ბათუმში კორონავირუსი პედაგოგს დაუდგინდა, დაწყებულია გაფართოებული ეპიდკვლევა

ბათუმში კორონავირუსი პედაგოგს დაუფიქსირდა, რომელსაც შეხება ჰქონდა ორ სკოლასთან. მასწავლებლის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. მან ერთ-ერთ პოლიკლინიკას ტესტირების ჩასატარებლად თვითდინებით მიმართა, რის შემდეგაც კოვიდ-19 დაუდგინდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, პედაგოგს კონტაქტი ჰქონდა სხვა მასწავლებლებთანაც, რის გამოც გაფართოებული ეპიდკვლევა და ტესტირება მიმდინარეობს.
კოვიდ-19 დაუდგინდა ასევე ”ხოფის ბაზრობაზე” დასაქმებულ ერთ ადამიანს. ის ადრე ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია.
ნონა ეფაძის განცხადებით, ხვალ ბაზრობა არ გაიხსნება და იქ მედიკოსთა ჯგუფები ტესტირებას ჩაატარებენ.
”სკოლასთან დაკავშირებით ერთ-ერთი შემთხვევა არის პედაგოგი, რომელსაც შეხება ჰქონდა ორ სასწავლო დაწესებულებასთან და კოლეგებთან. დაგეგმილია მათი გაფართოებული ტესტირება”, – განაცხადა ნონა ეფაძემ.
წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი