GE

„კოლეჯ აისში ჩემი შვილების სწავლას სიამოვნებით დავუჭერ მხარს“  – ინტერვიუ პროფესიონალებთან

ყველაზე გასაგებად და თვალსაჩინოდ პროფესიული განათლების და კონკრეტულად კოლეჯ „აისის“ მიერ შეთავაზებული პროგრამების ეფექტურობასა  და  კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივაზე სწორედ კურსდამთავრებულთა ისტორიები მეტყველებს.

EDU.ARIS.GE-ც ამ ყველაზე  სარწმუნო გზას დაადგა და რესპონდენტებიც ამ ნიშნით შეარჩია. მკითხველს წარვუდგენთ მრავალთაგან ორ კურსდამთავრებულს, რომლებიც საკუთარ არჩევანზე, კოლეჯ „აისზე“ და პროფესიული განათლებით მიღებულ შესაძლებლობებზე გვესაუბრებიან.

„აისი“, როგორც ყველა პროფესიული სასწავლებელი, რეგისტრანტთა  ფართო სპექტრს უქმნის ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას. მარტივად, ეს ადამიანები ორ დიდ ჯგუფში ერთიანდებიან: მოზარდები, ახალგაზრდები, რომელთაც  ცხოვრებისეული და შრომითი გამოცდილება არ აქვთ და ფაქტობრივად სკოლის მერხიდან ინაცვლებენ კოლეჯის აუდიტორიებში და მეორე, ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც პროფესიაც აქვთ, გამოცდილებაც, კარიერული წარმატებებიც და  გადაწყვეტილებას  კონკრეტული მიზნით იღებენ. მათ ზუსტად აქვთ გამოკვეთილი თავიანთი მოლოდინები და შესაბამის შედეგებს მოკლე დროში ელოდებიან.

EDU.ARIS.GE  სწორედ ამ ორი დიდი ჯგუფის  წარმომადგენლებს გაგაცნობთ.

გიორგი ამირიძე : კოლეჯი „აისი“ თქვენი შანსია!

პირველი მათგანი 24 წლის გიორგი ამირიძეა, დედოფლისწყაროდან. გიორგიმ სკოლა დაამთავრა, ჯარი მოიარა და უკან დაბრუნებულმა დედოფლისწყაროს ფილიალში ვეტერინარიის მიმართულებით დაიწყო სწავლა.

ეს  შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. ის ბავშვობიდანვე იყო ჩართული  დიდ საოჯახო მეურნეობაში, სადაც 100 სულზე მეტ შინაურ ცხოველს უვლიდნენ. გიორგის განსაკუთრებულად უყვარდა ცხოველებზე ზრუნვა.

იხილეთ საზოგადოებრივი კოლეჯი “აისის” პროფესიული პროგრამები

კოლეჯში 2013 წელს ჩაირიცხა. 2016 წლიდან კი  მსხვილი რქოსანი პირუტყვის ფერმა „შირაქი პლიუსის“ ვეტერინარია. აბარია 250 მსხვილი რქოსანი პირუტყვი. პარალელურად, ოჯახურ მეურნეობაში მონაწილეობს და ასევე,  7 სოფელში კერძო პრაქტიკას ეწევა. აქვს რეალური ანაზღაურება და ემსახურება საყვარელ საქმეს. ვეტერინარის საქმიანობას სათანადო ხელსაწყო-იარაღები სჭირდება. პროგრამა  „აწარმოე საქართველოსთვის“ გრანტმა მას  ვეტერინარიული და ქირურგიული ხელსაწყო-იარაღების შეძენის საშუალება მისცა. მისი უახლოესი გეგმები, ისევ ამ პროგრამის დახმარებით, რენტგენისა და ექოსკოპიის აპარატების შეძენას უკავშირდება. მიაჩნია, რომ პირუტყვზე ზრუნვა უფრო მეტად ითხოვს თანამედროვე  სადიაგნოსტიკო საშუალებების გამოყენებას, რადგან ცხოველები ვერ გეუბნებიან რა, და როგორ სტკივათ.

„ადამიანი პროფესიას რომ ირჩევს კარგად უნდა დაფიქრდეს, მე კოლეჯ „აისში“ ჩემი თავი ვიპოვე.  პირველი წელი  დედოფლისწყაროს ფილიალში ვიყავი, მერე კაჭრეთში გავაგრძელე. მასწავლიდნენ ერთი მეორეზე უკეთესი პროფესიონალი და სტუდენტთა მოყვარული პედაგოგები. სულ ახალ ლიტერატურას ეცნობოდნენ, ტრენინგებს ესწრებოდნენ, ამით მასწავლეს, რომ პროფესიულ ცოდნას მუდამ განახლება სჭირდება… მასწავლეს ისიც, რომ  ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა პირდაპირ კავშირშია ადამიანებზე ზრუნვასთან. მოკლედ, კოლეჯმა პროფესიული ცხოვრებისთვის მომამზადა. სადაც ვარ, მენდობიან, როგორც პროფესიონალს, ამაში კოლეჯის დიდი დამსახურებაა.  შეიძლება, ჩემგან ხმამაღალ ნათქვამად ჩანდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოკლე დროში ბევრს მივაღწიე.

“კაჭრეთში საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ოთახში მარტო ვიყავი, ყველანაირი პირობა მქონდა სწავლისათვის, ბევრს ვკითხულობდი. ამხანაგებმა ხუმრობით „პროფესორაც“ კი შემარქვეს. სკოლაში წარჩინებული არ ვყოფილვარ, ჯარის შემდეგ უფრო დავინახე სწავლის ფასი. ეს კოლეჯში გამომადგა.  „აისში“  სწავლა ჩემი სწორი არჩევანი იყო. ახლა უკვე მე მყავს სტუდენტები ფერმაში, კოლეჯის ინსტრუქტორი ვარ. ყველას ვურჩევ, გამოიყენონ  შესაძლებლობა, რომ უფასოდ შეიძინონ სასურველი პროფესია, კოლეჯის პირობებს თუ მათი მონდომებაც დაემატება, სამსახურის პრობლემა არ ექნებათ, დამსაქმებლები სტუდენტობაშივე დაინტერესდებიან მათით. მაგალითად კარგ ვეტერინარებზე დიდი მოთხოვნაა. ყველა ჩემიანს, ჩემს გარშემო მყოფ ახალგაზრდას  ვურჩევ ისწავლოს „აისში“ – ეს მათთვის კარგი შანსია!“ – აღნიშნავს გიორგი.

მაკა ჩაველაშვილი: კოლეჯ  „აისში“ ჩემი შვილების სწავლას სიამოვნებით დავუჭერ მხარს!

ჩვენი მეორე რესპონდენტი – 35 წლის მაკა ჩაველაშვილი  სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ მევენახეობა-მეღვინეობის (დუალური პროგრამა) სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. მუშაობდა ღვინის კომპანია „შუმში“, ამჟამად კი  ,,სპა რეზოტი ლოპოტას“ შატოს მენეჯერია.

კოლეჯამდე მაკამ ბევრი რამ მოასწრო: 10 წლის ასაკში საცხოვრებლად ვლადიკავკაზში, დეიდასთან გადასახლება მოუწია.    საქართველოს და თელავის მონატრებაში დაამთავრა სკოლა, უნივერსიტეტი – მენეჯმენტის მიმართულებით, სტუდენტობიდან მუშაობდა ვლადიკავკაზში, მოსკოვში. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, სამუშაოს პოვნა არ გასჭირვებია. მერე სასწავლო პროგრამით აშშ–ში გაემგზავრა. იქ დაოჯახდა. შეეძინათ ორი ვაჟი. მაკამ და მეუღლემ, რომელიც ასევე თელაველია, დაბრუნება გადაწყვიტეს, რადგან სურდათ შვილები ქართულ გარემოში გაეზარდათ. მესამე ვაჟი უკვე თელავში დაიბადა.  მაკამ ისევ სამუშაო მოიძია და ამჯერად გაერთიანება „თელავის მეღვინეთა გილდიაში“ მოხვდა. დანარჩენს თავად გვიამბობს:

იხილეთ საზოგადოებრივი კოლეჯი “აისის” პროფესიული პროგრამები

„მანამდე ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიაზე დიდი არაფერი ვიცოდი. თელავის მეღვინეთა გილდიაში შევიტყვე ქართულ ვაზზეც და ღვინოზეც, მის პერსპექტივაზე მსოფლიო ბაზარზე… ძალიან დავინტერესდი. წინანდლის ღვინის სკოლაში გავიარე მოკლე კურსი,  ზოგადი წარმოდგენა შემექმნა, საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. ამ დროს  „სპა რეზოტი ლოპოტამ“  გამოაცხადა ვაკანსიები, დავიწყე მუშაობა. ჩემი საქმის პარალელურად, სტუმრებისთვის ვატარებდი მასტერკლასებს ღვინოზე და ქართულ კულინარიაზე. სასტუმრო საქმე ძალიან საინტერესო სფეროა, მაგრამ მვენახეობა-მეღვინეობა უკვე სერიოზულად მაინტერესებდა, მინდოდა ძირფესვიანად შემესწავლა. ამ დროს მივიღე შემოთავაზება ღვინის კომპანია „შუმიდან“ ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე, ლოპოტაზე გული მწყდებოდა, მაგრამ

ღვინის სფეროს ინტერესი უფრო მეტი იყო.“

მაკა „შუმში“ საერთაშორისო გაყიდვებზე, ნაწილობრივ მარკეტინგსა და პიარზე მუშაობდა. მონაწილეობდა ღვინის პრესტიჟულ გამოფენებში, რომლებიც ძალიან ინფორმაციული იყო. ამბობს, რომ სწორედ „შუმში“ გაიგო  „აისის“ დუალური პროგრამის შესახებ.  დრო შეზღუდული იყო.  სად იყო კაჭრეთი არც იცოდა, წვალებით მიაგნო კოლეჯს.

„კოლეჯის ეზოში შესვლისთანავე მოვიხიბლე.  თანდათან ყველაფერი მომეწონა აუდიტორიები, აღჭურვილობა,  კეთილგანწყობილი, მზრუნველი პედაგოგები, რომლებიც საუკეთესო  პროფესიონალები არიან.  კიდევ უფრო კმაყოფილი დავრჩი ჩემი გადაწყვეტილებით, მოტივაციას ზრდიდა  იმის მოსმენა, რომ ჩვენ პირველი ჯგუფი ვართ, რომელიც დუალური მიდგომით ისწავლის და ჩვენს  შედეგებზეც არის დამოკიდებული პროფესიული განათლების პოპულარობა. ვფიქრობ, ეს არის დიდი მხარდაჭერა, რომ  სრულიად უფასოდ, მიიღო როგორც თეორიული ცოდნა, ასევე, პრაქტიკული უნარ-ჩვევები. დიდი მხარდაჭერა გვქონდა გერმანული მხარისგან. მოდული მეტად საინტერესო, ყველა რესურსით დატვირთული. არაფერია დაშურებული, რომ ეს სფერო შეგიყვარდეს, შეისწავლო და ჩამოყალიბდე, როგორც სპეციალისტი.

ეს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩემზეც აისახა. ამ ორი წლის განმავლობაში, მივიღე იმაზე მეტი, რასაც ველოდი. მაქვს ახალი პროფესია, ლოპოტაზე შატოს მენეჯერი ვარ, პარალელურ რეჟიმში,  ვქმნი საკუთარ ბრენდს. წელს ვიყიდეთ ერთი ჰექტარი ნაკვეთი, მივიღეთ პირველი მოსავალი და რამდენიმე თვეში ვიცი, რომ ჩემი ბრენდის პრემიუმ ხარისხის ღვინო მექნება, ამას თავდაჯერებულად ვაკეთებ იმ ცოდნისა და უნარების საფუძველზე, რაც პროფესიული განათლებით მივიღე. კოლეჯში ბოლო ეტაპი მაქვს, „შუმში“ ჩემი მენტორების ხელმძღვანელობით გავდივარ პრაქტიკას. სტუდენტობაც ვიცი, სამსახურებიც მქონდა და მაქვს, ამიტომაც არ მიჭირს ობიექტურად შევაფასო ჩვენი კოლეჯის სიტუაცია, ეს არის თანამედროვე ტიპის განათლების კერა, რომელიც მოკლე დროში იძლევა მაქსიმალურად ეფექტურ ცოდნასა და შრომით უნარებს. ეს პირადად გამოვცადე და მინდა ყველას გავუზიარო“, – ამბობს მაკა.

მისი თქმით, საზოგადოებას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ასეთი შესაძლებლობაზე, სადაც გარემო და სწავლების დონე მართლაც ძალიან მაღალია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

მიიჩნევს, რომ ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ამის გამოყენება, მით უფრო, დამწყებებს.

,,პროფესიისა და დასაქმების მაძიებელთათვის კოლეჯი არის საუკეთესო შესაძლებლობა, სადაც უფასოდ გასწავლიან, გაცხოვრებენ, საწარმოში  სტიპენდიასაც მოგცემენ  და თუ შენც მოინდომე, დაგასაქმებენ კიდეც. კოლეჯის გარემო, ვგულისხმობ საცხოვრებელს, არის ძალიან მოწესრიგებული,  სრულიად უსაფრთხო. ამ პირობებზე მშობლებსაც მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.  კოლეჯს რაც მეტი  წარმატებული სტუდენტი ეყოლება და საზოგადოებას ეს ეცოდინება, ნდობაც გაიზრდება პროფესიული განათლების მიმართ. ჩემი შვილები, მიაღწევენ თუ არა შესაბამის ასაკს, აუცილებლად გავუშვებ, პირველ რიგში, მოქმედ საზაფხულო ბანაკში, რომელიც საინტერესოდ არის დაგეგმილი პროფესიული ორიენტაციის თვალსაზრისით და შემდეგ, თუ  სურვილი ექნებათ, კოლეჯ „აისში“ მათ სწავლასაც დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს. – ამბობს მაკა ჩაველაშვილი.

იხილეთ საზოგადოებრივი კოლეჯი “აისის” პროფესიული პროგრამები

ეს ორი, სრულიად განსხვავებული ისტორიაა, მათ შორის მსგავსება,  ერთი მხრივ, მათი კოლეჯ „აისთან“ დაკავშირებული პროფესიული  მოლოდინები  და  შედეგებია და მეორეს მხრივ, განწყობა, საზოგადოებამ  გაიგოს კოლეჯ „აისზე“ და მის შესაძლებლობაზე, გაუხსნას სტუდენტს პროფესიის მიღებისა და დასაქმების ეფექტური და უმოკლესი გზა.

კოლეჯი, რომელსაც დუალური პროგრამებით უკვე დასაქმებულებიც ჰყავს! – „აისის“ კურსდამთავრებულთა პერსპექტივები კახეთში

აღნიშნული სტატია მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ გამოცემაში არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური