GE

„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – კოლეჯი „მერმისი“

20 სექტემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისში“ საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გაზრდას და სტუდენტთა დასაქმების გამარტივებას ეხებოდა. პრეზენტაციის ფარგლებში სასწავლებლის სტუდენტები გაეცნენ EDU.ARIS.GE-ზე პროფესიული განათლებისთვის შექმნილ ახალ გვერდს– edu.aris.ge/tvet, რომელზეც ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს საშუალება აქვთ დაჩექინდნენ და, სურვილის შემთხვევაში, ატვირთონ საკუთარი CV პოტენციური დამსაქმებლებისთვის.

აღნიშნულ პრეზენტაციას „მერმისის“ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ ინფორმაციული ტექნოლოგიების, სტილისტის, ფილამწყობის, ელექტრიკოსის, მზარეულის და ოფისმენეჯერის პროფესიის სტუდენტები.

პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდზე ასევე განთავსებულია 60 პროფესიული სასწავლებლის 350-მდე მოდულურ-დუალური პროგრამა და სხვა დეტალები.

ამ ეტაპზე საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისში“ 21 სასწავლო პროგრამა ისწავლება.  როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, კოლეჯი სრულად არის აღჭურვილი სტუდენტებისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარებითა და სასწავლო მასალებით, რაც, მათი თქმით, საშუალებას იძლევა სტუდენტებმა პრაქტიკაზე დაფუძნებით შეისწავლონ საკუთარი პროფესია. გარდა ამისა სასწავლებელი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც.

რაც შეეხება სტუდენტების შემდგომ დასაქმებას, როგორც კოლეჯში ამბობენ, სტუდენტების დიდი ნაწილი სწავლის დასრულებისთანავე ახერხებს დასაქმებას, რადგანაც სასწავლებელს 350-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს, ამასთან ზოგიერთი მიმართულებები იძლევა თვითდასაქმების ან საკუთარი ბიზნესის წარმოების საშუალებასაც.

დასაქმების პერსპექტივები და ანაზღაურების ოდენობა პროფესიულ კოლეჯ „მერმისის“კურსდამთავრებულთათვის

პროფესიული განათლების ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური