ექვს საჯარო და ერთ კერძო სკოლას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა – სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს პარლამენტს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზეცაა საუბარი. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, არასრულწლოვნებთან დაკავშირებით სპეციალური დებულებებია გათვალისწინებული.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, 2019 წელს, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების 13 შემთხვევა შეისწავლა (აქედან 9 ეხებოდა მონაცემთა დამუშავებას საჯარო სექტორში (მათ შორის 3 – სამართალდამცავ ორგანოებში), ხოლო 1 – კერძო სექტორში). შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 9 ფაქტი გამოვლინდა. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ერთ კერძო და ექვს საჯარო სკოლას (მონაცემთა რამდენიმე დამმუშავებელს კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ერთზე მეტი დარღვევისთვის).
სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების შემთხვევაში, შესწავლილ საქმეებში მათი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ გამოკვეთილა, თუმცა გარკვეულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით, მათ დავალებები და რეკომენდაციები მისცეს.
„არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციაში (GDPR) ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვნები საჭიროებენ განსაკუთრებულ დაცვას, რადგან ისინი შესაძლოა არ ფლობდნენ საკმარის ინფორმაციას იმ უფლებების, რისკებისა და შედეგების შესახებ, რაც დაკავშირებულია მათი მონაცემების დამუშავებასთან. საერთაშორისო მიდგომებთან საქართველოს პრაქტიკის შესაბამისობისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის უკეთ უზრუნველსაყოფად, გასულ წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების მდგომარეობა სხვადასხვა სფეროში. განსახილველი შემთხვევები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეარჩია როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე მოქალაქეების/დაინტერესებული პირების მომართვის საფუძველზე“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშში.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE