GE

მეცნიერებას დაფინანსება შეუმცირდა

მეცნიერებას დაფინანსება უმცირდება. ამ ფაქტს განათლების სფეროს წარმომადგენლები საგანგაშოს უწოდებენ, ვინაიდან მათი თქმით, ბაზური დაფინანსების გარეშე ქართული მეცნიერება ვერ განვითარდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ  116 მილიონ 165 ათას ლარით განისაზღვრა.  საიდანაც  მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას 61 მილიონ 440 ათასი მოხმარდება,  2016  წელს კი  მეცნიერების დაფინანსება 66, 528 მილიონი ლარი იყო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებული 975,2 მლნ ლარიდან.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, წელს მეცნიერების დაფინანსება 68, 860 მილიონი ლარია, თუმცა ოფიციალური მონაცემებით 61 მილიონ 440 ათასია. სანამ საბოლოოდ დამტკიცდებოდა ბიუჯეტი – 62 458 000 ლარი იყო განსაზღვრული მეცნიერების დაფინანსებისთვის. ანუ განსახილველი ვარიანტიდან დამტკიცებამდე 2017 წლის ბიუჯეტში მეცნიერებას ასევე მოაკლდა თანხები.

vladimer-papava-web.ra1MMZZPIივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა ამბობს, რომ მეცნიერების დაფინანსებაში სასიკეთო ცვლილებები არ არის, რაც უდიდესი შეცდომაა ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე.

„მეცნიერება საქართველოში სავავალო მდგომარეობაშია. მისი დაფინანსება ნარჩენი პრინციპითაა. სამწუხაროდ, სასიკეთო ცვლილებები არ არის. წინა მოწვევის პარლამენტში იყო მცდელობა მეცნიერის შრომა დაფასებულიყო და ეს, უწინარეს ყოვლისა, აკადემიკოს ვანო კიღურაძის და მისი თანამოაზრეების დამსახურებაა, რომ მთავრობამ სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომლებს ხელფასი გაუზარდა. მაგრამ მეცნიერის ხელფასი მაინც მიზერულია. დღეს საქართველოში მეცნიერი მარტო სამეცნიერო საქმიანობით თავს ვერ ირჩენს… და ეს უდიდესი შეცდომაა ქვეყნის, მისი მომავლის წინაშე!

ამიტომ მეცნიერები ”გაფანტულები” არიან სხვადასხვა საქმიანობით. ეს, საბოლოოდ, უარყოფითად აისახება ჩვენს მეცნიერებაზე.  დაფინანსება რომ ადეკვატურად არ გაიზარდა, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა“, – აღნიშნა ლადო პაპავამ.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მარინე ჩიტაშვილის თქმით, სამეცნიერო ფონდის ბიუჯეტი რაოდენობრივად იგივე დარჩა, რაც შარშან იყო, მაგრამ ვალდებულებებია გაზრდილი. როგორც მარინე ჩიტაშვილი ამბობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალ გრანტებთან მიმართებაში ბიუჯეტი 3 მილიონი ლარითაა შემცირებული და მთელი რიგი კონკურსების გამოცხადება ვერ მოხერხდება.

12079056_1098154683535609_1794898457093819026_n„ვფიქრობთ იმაზე, გვექნება თუ არა გამოყენებითი კვლევები. შეიძლება არ გვქონდეს. ზუსტად ვიცით, რომ სამაგისტრო გრანტები არ გვექნება, სამაგისტრო კვლევებისათვის. იმიტომ, რომ ამისთვის თანხა არ არის. 2 წელიწადია ეს პროექტი დავიწყეთ.  4-ათასი მაგისტრანტისთვის საგრანტო კონკურსი წელს ძალიან „დიდი“ იყო. სულ რაღაც 150-მა კაცმა შემოიტანა განაცხადი. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ისეთი კონკურსი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა ერთი და მეორეც, სანამ უნივერსიტეტები არ გაასწორებენ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებებს, ასეთი კონკურსების დაფინანსებას ჩვენი მხრიდან აზრი არ ექნება.

დოქტორანტების გრანტები ყველაზე ნაკლებად არის შემცირებული. ის შემცირდა სულ რაღაც 20%-ით. მაგრამ ეს არ არის დოქტურანტურის სასწავლო გრანტები. დოქტურანტურის სასწავლო გრანტები შემცირებულია 25 %-ით და ეს 25% ჩადებული იმაში, რომ „ფოლკსვაგენთან“ ერთად 30 კაცი, 15 დოქტორანტი და 15 პოსტდოკი წავიდეს კვლევითი ვიზიტით გერმანიაში. ნახევარი ნახევარზეა დაფინასნება და ფული მეტი მოგვაქვს საქართველოში უცხოეთიდან. ცხადია ის პროგრამები და ვალდებულებები რაც გვაქვს, იმას ხელს ვერ ვკიდებთ და არც ვაპირებთ. მაგაზე დიდი დრო და ენერგიაა დახარჯული“, – განაცხადა მარინე ჩიტაშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი შემცირებული დაფინანსების კომპენსირებას საერთაშორისო გრანტებით ვარაუდობს. მარინე ჩიტაშვილის თქმით, ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ფონდია „ჰორიზონტი 20 20“, რომელსაც საქართველო ახლახან შეუერთდა და რომლის ბიუჯეტი 77 მილიარდი ევროა.

„22 დეკემბერს დამთავრდა რატიფიცირება და ჩვენ „ჰორიზონტი 20 20“-ის ასოცირებული წევრები ვართ. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამეცნიერო თემატიკით შევალთ ამ კონსორციუმში, რომელიც გარკვეულ სამეცნიერო პროექტს ამზადებს. ჩვენ გვაქვს საშუალება, ასევე შევქმნათ კონსორციუმი. შეგვიძლია მივიღოთ „ჰორიზონტის“ კონკურსებში თანაბარუფლებიანი მონაწილეობა, როგორც ევროკავშირის ქვეყნებმა. აქამდე ჩვენ დამოუკიდებლად მონაწილეობას ვერ მივიღებდით. ახლა შეგვიძლია.

მინიმალური გრანტი იწყება მილიონნახევარი ევროდან და მთლიანი ფონდი 77 მილიარდი ევროა. ინტერნაციონალიზაცია ძალაში რჩება იმ თვალსაზრისით, რომ  უცხოელების მონაწილეობით გაკეთებული გრანტების კონსოლიდირება  მოხდება  ფუნდამენტურ პროექტებში. ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებებით წელს აუცილებლად უნდა გამოვაცხადოთ მემკვიდრეობის გრანტები. ადრე იყო საქართველოს სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობა საზღვარგარეთ. წელს შეიცვლება ეს ფორმატი და იქნება როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში. ისე არ იქნება, რომ ჩვენ არცერთ კონკურსს არ გამოვაცხადებთ. ეს გამორიცხულია. ამაზე არ არის ლაპარაკი. იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ მეტი კონცენტრირება მოვახდინოთ ფუნდამენტურ კვლევებზე და ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერაზე“, – გვითხრა მარინე ჩიტაშვილმა.

jejelavaსაერთაშორისო გრანტებზე ამყარებს აგრეთვე განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმედებს. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მეცნიერების საბაზო დაფინანსება შემცირდა, ქართული მეცნიერება საერთაშორისო გრანტების წყალობით უკეთეს მდგომარეობაში იქნება.

„მთლიანობაში, მეცნიერებს ფული  გაეზრდებათ. არა მგონია, შემცირდეს, იმიტომ რომ „ჰორიზონტი 2020“-ზე ყველა მეცნიერს მიუწვდება ხელი. უნდა ისწავლონ, როგორ მიიღონ მონაწილეობა ამ ფონდებში. იმხელა ფონდებია, რომ ჩვენ საკუთარ ბიუჯეტთან შედარებით განუზმობლად დიდია. თითო პროექტში შეიძლება მიიღო მილიონი ევრო და მილიონ ნახევარი. მასთან შედარებით ჩვენი გრანტები ძალიან მცირეა. ხარისხიანი ქართული მეცნიერება უკეთეს მდგომარეობაში იქნება და თუ ჩვენს ბიუჯეტში დაფინანსება შემცირდა, ამით ხელი მეცნიერებას არ შეეშლება“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან  ალექსანდრე ჯეჯელავამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიკოს ლადო პაპავას თქმით, საერთაშორისო გრანტები ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ ცვლის ბაზურ დაფინანსებას.

„რაც თავის დროზე ვერ გავაგებინეთ მეცნიერებმა ლომაიას და მის შემდგომ მინისტრებს „ნაციონალური მოძრაობიდან“, სამწუხაროდ, ეს თემა ისევ ჰაერშია გამოკიდებული „ქართული ოცნების“ მინისტრებისთვისაც. სახელმწიფომ  უნდა უზრუნველყოს მეცნიერების ბაზური დაფინანსება და ამის შემდეგ კიდევ უფრო წარმატებული იქნებიან მეცნიერები სამეცნიერო გრანტების მოპოვებაში.

სააკაშვილი ამბობდა, რომ საქართველოში უნდა გვყავდეს კარგი ტაქსის მძღოლები. ინგლისური უნდა იცოდნენ. სასტუმროები უნდა აშენდეს. ისეთ ქვეყანაში, სადაც სააკაშვილს, ძირითადად, მხოლოდ სასტუმროების აშენება უნდოდა, ანუ უმთავრესად ტურიზმის ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მეცნიერის ადგილი არ არის…  ცუდია, როდესაც „ქართული ოცნებაც“ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად იგივეს აკეთებს“, – განაცხადა ლადო პაპავამ.

„25 მილიონის დახარჯვის კვალობაზე, გამოყენებით კვლევებში რეალურ შედეგს ვერ ვხედავთ“

განათლების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი ახლებურად გადანაწილდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური