„ვიხილავთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც“
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ მისი უნივერსიტეტებში გადატანა არ იგეგმება, – ამის შესახებ მან პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე, სადაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ, განაცხადა, რომ თავის დროზე ეროვნული გამოცდების დაწესება იყო წინგადადგმული ნაბიჯი კორუფციის აღმოფხვრის კუთხით, მაგრამ მან მიხეილ ჩხენკელს კითხა ხომ არ დადგა დრო, ფორმატი გადაიხედოს და მაგალითად კერძო უნივერსიტეტებს მიეცეთ უფლება, მისაღები გამოცდები თავად ჩაატარონ.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარიანტების განხილვა მიმდინარეობს. მაგალითად განიხილება უნივერსიტეტში ჩარიცხვის ისეთი მიდგომაც, როდესაც ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იქნება სხვა კომპონენტები, როგორიც არის: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, კლასგარეშე მუშაობა და სხვა.
,,ეროვნული გამოცდების ფორმა, რომელიც ახლა გვაქვს, აუცილებლად საჭიროებს რეფორმას არამხოლოდ სტრუქტურის კუთხით, არამედ შინაარსობრივად. ჩემი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე ვიდრე ფაქტების დამახსოვრებაზე და შემოქმედებით მიდგომაზე – ფიქრზე, ვიდრე ფაქტების ცოდნაზე გამოცდების დროს. ამჟამად საქართველოში ყველა უნივერსიტეტს აქვს იმის თავისუფლება, რომ ეროვნული გამოცდების ფორმატში საკუთარი სტანდარტი თავად დაამკვიდროს. ამერიკულ სისტემაში უნივერსიტეტები ითვალისწინებენ სკოლის საშუალო ნიშანსაც და სკოლის ნიშნის მნიშვნელობაც აწეულია. ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა. ამერიკაში ეს დიდი ხანია აპრობირებულია და ძალიან კარგად მუშაობს, ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე