„ასეთ დღეში ვართ, ვერ ვასწავლით შვილებს, არ გვაქვს ინტერნეტი!“ – შიდა ქართლის 65 სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, შიდა ქართლის 65 სკოლაში სასწავლო პროცესი შენობებში აღარ მიმდინარეობს. აქედან, სწავლა შეწყვეტილია გორის მუნიციპალიტეტის 31, კასპის მუნიციპალიტეტის 14, ხაშურის მუნიციპალიტეტში 16, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტის 4 სკოლაში. ყველა მათგანში ინფიცირებულები პედაგოგები არიან.
,,თუ ხდება სკოლაში ინფიცირებულის გამოვლენა ამ დროს გადაგვყავს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. რეგიონის მასშტაბით სკოლების ოცი პროცენტია აღნიშნულ მოდელზე გადასული“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.
დისტანციური სწავლების რეჟიმი პრობლემებს უქმნის ისეთ მოსწავლეებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ და ჩასართავად არც თანხა გააჩნიათ. ასეთი ოჯახები შიდა ქართლში არც თუ ისე ცოტაა. მშობლები ამბობენ, რომ ასეთ დროს მათი შვილები განათლების მიღმა რჩებიან.
,,ინტერნეტი არ მაქვს. გაკვეთილებზე ვერ შევდივარ და განათლებას ვერ ვიღებ. მინდა სწავლა, მაგრამ ვერ ვახერხებ“, – გვითხრა სოფელ შინდისში მცხოვრებმა ბარბარე მთიულიშვილმა.
,,ასეთ დღეში ვართ. ვერ ვასწავლით შვილებს. არ გვაქვს ინტერნეტი და არც თანხა გვაქვს, რომ შემოვიყვანოთ სახლებში ინტერნეტი. რთულია ასე სწავლა. რთული ცხოვრება გვაქვს“, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი სალომე მიქელაძე.
მოსწავლეებს კი, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ და ონლაინ სწავლებაზე დასწრებას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებენ, რესურსცენტრებში ურჩევენ, რომ ტელესკოლის პროგრამით ისარგებლონ.
,,გვაქვს სირთულეები. არის სოფლები, სადაც არ არის ინტერნეტი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არსებობს ტელესკოლა“, – ამბობენ კასპის რესურსცენტრში.
,,პირისპირ სწავლას რა თქმა უნდა არაფერი არ სჯობია, მაგრამ, როცა არჩევანზეა საქმე ჯანმრთელობა თუ პირისპირ სწავლა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობაა უპირველესი“, – ამბობენ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 3 768 შემთხვევიდან 165 ფაქტი შიდა ქართლში დაფიქსირდა. გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ დისტანციური სწავლების მოდელს სხვა სკოლებიც შეუერთდებიან.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19