„25 მილიონის დახარჯვის კვალობაზე, გამოყენებით კვლევებში რეალურ შედეგს ვერ ვხედავთ“
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში აცხადებს, რომ ფონდის მიერ გამოყენებითი კვლევებისთვის გაცემულ დაფინანსებას საპირწონე შედეგები არ აქვს.
როგორც ცნობილია, 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით მეცნიერებას დაფინანსება შეუმცირდა. მარინე ჩიტაშვილის თქმით, სამაგისტრო გრანტებთან ერთად აღარ დაფინანსდება გამოყენებითი კვლევები, თუმცა ეს არაფერს გამოიწვევს, ვინაიდან გამოყენებით კვლევებში ჩადებულ ფულს რეალური შედეგი არ მოუტანია.
„გამოყენებით კვლევებს რომ ვერ დავაფინანსებთ, ეს არაფერს არ გამოიწვევს. გამოყენებით კვლევებში საქართველოს 2011-2016 წლებში დახარჯული აქვს 20 მილიონი და სულ რომ არაფერი გავაკეთოთ, 5 მილიონის ვალდებულება კიდევ გვაქვს და 25 მილიონის დახარჯვის კვალობაზე, ჩვენ რეალურ შედეგს გამოყენებით კვლევებში ვერ ვხედავთ.
ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გამოყენებითი კვლევები არ გვინდა, არამედ სქემა, რომლის მიხედვითაც გამოყენებით კვლევებს უნდა ვაფინანსებდეთ, მოითხოვს სერიოზულ რევიზიას.
რადგან წელს თანხა არ არის, ასეთ შემთხვევაში ჯობია ერთი წელიწადი დავუთმოთ იმას, რომ სერიოზული რევიზია გავაკეთოთ და უკვე გაისად გამოვაცხადოთ გამოყენებით კვლევებზე კონკურსი. ადრე თუ გვიან გამოყენებით კვლევები, რომელიც არის პრინციპულად ზემოდან ქვემოთ კვლევები. სახელმწიფოს აქვს დაკვეთა და ამ დაკვეთის საფუძველზე უნდა განვითარდეს გამოყენებითი კვლევები“, – აღნიშნა მარინე ჩიტაშვილმა, თუმცა რა სახით უნდა მოხდეს გამოყენებითი კვლევების დაფინანსება ჯერ ფონდში ჩამოყალიბებულები არ არიან.
შეგახსენებთ, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციის მიხედვით, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტის შექმნას. კვლევას შედეგად უნდა მოჰყვეს ახალი, გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა სამრეწველო ნიმუშის, პროტოტიპის სახით და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება-სრულყოფა.
კონკურსი ორიენტირებულია კომერციულად ღირებული პროექტების შექმნაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებით კომერციული სექტორის დაინტერესებას, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების დაახლოებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდ 116 მილიონ 165 ათას ლარით განისაზღვრა. საიდანაც მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას 61 მილიონ 440 ათასი მოხმარდება, 2016 წელს კი მეცნიერების დაფინანსება 66, 528 მილიონი ლარი იყო.
-
განათლების სამინისტროს დაფინანსება 2027 წლის შეცვლილი ბიუჯეტით ყველა მიმართულებით გაზრდილია – თანხების ახალი განაწილება
by ARIS.GE-განათლება
-
სექტემბრიდან საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი გაორმაგდება – რა წერია 2027 წლის ბიუჯეტის ახალ ვერსიაში
by ARIS.GE-განათლება
-
რას ითხოვს განათლების მიმართულებით საქართველოსგან ევროკომისიის ანგარიში – დეტალები დოკუმენტიდან
by ARIS.GE-განათლება