პრემიერისა და სტუდენტების შეხვედრა დასრულდა
პრემიერ-მინისტრისა და “აუდიტორია 115”-ის წევრების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პრემიერმა სტუდენტებს შესთავაზა შექმნან 7 კაციანი ჯგუფი, რათა სამუშაო გარემოში განიხილონ არსებული პრობლემები.
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შემდეგ კვირას ჩაინიშნა შეხვედრა, შედგება რამდენიმეკაციანი ჯგუფი იმისთვის, რომ იმსჯელონ პრობლემების გადაჭრაზე.
მან ასევე ისაუბრა თვითმმართველობაზე და განაცხადა, რომ ის აღარ უნდა არსებობდეს იმ ფორმით რა ფორმითაც არსებობს ახლა.
„სტუდენტური პროტესტი არ არის უცხო რამ. სამწუხაროა, რომ სასწავლო პროცესი არის შეჩერებული ზოგიერთ კორპუსში. მე ვთხოვე, შეწყვიტონ პროტესტი და გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან იმაზე, რაზეც ვისაუბრე. თუ ისინი გაიზიარებენ ჩვენ თხოვნას, ძალიან კარგი იქნება“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ის შეხვდა რექტორის მოვალეობის შემსრულებელსაც და მცირეხნიან შეხვედრაზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
რაც შეეხება სტუდენტების პოზიციას, როგორც “აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთ წევრმა გიორგი ჩიხლაძემ განაცხადა, პრემიერი სტუდენტების მოთხოვნებსა და პათოსს, სრულად ეთანხმება და იზიარებს.
მისი თქმით, სტუდენტები განათლების სამინსიტრომ მოატყუა, როდესაც პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, შედეგად კი ცვლილებების ნაცვლად, დროში გაწელილი სიტუაცია და მუხტის დავარდნა მიიღეს.
“პრემიერთან შეხვედრა, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე დავაყენეთ თვითმმართველობის საკითხი, რექტორის არჩევის წესის საკითხი, აკადემიურ საბჭოსთან დაკავშირებული საკითხები და ყველაზე მთავარი, გარე რეფერირების საკითხის რეგულირება. შემოგვთავაზა 7 კაციანი ფორმატი, სადაც შევხვდებოდით სამუშაო გარემოში და მოხდებოდა ამ საკითხების განხილვა. პრემიერმა გვითხრა, რომ აბსოლუტურად იზიარებს ჩვენს პათოსს, ყველა საკითხში. თვითმმართველობაზე თვლის, რომ ეს სტრუქტურა ამ ფორმით არ უნდა არსებობდეს. არის საჭირო აკადემიური საბჭოს რეოგანიზება, საჭიროა წევრთა გაზრდა, რათა არ მოხდეს მათი კონტროლი და არ იქცეს იმ კლანის რებრენდინგად, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში. პრემიერი გვეთანხმება გარე რეფერირების საკითხებშიც”,- განაცხადა გიორგი ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, სწორედ სტუდენტების მოთხოვნა იყო ის, რომ შეხვედრა დახურული ყოფილიყო.
პრემიერ-მინისტრი სტუდენტებთან შესახვედრად თსუ მე–6 კორპუსში მივიდა
თსუ-ის მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
წყარო: PIa.ge