GE

აბიტურიენტებისთვის ალტერბრიჯი უპრეცედენტო სოციალურ კამპანიას იწყებს

მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო აბიტურიენტებს უპრეცედენტო სოციალურ კამპანიას სთავაზობს.

მხოლოდ 2020 წლის მიღებაზე, მხოლოდ 60 აბიტურიენტი, რომელიც პირველ ნომრად აირჩევს ალტერბრიჯის საზოგადოებრივი ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამას – ალტერბრიჯისგან 4 წლის განმავლობაში მიიღებს დაფინანსებას სახელმწიფო 100%-იანი გრანტის ოდენობით.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი და დამფუძნებელი, ნათია გოცაძე აღნიშნავს, გადაწყვეტილება უნივერსიტეტის საბჭომ ქვეყანაში COVID-19-ის გამო გაჩენილი კრიზისის გამო მიიღო.

„ჩვენ დავაფინანსებთ 60 სტუდენტს, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში პირველ ნომრად აირჩევს ალტერბრიჯის საბაკალავრო პროგრამას ნომრით 198 “, – განაცხადა რექტორმა.

დაფინანსება გულისხმობს 100%-იანი სახელმწიფო გრანტის, 2250 ლარის სრულ ოდენობას 4 წლის განმავლობაში, რაც სტუდენტისთვის ჯამურად 9 000 ლარის შეღავათი იქნება.
2020 წელს  საერთაშორისო სტანდარტებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილმა  ახალმა უნივერსიტეტმა მომავალ სტუდენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები კომუნიკაციების სფეროში შესთავაზა.

საბაკალავრო საფეხურის პროგრამა მოიცავს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ხოლო – სამაგისტრო პროგრამა კი – სტრატეგიულ კომუნიკაციებს.

„ალტერბრიჯს“ 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია გააჩნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო სფეროს კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი და მრავალმხრივი შესაძლებლობების უნივერსიტეტი შეემატა.

უნივერსიტეტი ეკოლოგიურ და უსაფრთხო გარემოში, ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. ლოფტის ტიპის დიზაინით დაგეგმარებული შენობის სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა კომფორტულ და თავისუფალ გარემოში იმეცადინონ და მიიღონ საჭირო ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარები.

როგორც უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, ნათია გოცაძე აღნიშნავს, „ალტერბრიჯს“ აქვს ამბიცია, რომ მათი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ქვეყანაში PR-ს ახალ და უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე აიყვანს.

„ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან კომუნიკაციის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების, ნეიროლინგვისტური პროგრამირების უნარები, რომლებიც  მზად იქნებიან, შექმნან სწორი კონტენტი და მოარგონ ის საზოგადოებრივ ინტერესებს“, – აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.

სტუდენტები ცოდნას ქართველი და უცხოელი საუკეთესო პროფესორებისგან და უშუალოდ პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან მიიღებენ.

გოცაძის თქმით, უნივერსიტეტში თეორია და პრაქტიკა დაბალანსებული იქნება, რადგან უმაღლესი სასწავლებლის მიზანია, მოამზადოს სტუდენტები რეალურ ცხოვრებასთან, რეალურ სამსახურთან შესახვედრად.

სწორედ ამიტომაც, სტუდენტების სტაჟირებისთვის მისაღებად უკვე მობილიზებულია ქვეყნის წამყვანი კომპანიები: მედიასაშუალებები, სარეკლამო სააგენტოები, მსხვილი კომპანიები თუ საჯარო უწყებები.

კვლევითი პროექტები, საჯარო შეხვედრები, სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და ფორუმები, პრაქტიკული სამუშაოები  – ესაა იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.

„ალტერბრიჯი“ „PR აკადემიამ“ არაფორმალური განათლების სფეროში 7-წლიანი ფუნქციონირების შემდეგ დააფუძნა. კომუნიკაციების მიმართულებით სწავლების საუკეთესო პრაქტიკამ და მიღებულმა კომპეტენციამ „PR აკადემიის“ დამფუძნებლები დაარწმუნა, რომ უნივერსიტეტის შექმნა და აკადემიური განათლების მიცემა აღნიშნულ სფეროში კიდევ ერთი, ახალი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ქვეყანაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის განსავითარებლად.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური