„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – კოლეჯი „აისი“
5 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გაზრდას და სტუდენტთა დასაქმების გამარტივებას ეხებოდა. პრეზენტაციის ფარგლებში სასწავლებლის სტუდენტები გაეცნენ EDU.ARIS.GE-ზე პროფესიული განათლებისთვის შექმნილ ახალ გვერდს – https://edu.aris.ge/tvet/, რომელზეც ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს საშუალება აქვთ დაჩექინდნენ და, სურვილის შემთხვევაში, ატვირთონ საკუთარი CV პოტენციური დამსაქმებლებისთვის.
აღნიშნულ პრეზენტაციას „აისის“ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ მევენეხეობა-მეღვინეობის, ფარმაცევტის თანაშემწის, პრაქტიკოსი ექთნისს, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სტილისტის, ფილამწყობის, დურგლის, ვეტერინარიის, მეფუტკრეობის და სხვა მიმართულების სტუდენტები. მათი ნაწილი ადგილზევე დაჩექინდა, ნაწილმა კი საინფორმაციო ფლაერები საკუთარ საცხოვრებელ რაიონშიც წაიღო ინფორმაციის მეტად გასავრცელებლად.
პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდზე ასევე განთავსებულია 60 პროფესიული სასწავლებლის 350-მდე მოდულურ-დუალური პროგრამა და სხვა დეტალები.
ამ ეტაპზე საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ მიღება 20 სასწავლო პროგრამაზე მიმდინარეობს. როგორც სასწავლებელში აცხადებენ, კოლეჯი სრულად არის აღჭურვილი სტუდენტებისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარებითა და სასწავლო მასალებით, რაც, მათი თქმით, საშუალებას იძლევა სტუდენტებმა პრაქტიკაზე დაფუძნებით შეისწავლონ საკუთარი პროფესია. ასევე, სასწავლებელს აქვს საერთო საცხოვრებელი, რომელიც 300-მდე სტუდენტზეა გათვლილი. გარდა ამისა სასწავლებელი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც.
რაც შეეხება სტუდენტების შემდგომ დასაქმებას, როგორც კოლეჯში ამბობენ, სტუდენტების დიდი ნაწილი სწავლის დასრულებისთანავე ახერხებს დასაქმებას ან თვითდასაქმებას, რადგანაც თითქმის ყველა მიმართულება პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს და სტუდენტები სასწავლებელშივე აგროვებენ სამუშაო პრაქტიკას.
-
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში – უახლესი მონაცემები ცნობილია (2025-2026 სასწავლო წელი)
by ARIS.GE-განათლება