დასაქმების პერსპექტივები და ანაზღაურების ოდენობა პროფესიულ კოლეჯ „მერმისის“კურსდამთავრებულთათვის
18 მოდულური პროგრამა, უფასო სწავლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით, კეთილმოწყობილი და შშმ პირებისათვის ადაპტირებული შენობა, სრულად აღჭურვილი სახელოსნოები, ყოველწლიურად კურსდამთავრებულებიდან დასაქმებული 95% და 1000-1400 ლარიანი ხელფასი – ეს საზოგადოებრივი კოლეჯ “მერმისის“ ღირსებების მოკლე ჩამონათვალია, სადაც ყოველწლიურად პროფესიული განათლებით დაინტერესებული ათასზე მეტი ადამიანი სწავლობს და საქმდება. ყველაზე საამაყო კი თვითდასაქმებული კურსდამთავრებულების მაგალითებია, რომლებიც საკუთარ კომპანიებსაც აფუძნებენ.
„მინანქრის სპეციალისტი ხუთი კურსდამთავრებული, სწავლის დასრულების შემდეგ ინდმეწარმედ დარეგისტრირდა, ფართი იქირავეს, ინვენტარი იყიდეს და საკუთარი სახელოსნო გახსნეს. დღემდე ერთად მუშაობენ”, – გვითხრეს “მერმისში”.
მულტიპროფილური კოლეჯი „მერმისი“ ერთ-ერთია იმ სასწავლებლებიდან, რომლებიც პროფესიული განათლებით დაიტერესებულ პირებს 11 თვიდან 26–თვემდე ვადაში ახალი პროფესიის შეძენის, ან ძველ პროფესიაში ცოდნის გაღრმავებისა და 352 პარტნიორ ბიზნეს კომპანიაში დასაქმების შანსს აძლევს.
კოლეჯის შესახებ
კოლეჯში „მერმისი“ სწავლება 5 მიმართულებით, 37 პროფესიულ პროგრამაზე მიმდინარეობს. სწავლის ხანგრძლივობა კი საშუალოდ 10–დან 22–თვემდეა. კოლეჯში მიღება წელიწადში ორჯერ ხდება – შემოდგომასა და გაზაფხულზე. სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში სწავლა უფასოა, მსურველთა ჩარიცხვა კი ერთიანი ეროვნული პროფესიული ტესტირების გზით ხორციელდება.
სწავლების ეტაპი და პრაქტიკის შესაძლებლობა
თეორიულ კურსთან ერთად სტუდენტები აქტიურად ერთვებიან პრაქტიკულ სამუშაოში. მეტიც, პრაქტიკული სამუშაო მათთვის სავალდებულოა და საკმაოდ დიდი დრო ეთმობა როგორც კოლეჯის ფარგლებში არსებულ სხვადასხვა სახელოსნოში, ისე მის ფარგლებს გარეთ – პარტნიორ კომპანიებში, სადაც პრაქტიკა 1,5-2 თვე გრძელდება და იგი ანაზღაურებადია.
სტუდენტები უფასოდ იღებენ სწავლისათვის საჭირო ინვენტარსა თუ პროდუქციას. მათ სამგზავრო ბარათებიც კი ურიგდებათ, რომლითაც უფასოდ შეუძლიათ მგზავრობა. რაც შეეხება დევნილ მოსახლეობას, რომლებიც თბილისის გარეთ ცხოვრობენ, მათი მგზავრობის საფასურს იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სამინისტრო ანაზღაურებს.
კოლეჯში განმარტავენ, რომ მათ რიგებს უერთდებიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე სტუდენტები და უფრო თაობის წარმომადგენლები. ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, შესაბამისად ნებისმიერ მსურველს შეუძლია ახალ პროფესიას დაეუფლოს, ახალი საქმე შეისწავლოს, ან უკვე შესწავლილში გაიღრმაოს ცოდნა.
მაქსიმალურად ეწყობა ხელი იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე დასაქმებულები არიან. პროგრამების უმეტესობაზე სწავლა ორ ცვლაში მიმდინარეობს.
კოლეჯში ყველანაირი პირობაა შექმნილი ინკლუზიური განათლებისათვისაც. შენობა აღჭურვილია პანდუსებით, ლიფტით, სპეციალური ბილიკებით და ა.შ.
კოლეჯში ფუნქციონირებს არაერთი ლაბორატორია და სახელოსნო – სამკერვალო, სილამაზის სალონი, მზარეულების, თექის, გობელენის, მინანქრის, ტყავის, მეფილე-მომპირკეთებლების, ელექტრიკოსების და ა.შ. EDU.ARIS.GE-ს თითოეული მათგანის დათვალიერებისა და სამუშაო პროცესის გაცნობის შესაძლებლობა მიეცა და უნდა ითქვას, რომ სახელოსნოები სრულად აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით. სტუდენტები უმაღლესი ხარისხის ნედლეულითა თუ საჭირო მასალით მარაგდებიან, რომლის მეშვეობითაც ისინი პროდუქტს ქმნიან.
სვლა დასაქმებისკენ
როგორც „მერმისში“ აცხადებენ, კურდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობაში, სამსახურის მოძიებაში თავად კოლეჯიც არის ჩართული. საწარმოო პრაქტიკის პროცესში, დამსაქმებლები სტუდენტებს აკვირდებიან, ხედავენ მათ უნარებსა და ცოდნას.
“შედეგად, ძალიან ხშირად ასაქმებენ კიდეც. იქიდან გამომდინარე, რომ კოლეჯში ზუსტად ის პროგრამებია, რომლებზეც ბაზრიდან მოთხოვნაა, მათთვის სამუშაო ადგილის მოძებნა რთული არ არის. ვიცით ზუსტად ვის სჭირდება, ვის ვამზადებთ და სად ვუშვებთ. ხშირია შემთხვევა, როდესაც კურსდამთავრებული ჯგუფიდან ყველა სტუდენტი ძალიან მოკლე ვადაში საქმდება. შრომითი ბაზრიდან მაღალი მოთხოვნაა მაგალითად ფილებით მოპირკეთების სპეციალისტებზე, მზარეულებზე, მკერავებზე, ელექტრიკოსებზე. ჩვენი კურსდამთავრებულები მუშაობენ სასტუმროებში, მშენებლობებზე. თუკი სპეციალისტი კარგია და სურვილი აქვს, დასაქმება არ უჭირს“,- აცხადებენ კოლეჯში.
იხილეთ მერმისში არსებული ვაკანსიები
პარტნიორების როლი
„მერმისს“ ხელშეკრულება 352 დიდ თუ მცირე კომპანიასთან აქვს გაფორმებული. რაც იმას ნიშნავს, რომ კოლეჯი თბილისში მოქმედ თითქმის ყველა კომპანიასთან თანამშრომლობს. მათ შორის ძალიან მსხვილ კომპანიებთანაც. „მერმისის“ განსაკუთრებულად აქტიური პარტნიორები არიან სამშენებლო სფეროში – „ანაგი“, „ემ კვადრატი“; კვების ობიექტები – „წისქვილი,“ „ამბასადორი,“ „იოტა,“ “რედისონ ბლუ ივერია“; მომსახურების სფერო – „ფრესკო,“ „გუდვილი“;ტურ-ოპერატორები – „გოლდენ თრეველი“, „გიდი“;სამკევრალო სახლები – ფაბრიკა „ელსელემა“, „მატერია“, „ევროტექსტი“ და ა.შ.
„მერმისის“ პარტნიორი კომპანიები
ნაზი შალვაშვილი, სამკერვალო სალონ „მატერიას“ ხელმძღვანელი: „სწავლისა და პრაქტიკის დასრულების შემდეგ ჩვენამდე ჩამოყალიბებული პროფესიონალები მოდიან. პრაქტიკის პერიოდშიც კი ჩვენ მათ ხელფასს ვუხდით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კადრებით კმაყოფილები ვართ და კარგია, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს პროფესიული განათლების განვითარებას. ზოგადად, ბაზარზე პროფესიული განათლების მქონე კადრებზე დიდი მოთხოვნაა. ჩვენს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მკერავების შოვნა ჭირს, მით უფრო ახალგაზრდების. ყველა ეძებს კარგ კადრს. აქედან გამომდინარე, პროფესიული განათლების მქონეს დასაქმების პრობლემა ნამდვილად არ აქვს.“
დასაქმება
როგორც EDU.ARIS.GE-ს კოლეჯში განუცხადეს, ყოველწლიურად კურსდამთავრებულების 95% საქმდება. აქედან 75-80% კოლეჯის ხელშეწყობით, დანარჩენი კი თვითდასაქმების გზით. თვიდასაქმებულებში არიან ისეთები, რომელთაც თავად იშოვნეს სამუშაო ამა თუ იმ კომპანიაში და ისეთებიც, რომლებმაც საკუთარი საქმე წამოიწყეს.
“თექის ოსტატები, დეკორატიული გამოყენებითი ქსოვილებისა და მინანქრის სპეციალისტები უფრო ხშირად თვითდასაქმების გზას ირჩევენ. თავიანთ პროდუქციას კი ინტერნეტის, სოციალური ქსელების საშუალებით ყიდიან. ისინი კოლეჯში იმასაც სწავლობენ, თუ როგორ მოიძიონ ბაზარი, როგორ დაამყარონ კომუნიკაცია პოტენციურ მყიდველებთან და ა.შ.“, – აცხადებენ “მერმისში”.
ანაზღაურება
კურსდამთავრებულთა ანაზღაურება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული – სფეროში არსებულ საშუალო ხელფასზე, სტუდენტის კომპეტენციაზე და ა.შ. საშუალოდ, ანაზღაურება 300 ლარიდან იწყება და იმატებს.
„სამკერვალო სფეროში საშუალო ხელფასი 300-800 ლარია. „თეგეტა მოტორსში“ მუშაობს ერთი ჩვენი კურსდამთავრებული და მისი ხელფასი 1400 ლარს შეადგენს. თუმცა მას უფრო მაღალი მოთხოვნებიც დაუწესეს. მაგალითად უცხო ენის კარგად ცოდნა.
„მზარეულებს საკმაოდ კარგი ხელფასი აქვთ – 500-დან 1000 ლარამდე. ასევე ელექტრიკოსებსაც. კომპანიის შესაძლებლობებსა და სპეციალისტის კომპეტენციას გააჩნია,“ – აცხადებენ „მერმისში“.