სადავო დისერტაცია 17 წლის შემდეგ
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის დისერტაციასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სპეციალისტების ჯგუფმა ნაშრომი შეისწავლა და იქ პლაგიატს ნიშნები გამორიცხა. ბრალდებების ავტორი კი, რომელიც ასევე თსუ-ის პროფესორია, მათი მხრიდან მანიპულაციაზე საუბრობს.
თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, 140-გვერდიანი დისერტაცია თემაზე „სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები” 2003 წელს დაიცვა, თუმცა კითხვები მის ნაშრომთან დაკავშირებით 17 წლის შემდეგ გაჩნდა, როცა თემაზე სატელევიზო რეპორტაჟი მომზადდა. თემა კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიღებული დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც მითითებულია, რომ გიორგი შარვაშიძის ნაშრომის 34% ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ბროშურის ტექსტის იდენტურია.
აღსანიშნავია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტთა საბჭოს, რომელმაც ზემოთხსენებული ბროშურის ტექსტი შეადგინა, გიორგი შარვაშიძე ხელმძღვანელობდა. ანუ ის სადავო ტექსტის ერთ-ერთი ავტორია. თსუ-ში ამბობენ, რომ დანარჩენი ავტორები დისეტრაციის ტექსტში მოხსენიებულნი არიან და მათ მადლობასაც უხდიან.
რექტორის დისერტაციაში შესაძლო პლაგიატის ფაქტების არსებობაზე ილიაუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მერ გაცემულ დასკვნაშია საუბარი, რომელიც უნივერსიტეტმა იაგო კაჭკაჭიშვილს საკუთარი მიმართვის საფუძველზე გადაუგზავნა.
“ერთმანეთს შედარდა თქვენს მიერ წარმოდგენილი ორი ტექსტი, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომი “სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები” და ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ბროშურა “საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები”.
წარმოდგენილ ტექსტებს შორის მსგავსების დასადგენად გამოყენებულ იქნა პროგრამა turnitin, რომლის დანერგვას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს პლუსის პროექტის ფარგლებში კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროგრამა turnitin აჩვენა ამ ორ ტექსტს შორის დამთხვევები, კერძოდ გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის ძირითადი ტექსტი ( სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე) რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირების და ბიბლიოგრაფიის მითითების გარეშე”, – ვკითხულობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილში.
იაგო კაჭკაჭიშვილი ამტკიცებს, რომ თსუ-ის რექტორი საკუთრი თანამშრომლების გამოყენებით, პლაგიატის ჩაფარცხვას ცდილობს.
„ალბათ, იკითხავთ – რა შუაშია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი? შარვაშიძემ დისერტაცია დაიცვა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს გახლავთ ილიას უნივერსიტეტი. ამდენად, სავსებით ლეგიტიმურია, რომ ეს საკითხი განიხილა იმ უნივერსიტეტმა, რომელშიც დისერტაცია შესრულდა. სხვა მიზეზიც მაქვს, რატომაც მივმართე ილიას უნივერსიტეტს: თსუ-ის რექტორისგან მანიპულაციების მეტს არაფერს ველოდი და, სამწუხაროდ, ასეც მოხდა:
„რექტორმა, ცალკეული პროფესორების მონაწილეობით, შეთხზა ასეთი აბსურდული ვარიანტი: თავისი დისერტაცია გაატარა ანტიპლაგიატის პროგრამაში (Turniitin) ისე, რომ ამავე პროგრამაში, შედარების მიზნით, არ შეუტანია ბროშურა, რომლის ტექსტიც მან თავის დისერტაციაში უცვლელად გადაიტანა და რომლის ავტორი თავად არ არის! ცხადია, რომ ასეთი მანიპულაციის შედეგად პროგრამა პლაგიატს ვერ აღმოაჩენდა. თსუ-ის რექტორმაც აკადემიურ საბჭოზე სასწრაფოდ გაიტანა საკითხი მისი უცოდველობის შესახებ. დიახ, ველოდებოდი თსუ-ის რეაქციას და როდესაც დავრწმუნდი, რომ ეს სამარცხვინო ფაქტი რექტორის კულუარულ-მანიპულატორული ძალისხმევით მიიჩქმალა, მივმართე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც ლეგიტიმურ დაწესებულებას.
„შარვაშიძეს და მის თითზე ჩამოსათვლელ დამცველებს ასეთი „არგუმენტი“ მოაქვთ: ეს 41 გვერდიანი ტექსტი პარლამენტის დადგენილებაა, ხოლო დადგენილებას ციტირება არ ეხებაო. უსუსური არგუმენტია: ჯერ ერთი, ეს ტექსტი (რომელიც მანამდე ბროშურის სახით გამოიცა) არის დადგენილების განმარტებითი ბარათი, მისი კონცეპტუალური საფუძველი და ექსპერტთა ჯგუფის ინტელექტუალური შრომის ნაყოფი. ამდენად, მოხდა არა დადგენილების, არამედ საექსპერტო პროდუქტის გამოყენება მისი დამოწმების გარეშე; და მეორეც, რომელი დისერტაცია გულისხმობს 41-გვერდიანი თუნდაც დადგენილების უცვლელად გადატანას და დისერტაციის ერთ სრულ თავად ქცევას, მითითების გარეშე? ასე რომ, ბ-ნო რექტორო, მოეშვით საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას, სირცხვილია“, – წერს პროფესორი და სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ კითხვების გაჩენისთანავე მათ რექტორის დისერტაციის ტექსტი მართლაც იგივე Turniitin პროგრამაში შეამოწმეს და მხოლოდ 8% იანი დამთხვევა აღმოაჩინეს, რაც პლაგიატად არ იქნა მიჩნეული.
„კითხვები როდესაც გაჟღერდა ჟურნალისტების მხრიდან, დავინტერესდით რაში იყო საქმე, შესაბამისად გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული პროგრამა, ეს გახლდათ ანტიპლაგიატის პროგრამა Turniitin. პროგრამამ დადო დასკვნა და აჩვენა გარკვეული თანხვედრები. შემდეგ მოხდა ამ თანხვედრების შესწავლა რაც ეხებოდა მხოლოდ საკანონმდებლო დადგენილებას და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო პლაგიატად. მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და პრინციპში კითხვები აღარც გაჩენილა. დისერტაციის ტექსტშიც არის მითითებული ეს დადგენილება და ის ავტორებიც ვინც მასზე მუშაობდა. მე არ ვიცი რა ბროშურაზე საუბრობთ, Turniitin-ის პროგრამამ აჩვენა 8%-იანი დამთხვევა, საკანონმდებლო დადგენილებაზეა საუბარი, პლაგიატი არ დადასტურდა, შესაბამისად ვერ იქნება საუბარი ვერანაირ პასუხისმგებლობაზე, ვინმეს თუ აქვს განცდა, რომ მისი ინტელექტუალური საკუთრება შეილახა, ამისთვის არსებობს სპეცილური გზები მაგალითად სასამართლო“, – განაცხადა თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა ქეთევან ხუციშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი ვასილ გონაშვილი კი ამბობს, რომ რეალურად დავა არის ტექნიკური საკითხის გამო, ავტორების მითითების ადგილზე და წესზე. მისივე თქმით, როდესაც ეს დისერტაცია დაიცვეს, მაშინ ავორტორების მითითების შესახებ კონკრეტული რეგულაციები არ არსებობდა.
“ზოგადად, პლაგიატი გულისხმობს სხვისი ნაშრომის მითვისებას, ისე რომ დაირღვეს საავტორო უფლებები. ამ შემთხვევაში ეს არ გვხვდება, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ფორმალური ხასიათიდან გამომდინარე, სად არის მითითებული საავტორო უფლებების შესახებ. ანუ როდესაც ხდება ნაშრომის გამოყენება, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სადმე რომელი წყაროდან იხელმძღვანელა პიროვნებამ. დასკვნაშიც წერია, რომ არ არის გამოყენებული სქოლიოში და არ არის მითითებული ბოლოს, გამოყენებულ ლიტერატურაში. კი ბატონო, იქ არ არის მითითებული, მაგრამ სამაგიეროდ მითითებულია თავად დისერტაციის ტექსტში, რომ გამოყენებულია ეს ნაშრომი, ანუ მხოლოდ ტექნიკურ საკითხთან გვაქვს საქმე და ეს ტექნიკური საკითხებიც იმ პერიოდში 2003 წელს, როდესც დისერტაციის დაცვა მოხდა არსად არ იყო მითითებული. ანუ, სად უნდა ყოფილიყო რეალურად გამოყენებული ლიტერატურა მითითებული სქოლიოში თუ ტექსტში, ამის შესახებ არანაირი რეგულაცია არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ პიროვნებაზე შეიძლება ანალოგიური დასკვნა დადოს პროგრამამ, ვისაც გამოყენებული აქვს, რომელიმე ნორმატიული მასალა. მთავარია ის, რომ ბატონ რექტორს თავად დისერტაციაში მითითებული აქვს და მადლობაც აქვს გადახდილი მათთვის, ვინც თანაავტორები არიან”, – ამბობს ვასილ გონაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
საბოლოოდ ირკვევა, რომ თსუ-ის რექტორის დისერტაციაზე, არსებობს ერთი და იმავე პროგრამით, ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული რადიკალურად განსხვავებული დასკვნა.
„უბრალოდ ძალიან გაოცებული ვარ, რომ ერთსა და იმავე ტექსტზე ერთმა და იმავე პროგრამამ სხვადასხვა შედეგი მოგვცა. რა გითხრათ? ჩვენ მივიღეთ 8%-იანი დასკვნა და ეს 8% გადავამოწმეთ და მეც მიკვირს, როგორ შეიძლება სხვადასხვა პროცენტი აჩვენოს?“, – ამბობს თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ქეთევან ხუციშვილი.
მისივე თქმით, პლაგიატის დამტკიცების შემთხვევაში, საკითხზე ხარისხის გამცემი ორგანო მსჯელობს, თუმცა ამ შემთხვევაში, ასეთი ორგანო ქვეყანაში ფიზიკურად აღარ არსებობს, რადგან რამდენიმე წლის წინ, რეფორმის ფარგლებში სწავლულ ექსპერტთა საბჭო გაუქმებულად გამოცხადდა და უნივერსიტეტებში ხარისხის მინიჭება სხვა პრინციპებით დაიწყო.
დისერტაციასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვთ ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოში, ორგანიზაციის წარმომადგენელი დარწმნებულია, რომ ტექსტის გამოყენების შესახებ ნაშრომში გარკვეული ფრომით მინიშნება იქნებოდა.
საკითხის სამართლებრივი გადაწყვეტის ერთადერთი გზა სასამართლოა, რომელმაც უნდა დაადგინოს, 17 წლის წინ შედგენილ ნაშრომში ტექნიკური გაუმართაობაა თუ პლაგიატის ნიშნები.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება