კოლეჯი, რომელსაც დუალური პროგრამებით უკვე დასაქმებულებიც ჰყავს! – „აისის“ კურსდამთავრებულთა პერსპექტივები კახეთში
შრომის ბაზარზე აქტიურ პროფესიებში მოსამზადებლად 17 მიმართულების 42 პროგრამა, მათ შორის, 4 დუალური. კახეთის რეგიონის სრული დაფარვა, განახლებული და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, სტუდენტების უსაფრთხოებაზე მზრუნველი გარემო, პარტნიორები, რომლებმაც არამარტო ქართულ ეკონომიკაში, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც თავიანთი ადგილი დაიმკვიდრეს, სტუდენტის კეთილდღეობასა და ინტერესებზე ზრუნვა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები და მძლავრი და თანამედროვე სამეწარმეო ინფრასტრუქტურა. დასაქმების მაღალი (85%) შესაძლებლობა, კურსდამთავრებულთა საკმაოდ შთამბეჭდავი (800-1700 ლარი) სასტარტო ანაზღაურებით… 300 ადგილიანი კეთილმოწყობილი პანსიონი, საკუთარ ბაღ-ბოსტანში მოწეული და თავიანთივე გადამუშავებული ხილ-ბოსტნეული რაციონში…
და ეს ყველაფერი მეტად მზრუნველ გარემოში, სადაც ეზოშიც კი, სტუდენტს მყუდრო კუთხეები და ხის პატარა „ბიბლიოთეკებში“ ჩალაგებული საინტერესო წიგნები ელოდება…
იხილეთ საზოგადოებრივი კოლეჯი “აისის” პროფესიული პროგრამები
სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარეობს და მოიცავს დედოფლისწყაროს, ახმეტის და ლაგოდეხის ფილიალებს. ეს გახლავთ პროფესიული განათლების უმნიშვნელოვანესი კერა კახეთის რეგიონში, სრულად რეაბილიტირებული, მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, გადამზადებული პედაგოგებით და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული, განვითარებადი პროგრამებით. „აისი“ (ყველა ფილიალში) 17 მიმართულებაზე 42 პროგრამას ახორციელებს და ყველა მათგანი სტუდენტს უზრუნველყოფს ეფექტური დასაქმებისთვის საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით.
ყოველწლიურად კოლეჯში 1300 სტუდენტი სწავლობს. კოლეჯის გარემო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. მცირე ეთნიკური ჯგუფებისათვის შექმნილია მოდული სახელმწიფო ენის შესწავლის თვალსაზრისით.
„ჩვენ გვაქვს მუდმივი მზაობა სიახლეების მისაღებად. ფილიალებთან ერთად სრულად ვფარავთ კახეთის რეგიონს. გვყავს სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. მოდულების მუდმივი განახლება ეფუძნება კვლევებს. კოორდინრებულად ვმუშაობთ ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან, დეტალურად ვიცით ყოველწლიურად ადგილობრივ შრომის ბაზარზე რა მოთხოვნები არსებობს“, – აღნიშნავს კოლეჯის დირექტორი მალხაზ ასლამაზაშვილი.
კოლეჯის შესახებ
მზრუნველი გარემო აქაც იგრძნობა. ეზოში დასასვენებელი კუთხეებია მოწყობილი, იქვე ხის სტილიზებული „ბიბლიოთეკები“ დგას წიგნებით. დაინტერესებულ სტუდენტს სუფთა ჰაერზეც შეუძლია წიგნის კითხვა.
კოლეჯი „აისი“ თითქმის 40 წელია (1980 წლიდან) მოქმედებს და ამ პერიოდში აქ 20 ათასზე მეტმა სტუდენტმა მიიღო პროფესიული განათლება.
კოლეჯს კაჭრეთში 12 ჰექტარი ტერიტორია უკავია, აქვს სამი ძირითადი ნაგებობა: სასწავლო და საწარმოო კორპუსები და სტუდენტთა პანსიონი, რომელიც 300 სტუდენტზეა გათვლილი. პანსიონში ცხოვრება უფასოა და სტუდენტები სარგებლობენ საერთო საცხოვრებლით, რომელშიც შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ შტატიანი თანამშრომლები.
იხილეთ საზოგადოებრივი კოლეჯი “აისის” პროფესიული პროგრამები
ამავე ტერიტორიაზე განთავსებულია დამხმარე ნაგებობები, რომლებიც განკუთვნილია პრაქტიკული მეცადინეობებისთვის: ღვინის სახლი, ტრადიციული მარანი, ფუტკრის სახლი, მეცხოველეობის ფერმა და ხელოვნების სასახლე.
კოლეჯს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მფლობელობაში გადაეცა 22 ჰა მიწის ნაკვეთი სოფელ ზიარში, რომელიც გამოიყენება აგრარული მიმარულების სპეციალობების (ფერმერი, მეფუტკრე, ვეტერინარი) განვითარებისთვის.
„აისს“, პროფესიულ განათლებაში შეტანილი წვლილისა და მიღწეული წარმატებებისთვის, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, ოქროს მედლი და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობისა და თანამშრომლობისთვის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სიგელები.
„აისში“ სწავლა უფასოა. იმის მიხედვით, თუ რომელ პროფესიას აირჩევს სტუდენტი, პროგრამების ხანგრძლივობა 6 თვიდან 3 წლამდე გრძელდება. კოლეჯი „აისი“ ერთ-ერთი პირველია, რომელმაც 2008 წელს დაიწყო პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამის დუალური მიდგომით განხორციელება და ამ მიმართულების დასაქმებული კურსდამთავრებულებიც ჰყავს.
„ეს იყო წმინდა გერმანული მოდელი. ამ სიახლეს ყველა კომპანია ვერ შეხვდა ნდობით, მხოლოდ შპს „შუხმან ვაინს ჯორჯიამ“ მიიღო მაშინ ჩვენი 10 სტუდენტი, რადგან მისი ხელმძღვანელი იცნობდა ამ მეთოდს და დამოკიდებულებითაც პროფესიული განათლების გულშემატკივარია. პროექტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ათივე კურსდამთავრებული დღეს მენეჯერულ პოზიციებზეა დასაქმებული,“ – ამბობენ „აისში“.
კოლეჯი წელს უკვე მეოთხე, ახალი დუალური პროგრამის განხორციელებას იწყებს მეთევზეობაში. დუალური პროგრამები მუშაობს მეღვინეობა-მევენახეობაში, მეცხოველეობასა და მეხილეობაში.
სწავლის ეტაპი და პრაქტიკის შესაძლებლობა
პროფესიულ განათლებაში მთავარი მიდგომაა „სწავლა კეთებით“, რადგან ამ მიდგომით უფრო მაღალი პროფესიული უნარები უმუშავდება სტუდენტს. რა თქმა უნდა, თეორიული ნაწილიც არის პროგრამებში, მაგრამ უპირატესობა სწორედ პრაქტიკული უნარების განვითარებას ენიჭება. საშუალოდ, პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილს შორის შეფარდება 60/40% -ზეა, მაგრამ არის პროგრამები, სადაც ეს შეფარდებაა 80/20%.
პარტნიორები
„აისის“ ერთ–ერთი აქტიური პარტნიორი შპს „შუხმან ვაინს ჯორჯია“ დაარსდა 2008 წელს, გერმანული ინვესტირებით. მისი ძირითადი მიმართულება მაღალხარისხიანი ქართული ღვინის წარმოებაა. კომპანიას აქვს 120 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, იღებენ 9 ჯიშის ყურძენს, აწარმოებენ 20-მდე დასახელების ღვინოს, მილიონახევარ ბოთლს წელიწადში. პროდუქციის 90% იყიდება მსოფლიოს 22 ქვეყანაში. გარდა ამისა, კომპანია არის ლიდერი, ღვინის ტურიზმის მიმართულებით, მეოთხე წელია, საქსტატის მონაცემებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შემდეგ, ეს კომპანია სახელდება ტურისტთა რაოდენობის მხრივ, ყველაზე აქტიურ წერტილად კახეთში.
გვესაუბრება, შპს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ დირექტორი და მეღვინე, პროფესიული განათლების ინსტრუქტორი როლანდ ბურდიაშვილი:
–2016 წელს ახალ დუალურ პროგრამაზე მივიღეთ 10 სტუდენტი, რომლებიც ამჯერად უკვე რამდენიმე საწარმოში გადანაწილდნენ, მათ შორის, 2 ჩვენთან. ახლა კიდევ ველოდებით ერთ სტუდენტს. ისინი კვირაში 4 დღეს საწარმოში არიან, ხოლო ერთ დღეს – კოლეჯში. მომავალ წელს ორი სტუდენტი დაამთავრებს. პირველი დუალური პროგრამით მომზადებული ერთი სტუდენტი ჩვენი თანამშრომელია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიონალი მეღვინეა. მეორეს, ჩვენზე უკეთესი პირობები შესთავაზეს და სხვა საწარმოში მთლიანად ჩაიბარა მეღვინეობის სფერო. ჩვენთან სტუდენტი მთელი სწავლის პერიოდში იღებს ხელზე 200 ლარს (სტუდენტური ხარჯებისთვის). პერიოდულად, შეუძლია შეივსოს სამუშაო საათები და მიიღოს ანაზღაურება. ამჟამინდელი სტუდენტებიდან ერთი პრაქტიკულად, უკვე ჩვენი თანამშრომელია და სტიპენდიაზე დამატებით 400 ლარ ხელფასსაც იღებს. ჩვენი სტუდენტები, გარდა სასწავლო პროგრამისა, ესწრებიან ყველა ტრენინგსა და სამუშაო შეხვედრას, რომელიც საწარმოში ტარდება. ანუ სარგებლობენ განვითარების ყველა შესაძლებლობით, რაც თანამშრომლებს აქვთ.
დასაქმება
კურსდათავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 85%-ია. „აისის“ 100-მდე დამსაქმებელი აქტიურადაა ჩართული პროგრამების შემუშავების პროცესში. რაც მთავარია, დამოკიდებულების დონეზე ისინი აღიარებენ პროფესიული განათლების მნიშვნელობას. კოლეჯთან თანამშრომლობაში პარტნიორები ამჟღავნებენ სრულ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმუმი მისცენ სტუდენტებს, როგორც პრაქტიკის წარმართვის, ასევე დასაქმების ეტაპზე.
„დიდი ხანია დავიწყეთ დასაქმების საკითხებზე ზრუნვა. პარტნიორები გვენდობიან და როგორც კი ვაკანსია უჩნდებათ, ჩვენი პროფორიენტაციისა და კარიერის მენეჯერს აწვდიან ინფორმაციას. ჩვენ შექმნილი გვაქვს კურსდამთავრებულთა ერთიანი ბაზა, მათი დასაქმების მონაცემებით და ამ მექანიზმებით ვუწყობთ ხელს დამსაქმებელთა და კურსდამთავრებულთა დაკავშირებას“, – აღნიშნავენ კოლეჯში.
ანაზღაურება
„აისში“ მიღებულ პროფესიებზე ანაზღაურება სხვადასხვაგვარია. გასულ წელს დურგლის პროფესიის მიმართულების 10 სტუდენტი ხის გადამამუშავებელ საწარმოში გაგზავნეს. რამდენიმე მათგანი სამუშაოდ დაიტოვეს. მათი საწყისი ანაზღაურება 1700 ლარი იყო და აქვთ ხელფასის ზრდის პერსპექტივაც. კარგი ანაზღაურება აქვთ მზარეულის პროფესიის კურსდამთავრებულებს. აქ დასაწყისისთვის შეთავაზება საშუალოდ 800 ლარია, ასევე ზრდის პერსექტივით. კოლეჯს ჯეოჰოსპიტალთანაც აქვს ხელშეკრულება და პრაქტიკის ობიექტებზე აგზავნის სტუდენტებს. ამ მიმართულებაში დასაქმების მაჩვენებელი მაღალია. ანაზღაურებაც მზარდი. ექთნის პროფესიაზე სახელმწიფო სექტორშიც საქმდებიან. გარდა ამისა, არის პროგრამები, რომლებიც თვითსაქმებისთვის ამზადებს სტუდენტებს. მაგალითად, მეფუტკრის პროგრამა. ბევრი სტუდენტი დასაწყისშივე იწყებს სკების შეძენას და საკუთარი მეურნეობის განვითარებას.
იხილეთ საზოგადოებრივი კოლეჯი “აისის” პროფესიული პროგრამები
„პროფესიული განათლება უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხერხემალი. ჩვენი პროგრამები ფილიალებში განსხვავებულია. ისინი ორიენტირებულია მუნიციპალიტეტში მოთხოვნად მიმართულებებზე. ეს ანგარიშგასაწევი მომენტია რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და განათლების ამ სფეროს პოპულარიზაცია არის მთავარი პრობლემა. პროფესიული განათლება გახდა ბევრი ადამიანის წარმატებული კარიერის საფუძველი. ამაზე საზოგადოებამ უნდა იცოდეს“, – აღნიშნავს კოლეჯის დირექტორი მალხაზ ასლამაზაშვილი.