„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედება 1 სექტემბრამდე გადაიდო
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედება სამი თვით გადაიდო და პირველი ივნისის ნაცვლად, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო არსებულ ვითარებას უკავშირდება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებთან, დონორებთან ერთად კოვიდინფექციის გამო, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგები, თუმცა ვინაიდან არ შეიძლება ადამიანების თავშეყრა, ახლო კონტაქტი, პრაქტიკული ნაწილი ვერ განხორციელდა.
„ჩვენ, პრაქტიკულად, მთელი სახელმწიფო უწყებები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობები ვიყავით მზად იმისთვის, რომ კოდექსი პირველი ივნისიდან ამოქმედებულიყო. როგორც იცით, კოდექსის მიდგომა არის, რომ ბავშვთან არც ერთმა იმ ადამიანმა არ უნდა იმუშაოს, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს.
ჩვენ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, დონორებთან ერთად კოვიდინფექციის გამო ონლაინ რეჟიმში ჩავატარეთ ტრენინგები, თუმცა ტრენინგებს ჰქონდა ასევე პრაქტიკული ნაწილი და იმ შეზღუდვების გამო, რომელიც არის ობიექტური გარემოებების გამო ქვეყანაში, რომ არ შეიძლება ადამიანების თავშეყრა, ახლო კონტაქტი და ა. შ. პრაქტიკული ნაწილი ფიზიკურად შეუძლებელი იყო რომ განგვეხორციელებინა.
ამიტომ ჩვენი შემოთავაზება არის, ამ პანდემიის გამო, პირველი ივნისის ნაცვლად პირველ სექტემბერს ავამოქმედოთ „ბავშვის უფლებათა კოდექსი“. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ობიექტურ მიზეზს გაგებით მოეკიდება“,- განაცხადა სოფო კილაძემ.
აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც.
„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცლილებების შეტანის შესახებ“, ეს ძალიან მნიშვნელივანი პაკეტი, რეფორმა დაამუშავა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ყველა სხვა მხარესთან ერთად, მისი ამოქმედება იგეგმებოდა ახლა, თუმცა კოვიდპანდემიის გამო ჩვენ გარკვეული ცვლილებები მოგვიწევს გრაფიკში“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის ბიურომ ვადის ცვლილებას მხარი დაუჭირა.
1tv.ge
- ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, დიდ დიღომში 73-ე საბავშვო ბაგა-ბაღი დროებით დაიხურა by ტელევიზია
- ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის ზოგიერთ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა by ტელევიზია
- ავსტრალია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს by ტელევიზია