მეორე კი პირველისკენ იშვერს ხელს. ზოგი ამ დაუძლეველ გამოწვევას მუშახელის კვალიფიკაციის ნაკლებობას უკავშირებს, ზოგიც კი არასათანადო შრომის პირობებს. აზრთა ჭიდილი მრავალგვარია, არგუმენტი ბევრი, კონტრარგუმენტი კიდევ უფრო მეტი. ფაქტი ისაა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 1 592 000-ია. აქედან დასაქმებული 1 281 200 ადამიანია, უმუშევარი კი 310 000.
EDU.ARIS.GE -ს მკითხველისთვის, სწორედ ბიზნესთან შევეცადე გამერკვია, რატომ ვერ გვარდება საქართველოში ყბადაღებული პრობლემა, რომელსაც ბევრი შრომის ბაზარზე კადრების მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსის სახელით იცნობს.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი ყველაზე მეტად არის ერთმანეთთან კავშირში. ერთი მხრივ, განათლების სისტემა შრომის ბაზარს აწვდის არაკვალიფიციურ კადრებს, ანუ პროფესიონალ უმუშევრებს. ასეთ ადამიანებს აქვთ განათლების დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები. ეკონომიკის განვითარებას ახალი ტექნოლოგიები მოაქვს. მას კი პრაქტიკაში გამოსაყენებლად არა მხოლოდ ფული, არამედ შესაბამისი ცოდნაც სჭირდება. ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარი, იმ ადამიანების დიდი ნაწილი ძალიან მალე ტოვებს ქვეყანას. შრომის ბაზრიდან რესურსი უცხოეთში გაედინება“, – ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკა ნანუაშვილი.
მას განათლების სამინისტროში მუშაობის გამოცდილება თავადაც აქვს, ყველაზე დიდ პრობლემასაც სწორედ ზოგადი განათლების მიმართულებით ხედავს.
„პარადოქსული სიტუაციაა, პედაგოგები, რომელთაც ვერ გადალახეს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, აწყობენ აქციას. ასევე, როდესაც საერთაშორისო რეიტინგებში ბოლო ადგილი გვაქვს, იგივე წაკითხულის გააზრების, თუ მათემატიკური უნარების თვალსაზრისით, როდესაც შრომითი ძალის კვალიფიკაციის რეიტინგში ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილი გვაქვს, ამან ხომ უნდა დაგვაფიქროს რაღაცაზე?“, – აღნიშნავს ნანუაშვილი.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უჭირთ, გამოყონ კონკრეტული სფერო, რომელსაც ეს პრობლემა ყველაზე მეტად ეხება. განმარტავენ, რომ გამოწვევის მასშტაბები თანაბარია, როგორც მაღალტექნოლოგიურ, ისე ტრადიციულ სექტორებში.
„ვეტერინარია, აგრონომია, ამ სფეროშიც კი კადრების კატასტროფული დეფიციტი გვაქვს. ამ შემთხვევაში შრომის ბაზრიდან ძველი, საბჭოთა კადრების ბუნებრივი გადინება მოხდა, ნაწილი, ვინც დარჩა, ფეხს ვერ უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებს“, – განმარტავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი.
ნათქვამია, მედალს ორი მხარე აქვსო. საინტერესოა, რა ჩანს ამოტრიალებული მონეტის მეორე მხარეს? დაბალი ანაზღაურება, შრომითი უფლებების დარღვევა, დაუსრულებელი სამუშაო საათები, მოლარის პოზიციაზე დამლაგებლის ფუნქციის შესრულება, დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დირექტორის მოვალეობების შესრულება, თუ ყველაფერი ერთად?
„ჩვენს შრომის ბაზარზე ნამდვილად არის ეს პრობლემები, რომ ვიღაცას რაღაცას ზედმეტად აკეთებინებენ. თუმცა ამას სჭირდება საკუთარი უფლებების დაცვა. მათ შორის, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში. პირველ რიგში, სჭირდება ხელშეკრულების გაფორმება, შემდეგ მისი წაკითხვა და კარგად გააზრება. მეორე მხრივ, მოლარეს რომ გადაუხადო თვეში 1 000 ლარი მაშინ, დახლზე პური უნდა ღირდეს არა 1.5 ლარი, არამედ 2 ლარი. მისი ხელფასიც ხომ პროდუქციის თვითღირებულებაში აისახება“, – აცხადებს ნიკა ნანუაშვილი ჩემთან საუბრისას.
პრობლემის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისთვის“ კერძო და საგანმანათლებლო სექტორს შორის თანამშრომლობის დაბალი ხარისხია.
გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა ლაბაძე გვიხსნის, რომ კომპანიების დიდი ნაწილი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კომუნიკაციას დიდ დროს არ უთმობს. ეს კი ორ მხარეს შორის გაუგებრობის ერთ-ერთი მიზეზია.
“თანამშრომლობენ, თუმცა არ არის ის შედეგი, რაც გვინდა, რომ გვქონდეს. არსებობს სტერეოტიპი, რომ პროფესიულ განათლებაში ერთვებიან ისინი, ვინც ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში. არის საწარმო სექტორში მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება ტექნიკური კვალიფიკაციის მქონე კადრებს. სამშენებლო მიმართულება, მომსახურების სფერო საკმაოდ პრობლემური დარგებია. ბევრმა კომპანიამ თავისი გადამზადების ცენტრები გახსნა და ასე ცდილობს კადრების შენარჩუნებას“, – აღნიშნავს ლაბაძე.
შრომის ბაზარზე არსებულ განსხვავებულ რეალობაზე საუბრობს HR კომპანია „ინსორსის“ დამფუძნებელი. მედეა ტაბატაძე კომპანიებს თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმებს უწუნებს.
„ანი-დან ჰოე-მდე შესაცვლელია ჯერ ვაკანსიაზე ინფორმაციის გავრცელების, შემდეგ კი თანამშრომლის შერჩევისა და მასთან მოლაპარაკებების მეთოდი. სამწუხაროდ, ამ ახალ რეალობას კომპანიები ბანცალით მისდევენ. აქცენტი უფრო მეტად ღირებულებებზე უნდა იყოს და არა კონკრეტულ ცოდნაზე. მოქნილები უნდა იყვნენ ურთიერთობაშიც. მაგალითად, თუ ვიღაცას „ფრილანსერობა“ უნდა, კომპანიამ ის კი არ უნდა დაკარგოს, პირიქით, მას უნდა მოერგოს. ასევე, შესაცვლიელია სამუშაო პირობებიც. უნდა იყოს უსაფრთხო გარემო, არ უნდა იყოს ძალიან ბევრი სამუშაო და აქედან გამომდინარე უნდა გამოირიცხოს ჯანმრთელობის რისკის შექმნა. ვინც ამას ახერხებს, მასთან პრობლემაც დალაგებულია“, – განგვიცხადა მედეა ტაბატაძემ.
საქართველომ შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგია ჯერ კიდევ 8 წლის წინ, 2014 წელს მიიღო. 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნები „შრომის და დასაქმების სფეროში სამართლებრივი ბაზის სრულყოფა; ეფექტიანი დასაქმების ხელშეწყობა, ღირსეული სამუშაო პირობების და კანონით განსაზღვრული ადამიანის შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და სამუშაო ძალის შესაძლებლობების განვითარება“ იყო.
ერთ ცდას მალევე მეორე მოჰყვა და 2016 წელს კიდევ ერთი ახალი დოკუმენტი მივიღეთ, სახელწოდებაში მცირედი ცვლილებით. დადგენილებაში „შრომის ბაზრის აქტიური პოლისტრატეგიისა და მისი განხორციელების შესახებ“ ვკითხულობთ: „საქართველოს მთავრობის მიერ ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან ერთად ჩატარებული ანალიზი ასკვნის, რომ ადგილობრივ სამუშაო ძალას არ გააჩნია შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნილი უნარები. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს საერთაშორისო კონკურენციის ინდექსის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ბიზნესის კეთების რიგით მე-2 წინაღობა არასაკმარისად მომზადებული სამუშაო ძალაა. ევროკავშირის ბევრი ქვეყნისაგან განსხვავებით, სადაც უმუშევრობა ნაკლებად განათლებულ მუშაკებშია კონცენტრირებული, საქართველოში უმუშევართა 50 პროცენტს საშუალო სკოლა აქვს დასრულებული, ხოლო 40 პროცენტს უმაღლესი განათლება აქვს”.
ალბათ, ასე უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, სადაც მშობელი ხშრად მასწავლებლითაა უკმაყოფილო, რადგან მის შვილს სასწავლი ხან ბევრი აქვს, ხან ცოტა. პედაგოგი კი მშობელს უწუნებს შვილის აღზრდის მეთოდებს. თავად შვილი ძირითადად ორივე მხარით უკმაყოფილოა… ალბათ, ასე უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, სადაც ლექტორს არ აინტერესებს სტუდენტი დაესწრება თუ არა მის ლექციას, რადგან – „შენ დაგაკლდება, მე კი არა“… ალბათ, ასე უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდას უმუშევრობა ურჩევნია, რადგან – „500 ლარი რაში უნდა მეყოს?!“… ალბათ, ასე უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, სადაც დამსაქმებელი დასაქმებულს საკმარისზე მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, რადგან – „თუ არ მოგწონს, წადი“… და ბოლოს, ალბათ, ასე უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელსაც უყვარს რეგიონში გამორჩეულის სტატუსი, მაგრამ არ იცის, როგორია იყო გამორჩეული მის ფარგლებს გარეთ.
ასევე იხილეთ:
პროფესიის არჩევის შესახებ – ყოფილი სტუდენტის ბლოგი აბიტურიენტებს
რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა ფაკულტეტების ჩამონათვალის შედგენისას
მოამზადა მარიამ ვაჩნაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება