GE

კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით ცვლილებები შევიდა, რომელიც ზაფხულის გამოცდებში მონაწილე პირებს ეხებათ.

პირველ ივლისს ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აპლიკანტებს, რომლებსაც დაუდასტურდებათ კორონავირუსი, გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავლენ.

„ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი (შემდგომში – გამოსაცდელი), რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 7-დღიანი ვადის გასვლამდე“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებაში.

რა შემთხვევაში დაინიშნება 2022 წლის აპლიკანტებისთვის დამატებითი გამოცდა

ამავე დოკუმენტის თანახმად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება ექნება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან ინფორმაცია გამოითხოვოს იმ აპლიკანტებზე, რომლებიც გამოცდას კორონავირუსის ინფექციის გამო ვერ დაესწრნენ.

„სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ელექტრონული ფორმით მიიღოს ინფორმაცია იმ გამოსაცდელების შესახებ, რომელთაც დაუდასტურდათ COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 7 დღის განმავლობაში. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეშვეობით“, – ვკითხულობთ დადგენილებაში.

მიღებულ ინფორმაციას გამოცდების ცენტრი ერთი წლის ვადით შეინახავს.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 4 ივლისს დაიწყება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური