GE

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორთა დელეგაცია SANGU-ს სტუდენტებისთვის ორკვირიან სწავლებას ჩაატარებს

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს (SANGU) ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ინოვაციური პროგრამა, რომელიც ქვეყანაში პირველი და ჯერ-ჯერობით, ერთადერთია, SANGU-ში, სწორედ ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად და ძვირადღირებულ პროგრამაზე ქართველი სტუდენტების სწავლებას მთლიანად უნივერსიტეტი აფინანსებს. სასწავლო პროცესის პირველ ეტაპს ისინი საქართველოში, მეორეს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლიან, რის შედეგადაც კიბერუსაფრთხოების მაგისტრისა და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი მიენიჭებათ.

დელეგაცია ქვეყანას და უნივერსიტეტს უკვე ეწვია. მისი წევრები კი ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი კევინ კირბი, კომპიუტინგისა და ანალიტიკის სკოლის ასოცირებული ხელმძღვანელი სიუზან ბრუდვიგი, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ი ჰუ, კიბერუსაფრთხოების პროგრამის ასოცირებული პროფესორები რასიბ ხანი და ტონი ცეცე არიან.

საპატიო სტუმრებს, უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში – მთავარეპისკოპოსმა იაკობმა უმასპინძლეს.

2 კვირის განმავლობაში, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის ქართველ სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ მაღალი რანგის უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ინტენსიურ ლექცია-სემინარებს, ვორქშოპებს და გაიარონ პრაქტიკული სამუშაოები დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად. შემოდგომიდან კი სწავლება უშუალოდ ამერიკული უნივერსიტეტის ბაზაზე 2 კვირის მანძილზე გაგრძელდება.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ახალი სასწავლო წლიდან მიღება გამოცხადდება SANGU-ს და NKU-ს ახალ ერთობლივ ბიზნეს ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამაზეც, რომელიც ორივე უნივერსიტეტის გამოცდილებასა და რესურსებს გააერთიანებს, რაც სტუდენტებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმატებული წარმართვისათვის საჭირო ცოდნასა და აუცილებელ უნარებს გამოუმუშავებს.

უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა NKU-ს კიბერუსაფრთხოების სკოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ, საუკეთესოდაა აღიარებული. მისივე თქმით, უნივერსიტეტი დებს ინვესტიციას და ძვირადღირებული პროგრამის ანაზღაურებას სრულიად საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ სპეციალობის მაგისტრები ადგილზევე მომზადდნენ. აქვე, მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაბიჯი სხვა უნივერსიტეტებისთვისაც ბიძგის მიმცემი აღმოჩნდება, რათა ამ საკითხს ასევე პატრიოტულად მიუდგნენ.

„ასეთი ორმაგი ხარისხის მქონე პროგრამა აქამდე საერთოდ არ არსებობდა, კლასიფიკატორშიც კი არ იყო. ჩვენ კი მისი შექმნა ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით შევძელით. ასე რომ, პირველი ნაბიჯი გადავდგით და ჩვენი კურსდამთავრებულები კიბერუსაფრთხოების პირველი მაგისტრები იქნებიან, რომლებიც ქვეყნისა და ჩვენს პირად უსაფრთხოებას დაიცავენ.

„რაც შეეხება დასაქმებას, ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორი მოთხოვნაა ამ სპეციალობის ადამიანებზე მთელს მსოფლიოში, მითუმეტეს ქართულ-ამერიკული დიპლომის პირობებში. ჩვენი პარტნიორი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი, ამ მხრივ, განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევა – უსაფრთხოების ამერიკულმა სააგენტომ იგი საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის შეიყვანა. შეერთებულ შტატებში, ჩვენი მაგისტრანტები, უნიკალურ გამოცდილებას მიიღებენ, რადგან მთლიანი დრო პრაქტიკულ სწავლებას დაეთმობა. პრაქტიკას გაივლიან იქაურ კორპორაციებში და ნახავენ როგორ პასუხობენ ისინი კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს“, – განაცხადა ირაკლი ბრაჭულმა.

მასპინძლებთან შეხვედრისას განხილულ თემებზე ისაუბრა მედიასთან ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანმა, კევინ კირბიმ და აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე მეორედაა და მათი ყოველი ვიზიტი ურთიერთობის გაღრმავებისა და გამრავალფეროვნების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია.

„კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამას უკიდურესად აუცილებელი გლობალური მნიშვნელობა ენიჭება და მას შეერთებული შტატების, საქართველოს და ასევე, ინოვაციური უნივერსიტეტის, SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის მჭიდროდ დაკავშირება შეუძლია. ჩვენ დღეს შევხვდით მთავარეპისკოპოსს და ურთიერთობის გაღრმავების შესახებ მისი რამდენიმე შესანიშნავი იდეა მოვისმინეთ“, – განაცხადა კევინ კირბმა.

სამომავლო გეგმებსა და ახალი პროგრამის დანერგვის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კომპიუტინგისა და ანალიტიკის სკოლის ასოცირებულმა ხელმძღვანელმა, სიუზან ბრუდვიგმა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს თემა მხარეებს შორის შეხვედრაზე იქნა განხილული.

„დღეს მთავარეპისკოპოსს შევხვდით და ჩვენს ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. ურთიერთობების გაღრმავებასა და ბიზნეს ინფორმატიკის ახალი სამაგისტრო პროგრამის დაწყებას ვგეგმავთ. ახალი ერთობლივი პროგრამით ვაპირებთ თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალმხრივი გავხადოთ“, – განაცხადა სიუზან ბრუდვიგმა.

უნიკალური შესაძლებლობა უწოდა კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამასა და უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩასატარებელ ორკვირიან სწავლებას ერთ-ერთმა სტუდენტმა ლევან გელაშვილმა, რომლის აზრითაც ეს ყველაფერი ქართველი სპეციალისტებისთვის გამოცდილების მიღების საუკეთესო გზაა.

„მოგეხსენებათ, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს, საქართველოში, ძალიან მწირი რესურსები გვაქვს. ქართულ უნივერსიტეტებში კიბერუსაფრთხოების მაგისტრატურა არც გვქონდა. შესაბამისად, ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ორი კვირა ინფორმატიული და ბევრის მომცემი იქნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო SANGU-ს ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისათვის. იმედი მაქვს, სწავლას თითოეული სტუდენტი წარმატებით დაასრულებს და მათი სახით ქვეყანას ძლიერი სპეციალისტები ეყოლება“, – დასძინა ლევან გელაშვილმა.

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის პრეზენტაცია 2022 წლის ნოემბერში გაიმართა. 2023 წლის იანვრიდან კი პროგრამაზე სწავლა 30-მა სტუდენტმა დაიწყო.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური