„ბავშვის ყველა სავალდებულო აცრა უნდა ჩატარდეს, რომ სხვა ეპიდემიებმაც არ იფეთქოს“ – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მშობლებს, აქტიურად გააგრძელონ ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო შეფერხდა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული განაპირობა იმან, რომ რესურსები კოვიდის წინააღმდეგ იყო კონცენტრირებული.
„პანდემიის პერიოდშიც დიდი ყურადღება ექცეოდა ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამას. სულ ვეუბნებოდით მშობლებს, მაგრამ „დარჩი სახლში“ მოწოდების დროს, მშობელს ვერ მიყავდა ბავშვი პოლიკლინიკაში ასაცრელად. მაგრამ ახლა ეს აუცილებელია, იმუნიზაცია აუცილებელია, რათა სხვა ეპიდემიებმა არ იფეთქოს შემდეგ ქვეყანაში.ექიმთან კონსულტაციით უნდა განხორციელდეს ყველა სავალდებულო აცრა, რაც ბავშვს ეკუთვნის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება წითელას აცრას უნდა მიექცეს, რადგან წელს მხოლოდ 12 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც შარშანდელთან შედარებით ბევრად ნაკლებია.
„შარშან წითელა ჩავაქრეთ, წელს გვაქვს სულ 12 შემთხვევა, რომელიც არ არის ცუდი, შარშან გვქონდა რამდენიმე ათასი და ეს მოვახერხეთ იმით, რომ შარშან დამატებით 150 000 ავცერით, განსაკუთრებით მოზრდილი. წელს სულ 20 000-ია ექვს თვეში აცრილი. გვინდოდა სადღაც 50 000 დამატებითი აცრა, მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდმა წაიღო რესურსი და ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ახლა უნდა „დავქაჩოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში 10 საზოგადოებრივ-ჯანდაცვით სახელმწიფო პროგრამაზე, როგორიცაა მაგალითად, იმუნიზაცია, უსაფრთხო სისხლი, ცე ჰეპატიტზე სკრინინგი და ა.შ. პანდემიის გამო, 6 თვის სამიზნე თითქმის არც ერთ პროგრამაში არ არის მიღწეული.
წყარო: 1tv
- გაიარეთ სასწავლო პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT, SEU-ს სრული დაფინანსებით და გახდით უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრი by მასმედია
- „პედაგოგებს დავარწმუნებთ, რომ საქართველოში არსებობს გაერთიანება, რომელიც მასწავლებლების უფლებებისთვის რეალურად იბრძოლებს“ by მასმედია
- სტიქიის გამო ფოთში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი დროით შეჩერდა by მასმედია