„თსუ-ის რექტორის დისერტაცია 0%-იან პლაგიატს შეიცავს“ – urkund-ის დასკვნა და ახალი გარემოება საკითხის შესახებ
თსუ-ის რექტორ გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით კიდევ ერთი ანტი პლაგიატის პროგრამა (urkund) დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც მითითებულია, რომ ნაშრომი 0% -იან გადაცდომას შეიცავს და შესაბამისად პლაგიატის ფაქტი არ დასტურდება. დასკვნა 2019 წლის 27 დეკემბერსაა შედგენილი.
თსუ-ის რექტორი 17 წლის წინ დაცული სადისერტაციო ნაშრომის გამო პლაგიატში ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა დაადანაშაულა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიღებულ დასკვნას ეყრდნობა. დოკუმენტში მითითებულია, რომ გიორგი შარვაშიძის ნაშრომის 34% ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ბროშურის ტექსტის იდენტურია. არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტთა საბჭოს, რომელმაც ზემოთხსენებული ბროშურის ტექსტი შეადგინა, გიორგი შარვაშიძე ხელმძღვანელობდა. ანუ ის სადავო ტექსტის ერთ-ერთი ავტორია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნა ანტი პლაგიატის პროგრამა turnitin-ის მიხედვითაა გამოტანილი, თუცა იმავე პროგრამაში დამუშავების შედეგად თსუ-ის სადისერტაციო საბჭომ განსხვავებული შედეგი, 8%-იანი ცდომილება მიიღო, უნივერსიტეტის წარმომადგენლების განმარტებით ეს 8% იყო დამთხვევა ერთ-ერთ საკანონმდებლო დოკუმენტთან, რომლის გამოყენებაც კანონმდებლობით პლაგიატად არ ითვლება.
საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე გიგა კობალაძე ამბობს, რომ კანონმდებლობით არსებობს გამონაკლისი შემთხვევები რა დროსაც საჭირო არაა ავტორის მითითება.
„კანონი საავტორო უფლებით იცავს სამეცნიერო ნაწარმოებს, თუმცა ადგენს გამონაკლისებს რა შემთხვევაშიც საერთოდ არ არის დაცული საავტორო უფლება და ამ შემთხვევაში საუბარია საკანონდებლო აქტებზე, სახელმწიფო სიმბოლოებზე, სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რაზეც არ ვრცელდება საავტორო უფლება. მეორე შემთხვევაში კანონი ასევე უშვებს გამონაკლისს, რომ გამოვიყენოთ საჯაროდ გამოცემული ან გამოქვეყნებული ნაწარმოები, მოვახდინოთ ამ ნაწარმოების ციტირება ჩვენივე ნაწარმოებში, ოღონდ უნდა დავიცვათ ორი პირობა. ერთი, რომ მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს მიზანს და მეორე, უნდა მივუთითოთ წყარო ან ავტორი. დანარჩენ შემთხვევაში თუ ეს ამ გამონაკლისებში არ ჯდება, ბუნებრივია, რომ მაშინ საქმე გვაქვს საავტორო უფლების გამოყენებასთან, რაც საჭიროებს ნებართვას. თუ მოხდა დარღვევა, ერთდერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია დაადგინოს დარღვევა და პლაგიატის არსებობა არის სასამართლო“, – ამბობს გიგა კობალაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
თსუ-ის პროფესორი ირაკლი ბურდულის თქმით, საკანონმდებლო დოკუმენტის ციტირება არ არის საავტორო უფლების დარღვევა, ამის გარდა, წარმოუდგენელია 2020 წელს, არსებული რეგულაციები, 2003 წელს შექმნილ ნაშრომზე გავრცელდეს.
„მაშინ, როდესაც მოხდა აღნიშნული დისერტაციის დაცვა, განსხვავებული ვითარება იყო, 2006 წლის შემდეგ საქართველო შეუერთდა ბოლონიის პროცესს და აკადემიური ხარისხის მინიჭების პრინციპები შეიცვალა. ამიტომ არ შეიძლება 2006 წლის შემდეგ შემოღებული აკადემიური წერის სტანდარტები გავავრცელოთ 2003 წლის ნაშრომზე. პლაგიატი არის ის, როდესაც ავტორი სხვის ნააზრევს ასაღებს თავისად და იპარავს სხვის ნაშრომს, ან წინადადებას. ეს დოკუმენტი, რაზეც იყო ლაპარაკი რომ მოპარულია, არის კანონპროექტის განმარტებითი ბარათი და შესაბამისად მასზე საავტორო უფლება არ ვრცელდება. კანონმდებლობით განეკუთვნება ასეთ კატეგორიას სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონი, კანონპროექტი, განმარტებითი ბარათი და ა.შ. რომელზეც მითითება როგორც წესი არ ხდება ხოლმე. აქ ლაპარაკი შეიძლება იყოს მთელ ამ ისტორიაში ციტირების ტექნიკის დარღვევაზე და არა პლაგიატზე. ციტირების წესის დარღვევა არ არის ისეთი დანაშაული როგორიც ახლა სურთ წარმოაჩინონ. როდესაც ამ ადამიანმა დისერტაცია დაწერა მას ჰყავდა თავის ხელმძღვანელი, ვინც შეამოწმა ეს ნაშრომი, მერე შეიქმნა კომისია, რომელმაც მიზანშეწონილად ჩათვალა რომ ეს დისერტაცია ჩათვლილად გამოეცხადებინა“, – ამბობს ირაკლი ბურდული EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
მისივე თქმით, პლაგიატის საკითხის 17 წლის შემდეგ გააქტიურება კონკრეტულ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს, რომ უნივერსიტეტის ავტორიტეტს ჩრდილი მიადგეს.
„გახლავართ იურისტი და ყოველთვის მჭირდება ფაქტები, მაგრამ ძალიან ბევრი მოარული ხმა დადის რატომ 17 წლის შემდეგ? ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ იაგო კაჭკაჭიშვილი, ვინც ჩივის თუ რასაც შვება ვერ გამიგია, ან შედეგი რა უნდა დადგეს ამ თვალსაზრისით? ამ ადამიანს თითონ აქვს უნივერსიტეტის წინაშე დარღვეული პირობები. კერძოდ, იაგო კაჭკაჭიშვილი არის ჩვენი უნივერსიტეტის A კატეგორიის პროფესორი, რომელსაც არ აქვს არანაირი უფლება შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იყოს სხვა უნივერსიტეტთან, სხვა დაწესებულებასთან. მე როგორც ვიცი, უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მხრიდან დაწყებული იყო ამის თაობაზე მოკვლევა, რომ თსუ-ში მუშაობის პარალელურად სხვა უნივერსიტეტშიც მუშაობდა და იქიდანაც იღებდა ანაზღაურებას. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და პირდაპირ იკრძალება უნივერსიტეტის დადგენილებით. როდესაც მიდგა ლაპარაკი იმაზე, რომ დარღვევებიდან გამომდინარე, ამ კაცს ზარალი აენაზღაურებინა, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი მხრიდან 17 წლის წინანდელი ასე ვთქვათ გაუგებრობის ხელახლა წამოწევა. ჩემთვის ეს ცოტა სხვა ამბავს უკავშირდება და სხვა კონტექსტი აქვს. ასე მარტივად ეს საქმე არ არის და ჩემი აზრით, ემსახურება უნივერსიტეტის დისკრედიტაციას“, – ამბობს ირაკლი ბურდული.
სადავო დისერტაცია 17 წლის შემდეგ
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება