GE

2027 წლის აბიტურიენტებს სრულიად ახალი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ

2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტებს ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევის შესაძლებლობა ექნებათ – „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის შექმნის მიზანი საპოლიციო განათლების განვითარებაა.

ახალი საბაკალავრო პროგრამის კონცეფცია, სწავლების ძირითადი მიმართულებები, მიღების პირობები და სტუდენტებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობები უკვე დამტკიცებულია.

საქართველოში პირველად შეიქმნა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უშუალოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებაზეა ორიენტირებული. სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა და აკადემიურ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ მომზადებასაც ითვალისწინებს.

20 ოქტომბერს გამართულ პროგრამის პრეზენტაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ისაუბრეს საპოლიციო განათლების განვითარების მნიშვნელობაზე, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვაზე.

“ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სწავლის სრულ დაფინანსებაზე, სტუდენტებისთვის შექმნილ თანამედროვე სასწავლო გარემოზე, პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობებსა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების პერსპექტივებზე.
ახალი საბაკალავრო პროგრამის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საპოლიციო განათლების განვითარების, პროფესიონალი კადრების მომზადებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბების მიმართულებით”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური