დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა
დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორი გუნდი გადავიდა. ნახევარფინალი 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდება.
„დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის სოფლიო ჩემპიონატი და სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი ამოცანების განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და წარმატების მიღწევა ყოველთვის ძალიან ძნელია. გამარჯვებისათვის საჭიროა როგორც ალგორითმიზაციის მეთოდების, ასევე დაპროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და ამ ცოდნას ჩვენი მონაწილე სტუდენტები ლექციებიდან და სპეციალურ საოლიმპიადო ჯგუფებში მეცადინეობის შედეგად იღებენ. ამ შეჯიბრებებში მონაწილეობით ჩვენი სტუდენტები კარგ გამოცდილებას იღებენ და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოვლენის საშუალება ეძლევათ. საბოლოო ჯამში კი, აქ მათ მიერ მიღწეული წარმატებები, გარდა იმისა, რომ დიდ როლს თამაშობს მომავალში მათ დასაქმების საქმეში, ასევე ღირსეულად წარმოაჩენს IBSU-ს მსოფლიო მასშტაბით“, – განაცხადა გიორგი მანდარიამ, ასოც. პროფესორმა, IBSU-ს საოლიმპიადო გუნდების ხელმძღვანელმა დაპროგრამებაში და საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელმა ინფორმატიკაში.
დაპროგრამებაში 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 111 ქვეყნის 3100-მდე უნივერსიტეტის, 18 000-მდე გუნდი (გუნდში 3 სტუდენტია) მონაწილეობს. მათგან ფინალში მხოლოდ 130 გუნდი გადის. 2019 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ერთადერთი იყო სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც ფინალში 130 გუნდში გავიდა და 62-ე ადგილი დაიკავა.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატბეის ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი