ცნობილია, როგორ მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები საბაზო დაფინანსებას ელექტრონული სისტემის ამოქმედებამდე – დადგენილება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 25 ნოემბერს ხელმოწერილი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების წესში ცვლილება შევიდა.
კერძოდ კი, მთავრობამ განსაზღვრა გარდამავალი მექანიზმი, თუ როგორ ჩაირიცხება თანხები უმაღლეს სასწავლებლებში, სანამ უნივერსიტეტების დაფინანსების მართვის სპეციალური ელექტრონული სისტემა სრულად ამოქმედდება, რათა უნივერსიტეტებმა საბაზო დაფინანსება შეუფერხებლად მიიღონ.
ცვლილების თანახმად, იქამდე, ვიდრე უმაღლესი განათლების დაფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების წესი ოფიციალურად დამტკიცდება, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება, უნივერსიტეტებისთვის საბაზო დაფინანსება გამარტივებული წესით თავად გაიანგარიშოს და გადარიცხოს.
დაფინანსების გაანგარიშებისა და გადარიცხვის წესს განათლების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგენს, ხოლო გადასარიცხი თანხის ოდენობა განისაზღვრება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება უკვე ძალაშია.
2026 წლის ივლისში დამტკიცებული დაფინანსების ახალი მოდელის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასური ორ ნაწილად იყოფა – 50%-იან გარანტირებულ საბაზო დაფინანსებად, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტზე სწავლის ბოლომდე უპირობოდ იღებს და 50%-იან დამსახურებაზე დაფუძნებულ დაფინანსებად რომელიც მესამე სემესტრიდან სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზეა დამოკიდებული.
ნოემბრის დადგენილებით სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის წესი უცვლელი დარჩა და 2027 წლის 1 იანვრამდე პირველი სემესტრის საბაზო ღირებულება კვლავ 1125 ლარით განისაზღვრება, ხოლო 2027 წლის 1 იანვრიდან კი, მეორე და შემდგომი სემესტრებისთვის ამოქმედდება პროგრამების მიხედვით დიფერენცირებული ახალი ტარიფები (წლიურად 2500-დან 3500 ლარამდე ბაკალავრიატზე), რომელსაც სრულად დაფარავს სახელმწიფო იმ სტუდენტებისთვის, ვინც სემესტრში მინიმუმ 24 კრედიტს დააგროვებს.
ამავე თემაზე:
რამდენი იქნება უნივერსიტეტების შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება? – ინტერვიუ თამარ სანიკიძესთან
-
ეს უნდა იცოდეთ, როცა მუშაობას სკოლაში იწყებთ, ან უკვე თანამშრომელი ხართ – ვალდებულებები ყველა მხარისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტებს AI-სგან თავის დასაცავად აუდიტორიაში ჩატარებული გამოცდების დაბრუნებას სთხოვენ – ბრიტანეთის მაგალითი
by ARIS.GE-განათლება
-
ქართულ უნივერსიტეტებს საზღვარგარეთ ფილიალების გახსნის უფლება ექნებათ – როგორი იქნება პირობები
by ARIS.GE-განათლება
