ევროპის წამყვანი პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტთა პირველი ნაკადს უკვე რამოდენიმე კვირაში უმასპინძლებს. უნივერსიტეტში სწავლება წელს სამ საბაკალავრო პროგრამაზე განხორციელდება: კომპიუტერული მეცნიერებები, მენეჯმენტი და მათემატიკა.
KIU-ს სტუდენტებს უნივერსიტეტში დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების სრულად მოწყობილი სტუდენტური საცხოვრებლები, სტუდიოს ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სველი წერტილებით, საძინებლით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი და სამეცადინო კუთხით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ინტერნეტის უწყვეტი კავშირით.
„KIU-ში სტუდენტებს ეყოლებათ ქართველი და გერმანელი პროფესორები, დარგის სპეციალისტები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად შემუშავებული პროგრამებით ასწავლიან სტუდენტებს მაღალტექნოლოგიურ გარემოში.
მენეჯმენტის პროგრამაზე აბიტურიენტებს პირველ სემესტრში ლექციებს წაუკითხავენ გერმანელი პროფესორები: რუპერტ ბრენდმაიერი, მარტინ კუპიეკი, ბეტინა მაცინოვსკი. ასევე, ქართველი პროფესორები – აკაკი ხელაძე და მურთაზ კვირკვაია.
პროფესორი რუპერტ ა. ბრენდმეიერი აქვს საერთაშორისო კომპანიებში საჯარო სექტორსა და აკადემიაში მუშაობის 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება; მისი მთავარი კვლევითი ინტერესი არის ლიდერობა, ინოვაციების მენეჯმენტი და გამძლეობა.
პროფესორი რუპერტ ბრენდმაიერი არის პროექტების სერტიფიცირებული მენეჯერი (PMP). იგი ფლობს CISM, SSCP და SCRUM-Master სერტიფიკატებს. ბრენდმაიერი იყო შუა აღმოსავლეთისა და გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მენეჯმენტის ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი. ბრენდმაიერს გამოქვეყნებული აქვს სტატიები კიბერ უსაფრთხოების, ბიზნესის დაზვერვის და ბაზრის შესვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – აცხადებს KIU-ს მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნათია ზედგინიძე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ სტუდენტებს ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვნად განსხვავებულ ცოდნას შესთავაზებენ KIU-ში. ამის საფუძველი კი, მისი თქმით KIU-ს პროფესორების მრავალწლიანი, მრავალფეროვანი და საერთაშორისო გამოცდილებაა.
„კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები ჰელმუტ ზაიდლი და ვოლფგანგ პოლი. მათთან ერთად სასწავლო პროცესში მონაწილეობას მიიღებს ქართველი პროფესორები ია მოსაშვილი და ბესიკ დუნდუა.
ჰელმუტ ზაიდლი გახლავთ, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ამავე უნივერისტეტში ხელმძღვანელობს ენებისა და სპეციფიკაციების ფორმალიზმის მიმართულებას. პროფესორი ზაიდლი KIU-ში წაიკითხავს “ინფორმატიკის შესავალს“. ეს არის სწორედ ის კურსი, რომელსაც იგი მიუნხენის ტექნიკურ უნივერისტეტში კითხულობს. ისევე როგორც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ კურსს აქვს თანმდევი ლაბორატორიული კურსი „პროგრამირების საფუძვლები“, რომელსაც ასევე პროფესორი ზაიდლი გაუწევს კურირებას. „ინფორმატიკის შესავალი“ და „პროგრამირების საფუძვლები“ ერთად წარმოადგენს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფლაგმან შესავალ სასწავლო კურსს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების მიმართულებით და ზუსტად ანალოგიურ სასწავლო კურსს სთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის პირველკურსელებს.
დიდი მიღწევები აქვს პროფესორ ზაიდლს მეცნიერებაში, რაც ასევე საინტერესო იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი კომპიუტერულ მეცნიერებაში A და A* რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებსა და კონფერენციების შრომებში.
პროფესორ ზაიდლს აქვს ადმინისტრაციული და ახალი პროგრამების დანერგვის გამოცდილება. მიუნხენის ტექნიკურ უნივერისტეტში იგი იყო ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, წვლილი შეიტანა „Game Engineering”-ის და „Data Engineering”-ის პროგრამების დაფუძნებაში, ძალიან კარგად იცნობს სასწავლო პროცესს და მოხარული ვარ რომ ის დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამას ყავს თანა-ხელმძღვანელი, ცნობილი და წარმატებული მეცნიერი ვოლფგანგ ჯ. პოლი, რომელიც ჩვენთან კომპიუტერის არქიტექტურის კურსს წაიკითხავს. პოლმა სადოქტორო დისერტაცია 22 წლის ასაკში დაიცვა თეორიულ კომპიუტერულ მეცნიერებებში. არის ლაიბნიცის პრიზის მფლობელი და მას ასევე აქვს ერთ-ერთი ცნობილი და დიდი ამერიკული კომპანიის IBM-ის პრიზი ინოვაციებში (IBM invention achievement award).
პროფესორი პოლი მრავალ სამეცნიერო პროექტს ხელმძღვანელობდა. მას 65 დოქტორანტი ყავს გაზრდილი, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტსა და წამყვან კომპანიებში წარმატებით განაგრძობენ მოღვაწეობას. პოლს დაწერილი აქვს წიგნები და სახელმძღვანელოები, რომელიც სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტში ისწავლება და ჩვენი სტუდენტებიც ამ წიგნებით დაიწყებენ კომპიუტერის არქიტექტურის შესწავლას. ის მრავალმხრივ საინტერესო პიროვნებაა და ამის ერთ-ერთი დასტურია კარატეს სამგზის მსოფლიო ჩემპიონთან ერთად დაწერილი წიგნი კარატეს შესახებ.
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაში წრფივი ალგებრის კურსს პროფესორ ანზორ ბერიძესთან ერთად წაიკითხავს პროფესორი მარკუს ნოიჰაუზერი. მას აქვს სწავლებისა და მუშაობის გამოცდილება ისეთ წამყვან გერმანულ უნივერისტეტებში, როგორიცაა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და აახენის ტექნიკური უნივერსიტეტი. გარდა ამისა იგი ასწავლიდა გერმანიისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში, ასევე ის იყო ომანში გერმანული უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვყავს პროფესორები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
პროფესორ ნოიჰაუზერის კვლევის ინტერესების სფერო დაკავშირებულია Lehmer-ის ჯერ კიდევ გადაუჭრელ ჰიპოთეზასთან და ფილდსის მედალის მფლობელის J.P.Serre-ის თემატიკასთან. იგი მუშაობს ფუნდამენტურ მათემატიკაში და ასევე მუშაობს მიღებული შედეგების პოტენციური გამოყენების მიმართულებით.
მათემატიკის მიმართულებით ჩვენ კიდევ ერთი საინტერესო პროფესორი გვყავს, ეს არის ფლორიან რუპი, რომელიც კალკულუსის კურსს წაიყვანს პროფესორ გიორგი ონიანთან ერთად. პროფ. რუპს მიღებული აქვს ორი სასწავლო პრიზი. ეს არის ფელიქს კლაინის პრიზი და ერნსტ ოტო ფიშერის პრიზი.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესორ ფლორიან რუპსაც სხვადასხვა ქვეყანაში სწავლების მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. იგი ასწავლიდა გერმანიის, ავსტრიის, სამხრეთ აფრიკისა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. ჩატარებული აქვს ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება და გამოფენა, რომელიც მათემატიკის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. მისი კვლევის ინტერესების სფეროს დინამიური სისტემები წარმოადგენს და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. საინტერესოა აკადემიური სივრცის გარეთ მისი მოღვაწეობა, როცა ის თავის ცოდნას და გამოცდილებას საკონსულტაციო მომსახურებისთვის იყენებს, მაგალითად, როგორიცაა ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ონლაინ და ოფლაინ ტრეინინგის კონცეფცია შეიარაღებული ძალებისთვის, ახლო აღმოსავლეთის წამყვანი ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი სტრატეგიის შემუშავება, თამაშთა თეორიაზე დაფუძნებული აუქციონის დიზაინი ახალი პლატფორმისთვის, კონცეფციის დიზაინი და ციფრული პროტოტიპის იმპლემენტაცია ნავთობის მარაგების ოპტიმალური მართვისთვის და ა.შ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ძალიან კარგად ბალანსირებული გუნდი შეიკრა, რომლის წევრები განსხვავებული და ერთმანეთის შემავსებელი გამოცდილებებით გამოირჩევიან. შედეგად ძალიან ბევრ საინტერესოს შევთავაზებთ ჩვენს სტუდენტებს, არამარტო მივცემთ ძალიან კარგ ცოდნას, არამედ ვასწავლით ამ ცოდნის გამოყენებასაც“, – აცხადებს რამაზ ბოჭორიშვილი.
- მომავლის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამებზე მიღება დაიწყო by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპაში წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი