ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რას გააკეთებს სამინისტრო სწავლის სკოლებში გასაახლებლად
სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია ამ საკითხზე მსჯელობა. როგორც დღეს, 11 აგვისტოს ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო ეცდება 15 სექტემბრამდე ინფექცია იყოს დასტაბილურებული და ბავშვებმა განათლება ადგილზე მიიღონ:
„სწავლის პროცესთან დაკავშირებითაც მსჯელობა რა თქმა უნდა, შედარებით ადრეა გამომდინარე იქედან, რომ ჯერ არის აგვისტოს დასაწყისი. სწავლა საქართველოში იწყება 15 სექტემბრიდან და ჯანდაცვის სამინისტრო თავისი რეკომენდაციებით მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად დასტაბილურებული, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება ადგილზე განათლების მიღების“, – დაჰპირდა მინისტრი მოსწავლეებს.
რაც შეეხება, ბავშვებში მომატებულ ინფექციის შემთხვევებს, ჯანდაცვის მინისტრმა ფაქტი დაადასტურა, მშობლებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა და ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინება დაანონსა.
„ვხედავთ, რომ ბავშვებში არის მომატებული ინფიცირება და მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს და დაიცვან საკუთარი შვილები. დღესდღეობით ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ბავშვების დაცვა. თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მინისტრმა.
მოზარდებში კორონავირუსის შემთხვევების მატების შესახებ ისაუბრა დღეს, ტიკარაძის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც. მისი განმარტებით, ბავშვების და 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ინფიცირების პროპორციულმა რაოდენობამ მიმდინარე ტალღისას მოიმატა, თუმცა ბავშვთა საწოლები არ არის დატვირთული.
,,ბავშვებში ინფიცრების რაოდენობის გაზრდის გამო ჩვენ დავამატეთ ჰოსპიტალური საწოლები ბავშვთა ასაკის პოპულაციისთვის. მაგრამ, ბოლო პერიოდში იკვეთება, რომ ბავშვთა საწოლები არ არის დატვირთული, შემთხვევების დიდი ნაწილი არის მსუბუქი-საშუალო სიმძიმის და ოჯახები თანახმა არიან, რომ ბავშვები მართონ ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
წყარო: 1TV
ამავე თემაზე:
ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დადგეს მომენტი და პედაგოგებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს