GE

პროფესიული განათლებიდან ამერიკის საელჩოს თანამშრომლობამდე – წარმატების ისტორიები კოლეჯ „მერმისიდან“

თბილისში მდებარე საზოგადოებრივი კოლეჯ „მერმისის“ კურსდამთავრებულთა შორის რთულია გამოარჩიო მხოლოდ სამი წარმატებული, ვინაიდან თითოეული საკუთარ საქმეში წარმატებულია. მათ განსხვავებული პროფესიები და ისტორიები აქვთ, მაგრამ აერთიანებთ პროფესიონალიზმი და კვალიფიციური ცოდნა, რომელიც კოლეჯში მიიღეს.

ამ სტატიაში სამ მათგანს გაგაცნობთ. ჩვენი გმირების ასაკი, პროფესია, საქმიანობის სფერო, მისწრაფებები და ხედვები განსხვავებულია. თუმცა, სამივეს უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს და სამივე დარწმუნებულია, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა პროფესიულ კოლეჯში ჩაბარება გადაწყვიტეს.

ამირან გვიჩია, 30 წლის

ამირანმა „მერმისში“ დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის 16-თვიან პროგრამაზე 2016 წელს ჩააბარა და ახლა, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელია. მანამდე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ, უმაღლესი განათლება მიიღო ეკონომიკის მიმართულებით. თუმცა, ვერც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და ვერც უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ვერაფერში გამოიყენა.

იხილეთ საზოგადოებრივ კოლეჯ “მერმისის” პროფესიული პროგრამები

ელექტროობა ყოველთვის აინტერესებდა და თავისით ცდილობდა “ჩხირკედელაობას”.28 წლის ასაკში კი გადაწყვიტა ჰობი პროფესიად და შემოსავლის წყაროდ ექცია.

„სწავლების პერიოდზე კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ძალიან საინტერესო პროცესი იყო, თეორიას და პრაქტიკას ერთად გავდიოდით. ჩვენს ჯგუფში იყვნენ 17 წლის ბიჭები, რომელთაც ნულიდან დაიწყეს და ძალიან კარგი პროფესიონალები დადგნენ. ბოლო ორი თვე საწარმოო პრაქტიკა „m2“-ში გავიარეთ“, – ამბობს ამირანი.

სწავლის დასრულების შემდეგ ცოტა ხანს კერძო შეკვეთებზე მუშაობდა. მალევე კოლეჯის ადმინისტრაციამ აშშ-ის საელჩოში გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ შეატყობინა და კონკურსში მონაწილეობის მიღება ურჩია. ამირანიც დათანხმდა და საკმაოდ მკაცრი ეტაპების გავლის შემდეგ საელჩოს თანამშრომელი გახდა. ამბობს, რომ ამას პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის გარეშე ვერაფრით შეძლებდა, რადგან იგი მის მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებდა.

„გვიანი არასდროსაა“ – ასე პასუხობს ამირანი ჩვენს მიერ დასმულ კითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენად მარტივია 28 წლის ასაკში პროფესიის შეცვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება და დასძენს, რომ პროფესიული განათლება სწორედ ამიტომაა უნიკალური- ნებისმიერი ასაკის ადამიანს აძლევს უფასო განათლების შანსს.

„მე უმაღლესი განათლებაც მივიღე და პროფესიულიც და შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიული განათლება ბევრად პრაქტიკულია. აქ ისეთი სპეციალობებია, რომელზეც ბაზარზე დიდი მოთხოვნაა და აქედან გამომდინარე, სამუშაოს შოვნა რთული არაა. გარდა ამისა, ესაა პროფესიები, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობასაც გაძლევს. სამსახურის დაკარგვის არ გეშინია, რადგან იცი, რომ შემოსავლის გარეშე არ დარჩები. მე პირადად ყველანაირი ხელსაწყო მაქვს და შემიძლია კერძო შეკვეთებზე ვიმუშაო, რაც საკმაოდ სარფიანია“, – აცხადებს ამირანი.

მისი რჩევა ახალგზრდებისა თუ არაახალგაზრდების მიმართ ისაა, რომ ისარგებლონ იმ შანსით, რასაც პროფესიული განათლება სთავაზობთ. ამირანს დაგეგმილი აქვს, რომ სამომავლოდ კიდევ ერთხელ მიმართოს პროფესიულ კოლეჯს და კვალიფიკაცია კიდევ უფრო აიმაღლოს.

მანანა ხორგუანი, 40 წლის

ქალბატონი მანანა პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ოჯახის შექმნისა და სამი შვილის გაჩენის შემდეგ მისი ძირითადი საქმე ოჯახზე ზრუნვა იყო. დიასახლისობა იქამდე გაგრძელდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს მთელი ცხოვრების ინტერესის დაკმაყოფილება არ გადაწყვიტა – კოლეჯ „მერმისში“ მივიდა და ამით დიასახლისის სტატუსს  გამოემშვიდობა.

კერვა ბავშვობიდან აინტერესებდა, თუმცა არასოდეს უცდია.  ამბობს, რომ მუდმივად მოსდიოდა იდეები ტანსაცმლის შექმნის თაობაზე, თუმცა მათთვის ფრთების შესხმის შესაძლებლობა არასოდეს მისცემია. სწორედ ამ ოცნების ახდენა გადაწყვიტა იმ ასაკში, როცა ადამიანთა უმეტესობა უკვე მიიჩნევს, რომ მისთვის რაიმე ახლის სწავლა და პროფესიის შეცვლა ძალიან დაგვიანებულია. ქალბატონმა მანანამ ეს სტერეოტიპი დაამსხვრია.

„მერმისში“ ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების 2.5 წლიანი კურსი მან 2018 წლის თებერვალში დაამთავრა. ამბობს, რომ კურსი საკმაოდ დატვირთული და ძალიან საინტერესო იყო – „შენ ქმნი დიზაინს, ესკიზს, არჩევ ქსოვილს, სტილს, თავად ქმნი თარგს, თავადვე ამუშავებ და კერავ. ანუ, პირველი ნაბიჯიდან ბოლო ნაბიჯამდე ყველაფერს თავად აკეთებ. გაფორმებითაც კი შენ აფორმებ. ყველაფერი ვისწავლეთ, რაც კი ტანისამოსის სრულყოფისთვისაა საჭირო – ქარგვა, ბისერებით ქსოვა, თექა და ა.შ. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ უბრალოდ კერვა ვისწავლეთ. რეალურად კი ეს საქმე უამრავ მიმართულებას მოიცავს- ხაზვასაც კი. ბევრმა ნახაზის გავლებაც კი არ იცოდა. ნულიდან დაიწყეს და პროფესიონალები დადგნენ. თუნდაც მე, არაფერი ვიცოდი, კერვასთან არანაირი შეხება არ მქონია. ახლა კი თამამად ვიტყვი, რომ ნებისმიერ რამეს ძალიან კარგად შევკერავ“, – ამბობს მანანა.

მისი აზრით, ამაში ლომის წილი სწავლების მეთოდს მიუძღვის – კოლეჯში საგაკვეთილო პროცესი ყოველდღიურად 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აკრძალული იყო გაცდენა და მკაცრად კონტროლდებოდა სტუდენტების აქტიურობა. ხშირი იყო გამოცდებიც, რაც სტუდენტებისაგან მზა პროდუქტის დადებას მოითხოვდა.

სწავლება თავდაპირველად თეორიით დაიწყო, სადაც სტუდენტებს ყველაფერს ასწავლიდნენ – ქსოვილების აგებულებას, შემადგენლობას, შეხამებას, შეხებითა და სუნით ქსოვილების გარჩევას, ქიმიურად დამუშავებას და ა.შ.

იხილეთ საზოგადოებრივ კოლეჯ “მერმისის” პროფესიული პროგრამები

შესაბამისად, ქალბატონი მანანა ამბობს, რომ ესაა პროგრამა, სადაც ნიჭი გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. იგი დარწმუნებულია, რომ ხატვისა და კერვის ნიჭის არმქონე ადამიანიც კი შეძლებს პროფესიონალად ჩამოყალიბდეს, ვინაიდან კვალიფიციური პედაგოგები თითოეულ საკითხს დეტალურად ხსნიან და სტუდენტს მანამდე არ ანებებენ თავს, სანამ მას ეს საქმე არ გამოუვა.

„მე პირადად საერთოდ არ ვიცოდი ქარგვა. თექაზე ხომ საუბარი ზედმეტია, მაგრამ ისე ხსნიდნენ, რომ შეუძლებელი იყო არ გესწავლა. როდესაც დიპლომის დაცვა გვქონდა, სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრებით ჩვენება მოვაწყვეთ. მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი ტანისამოსი გამოგვივიდა. თითოეულმა ჩვენგანმა თავად შევარჩიეთ თემა და წარმოვადგინეთ ბავშვის ტანისამოსი, საღამოს კაბები, საქორწინო  კაბა და ა.შ. ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს.  ეს პედაგოგების დამსახურება იყო. ვერც კი აღვწერ იმდენად კარგი პედაგოგები გვყავდა – თითოეული მათგანის თავისი საქმის უბადლო მცოდნე“, – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

სწავლის დასრულების შემდეგ ქალბატონ მანანას თავად კოლეჯის ადმინისტრაციამ შესთავაზა სამსახური – სულ ახლო წარსულში სტუდენტის სტატუსის მქონეს ახლა უკვე სხვები უნდა გამოეზარდა. გარდა ამისა, მან კერძო შეკვეთების მიღება დაიწყო. ამბობს, რომ ეს საკმაოდ შემოსავლიანი საქმეა, რადგან აღმოჩნდა, რომ ქალაქში პროფესიონალზე დიდი მოთხოვნაა. სამომავლოდ კი მას საკუთარი სამკერვალო სალონის გახსნის იდეა აქვს.  ბიზნესგეგმა უკვე შემუშავებულია, პროექტი – დაწერილი. ახლა ქალბატონი მანანა დაფინანსების თაობაზე პასუხს ელის.

მიაჩნია, რომ კერძოდ, დამოუკიდებლად მუშაობა ტანსაცმლის დიზაინერს მეტ ცოდნასა და გამოცდილებას აძლევს, ვიდრე რომელიმე, თუნდაც ძალიან წარმატებულ და ცნობილ სამკერვალო სალონში, ფაბრიკასა თუ დიზაინერთან მუშაობა. ამბობს, რომ როცა თავად გიწევს ყველა დეტალზე ფიქრი, თავად განსაზღვრავ სამოსის დიზაინს და თავადვე ასრულებ, ეს ბევრად მეტის მომცემია. გზრდის როგორც პროფესიონალს და  ფანტაზიას გივითარებს.

„მე უმაღლესი განათლებაც მივიღე და პროფესიულიც და თამამად ვამბობ, რომ ჩემი თავი პროფესიულ განათლებაში ვიპოვნე. იგი ყველანაირ პირობას გიქმნის იმისთვის, რომ ისწავლო და ძალიან მოკლე დროში დასაქმდე.  თანაც ეს ყველაფერი უფასოდ.  აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილი ხარ – იქნება ეს ტექნიკა, მასალა თუ ელემენტარული კალამი, ფანქარი და ბლოკნოტი. სტუდენტისაგან საჭირო მხოლოდ სურვილია. კოლეჯს უამრავ კომპანიასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლებიც მუდმივად ითხოვენ კადრებს სხვადასხვა პროფილით. ძალიან ბევრი სწავლის  დასრულებისთანავე საქმდება. წარმატებულ სტუდენტებს ლექციების წასაკითხად თავად კოლეჯშიც ტოვებენ “, – ამბობს ქალბატონი მანანა.

გულო ბალიანი, 21 წლის

გულომ „მერმისში“ სტილისტის პროფესია აითვისა. კურსი 17–თვიანი იყო, რომლის ფარგლებშიც ძირფესვიანად შეისწავლა სტილისტის საქმე და აგრეთვე ვიზაჟიც. ამბობს, რომ სტილისტობა ბავშვობიდან აინტერესებდა. პატარაობისას მუდმივად თოჯინების თმის დავარცხნითა და გალამაზებით იყო დაკავებული. გულოს ინტერესი დედის საქმიანობამაც განაპირობა, რომელიც აგრეთვე სტილისტია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პროფესიული განათლება აერჩია და კოლეჯ „მერმისს“ მიმართა.

კოლეჯში სწავლება, გულოს თქმით, საკმაოდ ინტენსიური იყო. ლექციები და პრაქტიკული სამუშაო ყოველდღიურად ჰქონდათ. მკაცრად კონტროლდებოდა სტუდენტების მოსწრება და სწავლის დონეც.

„თავდაპირველად თეორიის შესწავლა დავიწყეთ. მოგვიანებით უკვე პრაქტიკაც დაგვემატა. პრაქტიკები კოლეჯშივე გვქონდა. ადმინისტრაციას ყველანაირი პირობა აქვს ამისათვის – სრულად აღჭურვილია ყველანაირი ინვენტარითა თუ ხელსაწყოთი, რაც სტილისტს სჭირდება.

„მოგვიანებით, უკვე სალონებში გაგვანაწილეს და კვირაში ერთი დღე კოლეჯში მივდიოდით, დანარჩენ დღეებს კი სალონებში ვატარებდით. მე ამ სალონში გამომიშვეს – „ფრანკ პროვო“–ში, სადაც სამთვიანი პრაქტიკული სწავლება გავიარე და კიდევ უფრო მეტი რამ ვისწავლე“, – ამბობს გულო.

სალონის ადმინისტრაციამ ნიჭიერი გოგონა ადვილად შეამჩნია და პრაქტიკის დასრულების შემდეგ სამუშაოდ დარჩენა შესთავაზა. მას შემდეგ უკვე რვა თვე გავიდა.

ამბობს, რომ სალონში სამუშაოდ არაჩვეულებრივი გარემოა შექმნილი – მეგობრული კოლექტივი, რომელიც მუდმივად მზადაა დასახმარებლად და თანამშრომლები, რომელთაგანაც ყოველდღიურად სწავლობს რაღაც ახალს. სამუშაოც მრავალფეროვანია და აქ ყოველ დღე ერთმანეთისაგან განსხვავდება.

იხილეთ საზოგადოებრივ კოლეჯ “მერმისის” პროფესიული პროგრამები

„სტილისტის პროფესია არაა მხოლოდ თმის დავარცხნა და შეღებვა. სტილისტს სხვანაირი ხედვა სჭირდება, ზედმიწევნით უნდა იცოდეს სახის პროპორციები და ხვდებოდეს რომელ კლიენტს როგორი ვარცხნილობა მოუხდება, ან არ მოუხდება. უნდა გესმოდეს თმის და კანის ტიპები, რათა პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა შეძლო.

„კოლეჯის გარეშე ეს ყველაფერი არ მეცოდინებოდა. მასწავლებლები დეტალურად გვასწავლიდნენ ყველაფერს და სხვანაირად ასეთი ღრმა ცოდნა არ მექნებოდა. მართლაც ძალიან ხარისხიანი განათლება მოგვცა „მერმისმა“. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ჩემი ჯგუფელების უმეტესობა ძალიან სწრაფად დასაქმდა“, – ამბობს გულო.

გულოს უნდა მაკიაჟის ხელოვნებაც პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოს. სწორედ ამიტომ არ გამორიცხავს, რომ პროფესიულ განათლებას კიდევ ერთხელ მიმართოს. დარწმუნებულია, რომ თუკი ადამიანი  მოინდომებს, აუცილებლად გამოუვა და აუცილებლად შეძლებს აკეთოს საქმე, რომელიც გააბედნიერებს.

დასაქმების პერსპექტივები და ანაზღაურების ოდენობა პროფესიულ კოლეჯ „მერმისის“კურსდამთავრებულთათვის

აღნიშნული სტატია მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ გამოცემაში არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური