ვინ და რა პრინციპით შეძლებს ახალი სტუდენტური საცხოვრებლით სარგებლობას ახალი სასწავლო წლიდან
უახლოეს მომავალში განათლების სამინისტრო უნივერსიტეტს ოფიციალურად გადმოსცემს ლისის ტბაზე არსებულ 320-ადგილიან, ევროპული სტანდარტების სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, რომელშიც სტუდენტები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის შესახლდებიან.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა პრინციპით მოხდება საცხოვრებელში სტუდენტთა შესახლება, რაზე გაკეთდება აქცენტი შერჩევის დროს და რა პროცედურების გავლა მოუწევთ დაინტერესებულ სტუდენტებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, სტუდენტების ახალ საერთო საცხოვრებელში ლისზე, 320 ადგილიდან დაახლოებით 200 ადგილზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული სტუდენტები გადანაწილდებიან.
„შემდეგი პრიორიტეტი იქნება ის უცხოელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ პროგრამებზე „ისწავლე საქართველოში“. იმისთვის, რომ უცხოელი სტუდენტები მოვიზიდოთ, გვჭირდება სტუდენტური ცხოვრების ორგანიზება, რაც აქამდე არ გვქონდა. თუმცა საერთო საცხოვრებელში ლისზე, ასეთი ძალიან ცოტა სტუდენტი იცხოვრებს. შენობაში უკვე დასრულებულია რემონტი, ვიბარებთ ამ ობიექტს, რაღაც დეტალებია დასასრულებელი. ინვენტარი ჯერ არ არის შემოტანილი. შეტანით ჩვენ შევიტანთ, თუმცა ახლა იმაზე მიდის მოლაპარაკება, ვინ შეიძენს, რადგან ბიუჯეტში ეს თნხა არ გვაქვს“, – უთხრა გიორგი შარვაშიძემ EDU.ARIS.GE-ს.
რექტორის ინფორმაციით, ახალ საერთო საცხოვრებელში ლისზე ცხოვრება სტუდენტებს შეღავათიან ფასად შეეძლებათ.
„არის ძალიან კარგი ორადგილიანი ნომრები. 3 საცხოვრებელი კორპუსია, ერთი ადმინისტრაციული შენობა და ერთიც საერთო სივრცე, სადაც იქნება სასადილო, კომპიუტერული ოთახი და ბიბლიოთეკა, რესურსცენტრი. მიმდებარე ტერიტორიაზე არის ძალიან კარგი სივრცე, სპორტული მოედნები. კიდევ ორი კორპუსის აშენების საშუალებას იძლევა მიწის ნაკვეთი და ახლა ვმუშაობთ ვინ დაინტერესდება ამით. საერთო საცხოვრებელში სტუდენტები ახლა 30 ლარს იხდიან, (რასაც ისინი კონკრეტული ბანკის სპეციალურ ანგარიშზე რიცხავენ) სადაც შედის კომუნალური გადასახდები, ასეთი სიმბოლური ფასი ეღირება ლისის საერთო საცხოვრებელში ცხოვრებაც“, – განაცხადა შარვაშიძემ.
შარვაშიძისვე თქმით, ლისზე ახალი საერთო საცხოვრებლის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოებზე თავად სტუდენტები დასაქმდებიან.
„ჩვენ უნდა გავაჩინოთ ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი სტუდენტებისთვის. იგივე კვების ობიექტებზე მუშაობა, ბაღის მოწყობა, ის რაც არ ითხოვს სპეციალურ მომზადებას, იქ შეიძლება დასაქმდეს ჩვენი სტუდენტი”,- აღნიშნა რექტორმა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს თსუ-ში განუცხადეს, სტუდენტების ახალ საერთო საცხოვრებელში ლისზე თითიეულ ნომერს საკუთარი სველი წერტილი ექნება. გარდა ამისა, თითოეულ ნომერში იქნება საწოლი, მაგიდა, სკამი და კარადა.
იმის გათვალისწინებით, რომ როგორც გია შარვაშიძე აცხადებს, ინვენტარის შეძენის ფინანსური რესურსი უნივერსიტეტს არ გააჩნია, მათ უკვე მიმართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი თანხის გამოყოფის თხოვნით. როგორც თსუ-ში ამბობენ, უმოკლეს დროში ელოდებიან პასუხს გამოუყოფს თუ არა სამინისტრო უნივერსიტეტს ინვენტარის შესაძენად ტენდერის გამოცხადებისთვის საკმარის თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სხვა ალტერნატიული ფინანსური წყაროსა და სპონსორის მოძებნა მოუწევთ.
რაც შეეხება სტუდენტურ საცხოვრებელში მოხვედრის გზებს, არსებული მექანიზმით, სტუდენტს კანცლერის სახელზე დაწერილი განცხადება შეაქვს უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ კი ხდება მისი გადარჩევა. როგორც თსუ-ში გვითხრეს, დღეს მოქმედ საერთო საცხოვრებელში 30-მდე ადგილია თავისუფალი, შესაბამისად, ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც განცხადებას შეიტანს და სურვილს გამოთქვამს, დაკმაყოფილდება. საერთო საცხოვრებლით სარგებლობა თსუ-ის ნებისმიერი კურსისა და ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი) სტუდენტს შეუძლია.
EDU.ARIS.GE-ი ასევე დაინტერესდა, შეეძლებათ თუ არა ლისზე საერთო საცხოვრებელში გადასვლა იმ სტუდენტებს, ვინც უკვე ცხოვრობს თსუ-ის აქამდე მოქმედ საერთო საცხოვრებელში. როგორც უნივერსიტეტში ამბობენ, სტუდენტები, რომლებიც უკვე ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში და არიან დაკმაყოფილებულები, მათ ლისის ახალ საცხოვრებელში გადასვლა არ შეეძლებათ, რადგან მასზე მოთხოვნა ძალიან მაღალი იქნება და პირველ რიგში პრიორიტეტი უბინაოდ დარჩენილ და შეჭირვებულ სტუდენტებს მიენიჭებათ.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური საცხოვრებლის აშენების სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 5.250.777 ლარი შეადგინა.
“ლისის ტბაზე სტუდენტურ საცხოვრებელში მსურველები ორი კრიტერიუმით შეირჩევიან”
თბილისში თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა
როგორი იქნება ახალი სტუდენტური საცხოვრებელი საქართველოში – Aris.ge-განათლებას ექსკლუზივი
ქეთი არის© გიგოლაშვილი
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება