„ეს პლაგიატი არ არის, თსუ დარჩება პირველი მიუხედავად კეთილმოსურნეების ან მტრების სურვილებისა“
თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მისი დისერტაციის გარშემო არსებულ კითხვებს დეტალურად უპასუხა. რექტორმა განაცხადა, რომ მისი ნაშრომი არ არის პლაგიატი და თქვა ისიც, რომ შესაძლოა, ვინმეს არ მოსწონდეს ის გეზი, რომელიც განვითარებისთვის თსუ-მ აირჩია.
რექტორმა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს შესაძლოა არის ინსტიტუციური მიუღებლობაც, რომ თსუ პირველია.
„ნამდვილად არ ვაპირებდი ამ რეჟიმში ჩემი დისერტაციის ირგვლივ აგორებულ ამბავზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ გავითვალისწინე ერთი ფაქტი, რომ ჩვენს სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს და მთლიანად უნივერსიტეტს არ მიადგეს ჩრდილი ამ მითქმა-მოთქმებით, ბევრი ციფრებით და პროცენტებით. ტერმინებით მანიპულირება ხდება, ძირითადად სოციალურ ქსელებში. ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნივერსიტეტის წარმატება არის შემდგარი ფაქტი ყველა პარამეტრით. პლაგიატის თემა არ დაწყებულა წელს ან ერთი თვის წინ, ეს დაიწყო იმით რომ თითქოსდა საერთოდ არ მაქვს დისერტაცია დაცული, შემდეგ იყო, რომ ის დიპლომი, რომელიც მე მაქვს არ არის ნამდვილი, რაზეც გავეცით პასუხი, იმიტომ რომ ვცდილობთ ვიყოთ ტრანსფარანტულები. როდესაც მე რექტორად ამირჩიეს, ძალიან კარგად ვიცოდი სად მოვდიოდი. ვიცოდი, რომ მოვდიოდი საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტში, ნომერ ერთ უნივერსიტეტში და დარწმუნებული ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიდი ხნის განმავლობაში იქნება, დარჩება ლიდერი უნივერსიტეტი არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ეს ასე იქნება მიუხედავად იმისა, თუ როგორი განწყობა ექნებათ ჩვენს კეთილმოსურნეებს, თუ ჩვენს მტრებს“, – განაცხადა რექტორმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნაწილი, რომელსაც ედავებიან, როგორც პლაგიატი, მის დისერტაციაში მოხსენიებულია ავტორთა გვარ სახელებით და ყველა მონაწილეს მადლობა აქვს გამოცხადებული.
„ეს პლაგიატი არ არის! ვინც გრძნობს თავს დაჩაგრულად და ფიქრობს, რომ მისი საავტორო უფლებები დაირღვა, მოვუწოდებ მიმართოს სასამართლოს. მეც დიდი სიამოვნებით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს სასამართლოში, ვიფიქრებ ამ თემაზე; როგორც ვიცი, უკვე მიმართავენ სასამართლოს, პირადად მე არა“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, 140 გვერდიანი დისერტაცია თემაზე „სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები” დაიცვა. თემაზე სატელევიზო რეპორტაჟი წლების შემდეგ მომზადდა. თემა კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიღებული დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც მითითებულია, რომ გიორგი შარვაშიძის ნაშრომის 34% ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ბროშურის ტექსტის იდენტურია.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება