განათლების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი ახლებურად გადანაწილდა
განათლების სამინისტროს 91 მილიონით გაზრდილ ახალ ბიუჯეტის პროექტში ძველ ვერსიასთან შედარებით მუხლების უმეტესობისათვის დაფინანსება მომატებულია. სხვაობა ზოგან მინიმალურია, ზოგან კი სახეზე სამმაგი და ოთხმაგი ზრდაც კი გვაქვს.
არის მუხლებიც, რომლებიც ბიუჯეტის წინა პროექტში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, ახალში კი მათთვის საკმაოდ შთამბეჭდავი დაფინანსებაა ჩადებული.
განათლების სამინისტროს ბიუჯეტის ახალი პროექტი ჯამში მილიარდ 116 მილიონ 165 ათას ლარს შეადგენს. აქედან მილიარდ 31 მილიონ 165 ათასი საბიუჯეტო სახსრებია, 80 მილიონი – გრანტი, 5 მილიონი კი კრედიტი.
ასევე, განათლების სფეროსკენ დონორების დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიიმართება (მათ შორის ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს – გრანტი) 98,1 მლნ ლარიც.
აღნიშნული თანხა ისევ 7 ძირითად მიმართულებას მოხმარდება, თუმცა ზოგიერთი მათგანისათვის გამოყოფილი ახლა უფრო მეტია, ვიდრე ბიუჯეტის წინა პროექტში, ზოგიერთისათვის კი -ნაკლები: განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მართვას ახალი ბიუჯეტის მიხედვით 21 მილიონ 229 ათასი ლარი დაეთმობა (ნაცვლად 26 მილიონ 370 ათასისა); ზოგად განათლებას – 655 მილიონ 88 ათასი ლარი (წინა პროექტს მიხედვით -609 008 000); პროფესიულ განათლებას -29 მილიონ 580 ათასი (წინა -25 850 000); უმაღლეს განათლებას – 128 მილიონ 859 ათასი ( წინა -115 984 000) ; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას – 61 მილიონ 440 ათასი (წინა – 62 458 000) ; ინკლუზიურ განათლებას – 5 მილიონ 134 ათასი (წინა -3 184 000) ) და საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებას -115 მილიონ 980 ათასი (წინა – 89 091 000 ლარი).
როგორც ხედავთ, შვიდი ძირითადი მიმარულებიდან ხუთისათვის ბიუჯეტის ახალ პროექტში უფრო მეტია გამოყოფილი, ვიდრე წინაში იყო. მიმართულებები, რომლისთვისაც ხელისუფლებამ ახლა უფრო ნაკლები თანხის დახარჯვა მიიჩნია საჭიროდ, შემდეგია – განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა და მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა. ყველაზე მეტი თანხა ისევ ზოგად განათლებას ხმარდება, ყველაზე ნაკლები კი – ინკლუზიურ განათლებას.
თუმცა, თითოეული ეს მიმართულება რამდენიმე ქვემიმართულებად იყოფა, რომელზეც გამოყოფილი თანხა ნაწილდება.
მართალია ზოგადი განათლების დაფინანსება გაზრდილია, მაგრამ დაახლოებით 2 მილიონითაა შემცირებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. წინა დოკუმენტის მიხედვით ამას 13 მილიონ 540 ათასი ლარი ეთმობოდა, ახლით კი – 11 მილიონ 990 ათასი ლარი.
ნაკლები ფული დაიხარჯება წარმატებულ მოსწავლეთა წასახალისებლადაც – 725 ათასის ნაცვლად 615 ათასი.
სამჯერაა გაზრდილი მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნვლესაყოფად გამოყოფილი სახსრები – 5 მილიონ 500 ათასი ლარის ნაცვლად 16 მილიონ 900 ათასი. 2 მილიონით მეტს დახარჯავს სამინისტრო საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის (19 500 000); დაახლოებით 5 მილიონი ლარით მეტია გამოყოფილი პროგრამისათვის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ( 23 მილიონი).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიუჯეტის ახალ პროექტში ისეთი მუხლებიც გაჩნდა, რაც წინა ვერსიაში საერთოდ არ იყო. მაგალითად, სკოლების საგრანტო დაფინანსება, რისთვისაც 4 მილიონი ლარია გამოყოფილი, ასევე ელექტრონული სწავლებისათვის (e Learning) – 3 მილიონი და ერთიან საგანმანათლებლო ქსელში ჩართული დაწესებულებების ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფისათვის- 5 მილიონ 700 ათასი ლარი.
უმაღლესი განათლების მიმართულების დაფინანსება, როგორც ჩანს, დაახლოებით 13 მილიონითაა გაზრდილი, შესაბამისად, საგრძნობი მატებაა მისი ზოგიერთი ქვეკატეგორიის დაფინანსებაშიც. მაგალითად, სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტებისა და ახალგაზრდების წახალისებისათვის 103 მილიონის ნაცვლად ახლა 110 მილიონია გამოყოფილი.
ამ მიმართულებაშიც არის მუხლები, რომლებიც ბიუჯეტის წინა პროექტში საერთოდ არ ფიგურირებდა, ახლა კი საკმაოდ მსუყე დაფინანსება აქვთ. მაგალითად სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 7 მილიონამდე ბიუჯეტით და პროექტი „ვისწავლოთ საქართველოში“ – 3 მილიონნახევრიანი დაფინანსებით (აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონალურ საგანმანათლებლო ცენტრად პოზიციონირებასა და უცხოელი სტუდენტების საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოზიდვას ისახავს მიზნად).
წინა პროექტში არც თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი (CEB, E5P) იყო გათვალისწინებული, ახლის მიხედვით კი სახელმწიფო ამისათვის 4 მილიონს დახარჯავს და არც მეცნიერების პოპულარიზაცია, რასაც 400 ათასი ლარი დაეთმობა.
თუმცა, საერთო ჯამში, მეცნიერების ხელშეწყობისათვის თანხები, როგორც პროექტიდან ჩანს, შემცირებულია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2017-2020 წლებისათვის“ აღნიშნულია, რომ საქართველოს ძლიერ, რეგიონალურ სამეცნიერო ცენტრად გადაქცევისთვის მხარდამჭერი ღონისძიებები განხორციელდება.
ბიუჯეტის ახალი პროექტის განხილვა საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მომდევნო კვირაში დაიწყება. განხილვების შედეგად მასში ცვლილება კიდევ შეიძლება შევიდეს. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 971.3 მლნ ლარს შეადგენდა.
განათლების სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა და 1 მილიარდ 116 მილიონით განისაზღვრა
თაკო არის© მათეშვილი
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება