GE

დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები

“ქართველი ქალის მდგომარეობა ოჯახში და საზოგადოებაში დიდად განსხვავდება ყველა სხვა ერის ქალის მდგომარეობიდან. მისი როლი, მისი სახელი, მისდამი პატივისცემა მამაკაცებისაგან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა”.

ნ. ჟორდანია

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, EDU.ARIS.GE გიზიარებთ ამონარიდს პუბლიკაციიდან “გამოჩენილი ქართველი ქალები” – დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები

დარეჯან დედოფალი, ერეკლე II-ის მეუღლე, და მისი ღირსეული ქალები ქეთევანი, მარიამი და თეკლა თავიდანვე ანტირუსული განწყობილებისანი იყვნენ.

დარეჯან დედოფალი იყო ასული სამეგრელოს მთავრის გიორგი დადიანისა. იგი დაიბადა 1735 წლის 20 ივლისს. დარეჯანი იყო მეფე ერეკლეს მესამე ცოლი. მათ ეყოლათ 8 ვაჟი და 6 ასული. დედოფალი თავიდანვე მტრულად უყურებდა ერეკლეს რუსეთთან დაახლოებას. ერეკლეს მიერ რუსეთისაკენ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ იწყება დედოფალ დარეჯანის უშუალოდ ჩარევა სამეფო საქმეებში, რაც დროთა განმავლობაში უფრო აქტიური ხდებოდა. ჯერ კიდევ 1770 წელს ასპინძის ბრძოლის წინ დაინახა დარეჯანმა რუსეთის დიპლომატიის ნამდვილი სახე და რუსეთის “დახმარება-მფარველობის” არა რა სწამდა. არა მარტო ერეკლეს ვაჟები და ქალები, არამედ მრავალი სახელოვანი და გავლენიანი პირი მიემხრო დედოფალს და მეფის სასახლეშივე გაჩნდა პირველი ანტირუსული მოძრაობა. დარეჯან დედოფალი და მისი მომხრეები ბოლოს მაინც ვერას გახდნენ და 1783 წ. 24 ივნისს ქ. გეორგიევსკში მოეწერა ხელი ცნობილ ტრაქტატს რუსეთ-საქართველოს შორის. 1795 წლის სექტემბერში თბილისში აღა-მახმად-ხანი შემოიჭრა. რუსეთი საქართველოს ამჯერადაც არ დაეხმარა. სპარსეთმა საქართველო დაარბია და უამრავი ტყვე წაასხა.

1798 წლის 11 იანვარს ივერიის მზე ჩაესვენა, გარდაიცვალა ერეკლე მეფე. ბატონიშვილმა გიორგიმ ისარგებლა ამ მომენტით და სამეფო ფუნქციები ხელთ აიღო. ქვეყანა სუსტ და უძლურ გიორგის ხელიდან ეცლებოდა. 1800 წლის 28 დეკემბერს მეფე გიორგი გარდაიცვალა და სამეფოს გადარჩენის იმედებიც თან წაიღო.

საუბედუროდ, გამართლდა დარეჯანის წინათგრძნობა. 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, ქართლ-კახეთის სამეფოს გააუქმების შესახებ. საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. რუსეთის სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმის დამყარებამ ქართველი ერი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, რასაც მოჰყვა 1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა კახეთში და 1804 წლის მთიულეთის აჯანყება.

სამეფოს გადასარჩენად ყველამ დარეჯანის გარშემო მოიყარა თავი. დედოფალი ტახტის აღდგენას და მანიფესტის გაუქმებას მოითხოვდა. ბაგრატიონთა შორის უთანხმოების მოსპობამ საგონებელში ჩააგდო რუსეთი და გადაწყვიტეს დედოფალი დარეჯანი და ბაგრატიონები საჩქაროდ მოეშორებინათ საქართველოდან … ხელმწიფე მათ რუსეთში გადასახლებას ითხოვდა და საქვეყნოდ ამას “სადარბაზოდ მიწვევას” არქმევდა.

1803 წლის ნოემბერში დარეჯან დედოფალი რუსეთში გადაასახლეს. საქართველოს საზღვრამდე აცილებდა ხალხი ჯარით გარშემორტყმულ საყვარელ დედოფალს. საქართველო მისტიროდა მართლაც უკანასკნელ დედოფალს, რომელიც იძულებით და ამაყად სტოვებდა საყვარელ სამშობლოს.

დარეჯან დედოფალი გარდაიცვალა 1807 წლის 8 ნოემბერს პეტერბურგში და დაკრძალეს ნევის მონასტერში, ხარების ეკლესიაში.

დარეჯანის გადასახლების შემდეგ მისმა ქალიშვილებმა და რძლებმა გააგრძელეს ანტირუსული მოღვაწეობა.

ქეთევან ბატონიშვილი – იოანე მუხრან-ბატონის ქვრივი თავის ვაჟ კონსტანტინესთან ერთად დიდ მონაწილეობას იღებდა 1804 წელის ქართლის მთიანეთის აჯანყებაში. ქეთევანის პირადი მსახური ყოფილა შიკრიკი და საიმედო პირი ამ შეთქმულებისას.

1805 წლის იანვარში აჯანყება ცეცხლითა და მახვილით ჩააქრეს. 1804 წლის აჯანყების გმირები იულონი და ფარნაოზი სხვა ბატონიშვილებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. ქეთევანი თავის სასახლეში დააპატიმრეს. რუსეთისათვის ნათელი იყო, რომ ქეთევანმა ბევრი რამ იცოდა 1802 წლისა და 1804 წლის შეთქმულებათა შესახებ. მის გამოსატეხად უსასტიკესი ზომები მიიღეს, მაგრამ მათ ქეთევანი ვერ გასტეხეს და რუსეთში გადასახლებით დაუწყეს წამება. სწორედ ამ პატიმრობის ხანას უნდა ეკუთვნოდეს ბატონიშვილ ქეთევანის მრავალ-მხრივ შესანიშნავი ლექსი – “ჰოი ვითარ ვსთქვა”.

ქეთევან ბატონიშვილის პატიმრობისას აღმოხეთქილ კვნესას ყველაზე უწინ გამოეხმაურა თეკლა ბატონიშვილი, მეფე ერეკლეს ყველაზე უმცროსი ქალი, განთქმული შეუდარებელი სიკეკლუცე-სილამაზესთან ერთად, თავისი ვაჟური მხნეობით, შემძლეობითა და უცნაური სითამამით; საუცხოო მონადირე, ცხენზე მოჯირითე და მკვირცხლი ბუნების. თვითონ ერეკლე “ვაჟკაცს” ეძახდა, 16 წლამდე ვაჟურად ჰყოლია ჩაცმული და ხშირად უტარებია მოგზაურობის თუ ლაშქრობის დროს. მას სამი ვაჟი ჰყავდა: ცნობილი პოეტი ვახტანგ ორბელიანი, ისტორიკოსი ალექსანდრე და დიმიტრი.

თეკლა თავის ლექსში “პასუხად ქეთევან ბატონიშვილს”, კიდევ უფრო ცხოვლად და მუქი ფერებით გადმოგვცემს თავისი დის ტყვეობის ამბავს, მტრების სისინს და მისი დის გლოვის მიზეზს. მაგრამ ის მაინც არ სთვლის საქმეს წაგებულად და ქეთევანისებურ უსაზღვრო პესიმიზმს არ ეძლევა. (უკვე ჭაღარა მოსილი თეკლა ბატონიშვილი 1832 წლის შეთქმულებაშიც მონაწილეობდა თავის სახელოვან შვილებთან ერთად).

სამშობლოს დიდების დაცემით გამოწვეული პესიმიზმი ქეთევანის მეორე დას ბატონიშვილ მარიამს უფრო ენათესავება, ვიდრე თეკლას. მარიამი იყო მეუღლე ქალაქის მოურავის დავით ციციშვილისა, ჰყავდა ოთხი ვაჟი. მარიამი ყოფილა ძალიან ნიჭიერი, დიდად დახელოვნებული საღმრთო წერილში, პოეტი, მუსიკოსი; უყვარდა მხიარულება, მაგრამ სამეფო სახლის რუსეთში გადასახლების შემდეგ ყოველივე მხიარულება დაივიწყა, წავიდა თავის სოფელ ქარელში, სწერდა სამგლოვიარო ლექსებს, იყო ლოცვაში და ღვთის ვედრებაში.

1804 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს დადგენილებით ქართული სამეფო სახლის მამულები გადაირიცხა ხაზინის სასარგებლოდ. ბაგრატიონთა სასახლეებში რუსი მოხელეები მოკალათდნენ, მამულების შემოსავლით რუსულ ხაზინას ავსებდნენ, ბაგრატიონები კი უსაზღვრო მატერიალურ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. მაგრამ ბატონიშვილებში არ აღმოჩენილა არც ერთი, რომელიც “ოქროს მთებსა” და “ფუფუნებას” დახარბდებოდა, არცერთი იმათგანი რუსეთს ნებით არ დამორჩილებია და რუსეთში ნებით არ წასულა.

1832 წლის შეთქმულება

XIX საუკუნის დამდეგს დაწყებული ეროვნული მოძრაობის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა 1832 წლის შეთქმულება, რომლის სულისჩამდგმენელნი იყვნენ რუსეთში გადასახლებული ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები. ამ შეთქმულებაში მამაკაცებთან ერთად მონაწილეობდა მრავალი ქალი, მათ შორის გამორჩეულია მეფე ერეკლეს შვილიშვილი ბატონიშვილი თამარი.

1805 წელს თამარის მამა იულონ ბატონიშვილი ცოლშვილით რუსეთში, კერძოდ ტულაში გადაასახლეს. კარგა ხნის შემდეგ მათ ნება დართეს პეტერბურგში ცხოვრებისა, საიდანაც თამარმა მოახერხა თავის დაღწევა და თბილისში დაბრუნება.

1832 წლის შეთქმულებაში ბატონიშვილი თამარი არა მარტო ორგანიზატორი და ინფორმატორი იყო, არამედ მას ინსტრუქციებიც კი შეუმუშავებია შექმულთა მთავარი შტაბისათვის; მის ხელთ იყო ყველა ძალები და საჭირო განკარგულებებსაც და გეგმებს ის იძლეოდა.

შეთქმულების მონაწილეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი დედოფლად გამოცხადება, თუმცა თამარს აზრად ჰქონდა დროებით აეღო ხელში საქართველოს მართვა-გამგეობა, ვიდრე ალექსანდრე ბატონიშვილი სპარსეთიდან ან თამარის ძმა, დიმიტრი პეტერბურგიდან ჩამოვიდოდა.

შეთქმულთა აჯანყება 1831 წლისათვის ჰქონდათ განზრახული – პოლონეთის აჯანყებასთან და მთის ბრძოლებთან დაკავშირებით, მაგრამ ვარშავის დაცემამ გამოიწვია აჯანყების ერთი წლით გადაწევა. თამარი დიპლომატიურ-ორგანიზაციულ მუშაობას განაგრძობდა.

თამარის მიერ დამტკიცებული მოქმედების გეგმის თანახმად (გეგმას ერქვა “პირველი ღამის განკარგულება”) 1832 წლის 20 დეკემბრის ღამის 1 საათზე თბილისის ზარებს უნდა ემცნოთ ქართველი ერის აღდგომა … არსენალი, ხაზინა, სამხედრო პოსტები, ყველაფერი ერთბაშად უნდა დაეკავებინათ. აჯანყებულთა ერთ ნაწილს ევალებოდა თბილისში ღვთისმშობლის ხატებით ხელში ხალხის გამოყვანა. კიდევ ცოტაც, და თამარს სიონში შეიძლება დედოფლის გვირგვინი დაედგა და დარიალიც სამუდამოდ ჩაკეტილიყო.

1832 წლის 9 დეკემბერს შეთქმულთა აქტიურიმა წევრმა, თბილისის გუბერნატორის ძმა იესე ფალავანდიშვილმა ძმის კატეგორიული მოთხოვნით შეთქმულება გასცა და ყველაფერი დაიღუპა.

ყველა პატიმარი გააფთრებით იცავდა და ხელს აფარებდა ამ უგვირგვინო დედოფალს, მაგრამ 1833 წლის 24 თებერვალს თამარი დაიჭირეს და შორეულ სიმბირსკში გადაასახლეს.

1832 წლის შეთქმულება გახდა სტიმულის მიმცემი შემდგომი ეპოქის დიდი ეროვნული მოძრაობისა.

მეორე თვალსაჩინო წევრი შეთქმულთა იყო მამიდა თამარისა თეკლა ბატონიშვილი, სახელოვანი ქალი მეფე ერეკლესი, პოეტი და მწიგნობარი, სიბრძნითა და სათნოებით შემკული, ამასთან საკვირველი მხნე და გამჭრიახი, სამაგალითო დედა და უფრო შესანიშნავი დედაკაცი.

თეკლა იყო იდეური ხელმძღვანელი ამ შეთქმულებისა თამართან ერთად და არც მისი შვილები და არც დიმიტრი და ელიზბარ ერისთავები უმისოდ არც ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს არა სდგამდნენ. თეკლა, როგორც საქართველოს ამბოხებებში მრავალჯერ გამოცდილი და მოწამე რუსთა უსასტიკეს ეგზეკუციებისა, საქმეში ყველაზე მეტ სიფრთხილეს იჩენდა.

რუსეთის რისხვა ამ მოხუც დედასაც არ ასცდა და თავის შვილებთან ერთად ისიც კალუგაში გადაასახლეს. 1837 წელს პეტერბურგის ქართველთა საზოგადოების დიდი ხვეწნით ნიკოლოზ I-მა მოხუც თეკლას საქართველოში დაბრუნების ნება მისცა. აოხრებული, უსახო საქართველოს გამო, დარჩენილი 10 წელი თეკლამ მწარე ვაებაში გაატარა.

ბატონიშვილი რიფსიმე, გიორგი მეფის ასული, მეუღლე დიმიტრი ჩოლოყაშვილისა. რიფსიმეს არ შეეძლო ახლო მონაწილეობა არ მიეღო შეთქმულებაში, სადაც მისი ძმა ოქროპირი მთავარი ხელმძღვანელი იყო შეთქმულთა, ხოლო მისი შვილი კაპიტანი ზაქარია, შეთქმულების ერთ-ერთ ემისარად და “კავშირად” ითვლებოდა აჯანყებულებთან.

ბატონიშვილი სალომე, ასული 1804 წლის მთიულეთის დიდი ამბოხების გმირის, ფარნაოზისა. 1805 წელს ფარნაოზი ოჯახითურთ ვორონეჟში გადაასახლეს და პატარა სალომემ თამარის მსგავსად ბავშვობიდანვე იგრძნო სუსხი მაშინდელი რუსეთის “მფარველობისა”. შეთქმულების წლებში იგი პეტერბურგში ცხოვრობდა და იქაურ ქართველ ქალთა შორი ყველაზე აქტიური იყო. მას გვერდში ედგა მისი მამა, ერეკლეს ძე ფარნაოზი, რუსეთის მთავრობასთან წარმოებულ ბრძოლათა დაუცხრომელი ბელადი.

ოქროპირ ბატონიშვილის და. ეს ქალი შეთქმულთა პირველ უჯრედის წევრი ყოფილა ჯერ კიდევ 1827 წელს.

სამეგრელოს დედოფალი ნინო, გრიგოლ დადიანის მეუღლე, ერეკლე მეფის შვილის, გიორგი მეფის ასული. 1804 წელს ის სამეგრელოს დედოფლად იქნა გამოცხადებული. თავიდან იგი ერეკლეს მსგავსად ლოიალურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ. 1810 წელს შავი ზღვის რუსული ფლოტის დახმარებით აფხაზეთი და ფოთი კვლავ სამეგრელოს დაუკავშირა და ძველი სამეგრელოს სამთავროს საზღვრები თითქმის სულ აღადგინა. მაგრამ იმერეთის მეფე სოლომონის საბოლოო დამარცხების შემდეგ, რუსეთმა სამეგრელოს სამთავროც გააუქმა. დედოფალმა ნინომ უარყოფითი განაჩენი გამოუტანა თავისი მოღვაწეობის პირველ პერიოდს. მან დაინახა, რომ რუსეთი მტკიცედ და თანდათანობით ატარებდა საქართველოს ყველა კუთხეების შეერთებისა და პროვინციად გარდაქმნის პოლიტიკას და ყველანაირად ცდილობდა თავისი შეცდომის გამოსწორებას. რუსთა მიერ განგვირგვინებული, ვორონეჟის მონასტერში ძალად მოთავსებული დედოფალი 1847 წელს გარდაიცვალა.

ბატონიშვილი ქეთევან, ერეკლეს ასული, თეკლას და – რომელიც ადრევე ჩაება რუსთა ბატონობის საწინააღმდეგო ბრძოლებში.

თეკლა ბატონიშვილის რძალი ეკატერინე დავითის ასული ბარათაშვილი, ალექსანდრე ორბელიანის მეუღლე. ის იყო არა მარტო ღირსეული მეუღლე და დედა, არამედ ღრმა პატრიოტი ქალი. მას პატივი დასდეს და მიანდეს ამბოხებისათვის საგანგებო დროშის დამზადება.

სოლომონ დოდაშვილის მეუღლე. 1833 წელს დოდაშვილი გადაასახლეს და მისმა ცოლმა ნება ითხოვა, რათა ქმარს შვილებითურთ გაჰყოლოდა ვიატკაში.

მელანია შანშეს ასული ერისთავი, დიმიტრი და ელიზბარ ერისთავების და. იგი იყო თბილისის პოლიცმეისტერ ანდრია იაკობის ძე მელნიკოვის მეუღლე. მელანია თავიდანვე ჩართული იყო შეთქმულებაში და მისი ოჯახი მოქმედ შტაბ-ბინად გადაიქცა. სწორედ ამ ქალის გავლენით მისი უკრაინელი ქმარიც მალე გაერია ქართულ შეთქმულებაში და მეთაურთ ხელსაც უწყობდა.

მანანა ორბელიანი, მაშინდელი მოწინავე საზოგადოების თვალსაჩინო წევრი და ქართველ ქალებში თითქმის ყველაზე წარმტაცი და საინტერესო პიროვნება. იგი თბილისის შეთქმულთა წევრი ყოფილა. ეს ქალი მაშინდელ და შემდეგ ათეულ წლების შავბნელით მოცულ საქართველოს სინამდვილეში, მართლაც შუქურ ვარსკვლავად მოსჩანს და ტყუილად კი არ აუმღერებია მაშინდელი პოეტები. მანანა მაშინდელ ქართველ ქალებში არა მარტო საუცხოო სილამაზით გამოირჩეოდა, არამედ ჭკუით, სიმახვილით და იშვიათი გემოვნებით. იონა მეუნარგიამ მას სამართლიანად უწოდა საქართველოს მადამ რეკამიე. იმ საშინელი რეაქციის შემდეგ, რაც მოჰყვა 1832 წლის შეთქმულებას, მანანა ორბელიანი იყო დამარცხებულთა და დევნილთა ნუგეში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური