GE

ავტორიზაციის მიზნით, საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სახელმწიფო სისტემაში სავალდებულო რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა

სამომავლო ავტორიზაციის მიზნით, 2022 წლის 1 ივლისიდან იწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.

ყველა საჯარო და კერძო ბაღს ჯერ ერთ ბაზაში რეგისტრაცია მოუწევს და შემდეგ ავტორიზაცია – კანონი დამტკიცდა

შესაბამისი კანონი პარლამენტმა დაამტკიცა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დღეს, 17 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ უწყება 2022 წლიდან ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმას იწყებს, რომელიც აღნიშნულ სფეროში მოქმედი დაწესებულებების ავტორიზაციას და ამ მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს. რეფორმის შედეგად, 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციის პროცესს.

რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებისთვის, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე:

  • საქმიანობდა როგორც ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულება ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება;
  • ახორციელებდა სასკოლო მზაობის პროგრამას.

“რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლების საფუძველს, ვიდრე დაწესებულება გაივლის ავტორიზაციას კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ამასთან, რეგისტრაციის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველი ერთიანი ბაზა შეიქმნება”, – წერს განათლების სამინისტრო.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე.

რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელი ხაზის – +995 322 200 220 ან ოფიციალური გვერდის მეშვეობით.

“აღსანიშნავია, რომ ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა და თითოეული ბავშვის სკოლისათვის მომზადების უზრუნველყოფის მხარდაჭერა წარმოადგენს. აღნიშნული რეფორმის შედეგად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სისტემაში შესვლის პროცესი რეგულირებადი გახდება, კერძოდ, ყველა დაწესებულება, რომელიც გამოთქვამს მზაობას, დაიწყოს საქმიანობა აღნიშნულ სფეროში, დაექვემდებარება სავალდებულო ავტორიზაციას, რაც მომსახურების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სისტემაში არსებული ინსტიტუციების მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული სერვისის მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში:

  • დაინერგება დაწესებულებების რეგულარული, ყოველწლიური თვითშეფასების პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, თითოეული ინსტიტუციის ჭრილში საკუთარი პრობლემებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებას და, მეორე მხრივ, სისტემის დონეზე შექმნის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დროულად იდენტიფიცირების შესაძლებლობას;
  • მნიშვნელოვნად გაიზრდება საგანმანათლებლო პროცესში მშობლების როლი და ჩართულობა. მშობელთა ჯგუფი იქნება დაწესებულების თვითშეფასების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე და მონაწილე;
  • შეიქმნება მხარდამჭერი სპეციალისტების გუნდი, რომელთა წევრებიც ინდივიდუალურად იმუშავებენ თითოეულ დაწესებულებასთან და დაეხმარებიან მათ შემდგომ განვითარებაში;
    შეიქმნება მართვის საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული ინფორმაციის ერთიან ფორმატში მოგროვებასა და დამუშავებას;
  • გაძლიერდება დაწესებულებების მართვასა და ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების შესაძლებლობები, რაც გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ უზრუნველყოფს პროცესების ეფექტიან დეცენტრალიზაციას”, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტრო: 2022-2023 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს „საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელო ექნებათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური