GE

„ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპაში წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს

ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ფინანსებისა და ინფორმაციული მენეჯმენტის სინთეზით, ინტეგრაციით და ვისაც სურს ემპირიულ-ანალიტიკური სამუშაო მეთოდებისა და ინფორმაციული სისტემების მეშვეობით ფინანსების მართვა, მონაცემების დამუშავება, ანალიზი და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მმართველობითი გადაწყვეტების მიღება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ქვეყანაში პირველ და ინოვაციურ, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად ელოდებიან.

პროგრამა, რომელსაც „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” ეწოდება, ევროპის ლიდერ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით ხორციელდება და მასში მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტის, ტორონტოსა და სხვა უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები არიან ჩართულნი. იგი ინტერდისციპლინური ხასიათისაა. წარმოადგენს ფინანსური მენეჯმენტის, ეკონომიკის, ფინანსური მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ნაზავს და ორიენტირებულია ფინანსურ სფეროში ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაზე. მისი მიზანია კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება და პრაქტიკოსი მენეჯერების გამოცდილების გაზრდა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის სფეროში.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, პროგრამის შექმნის იდეა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში, იმის გაცნობიერებამ, რომ არამხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, დღეს, ტექნოლოგიების ერაში, შრომის ბაზარზე მზარდია მოთხოვნა ისეთ სპეციალისტებზე, რომლებიც ფლობენ როგორც დარგობრივ კომპეტენციებს კონკრეტული მიმართულებით (მაგალითად: ეკონომიკა, ფინანსები, მედიცინა და.ა.შ.), ისე ტექნოლოგიების გამოყენების, დარგის რელევანტური ტექნოლოგიების, ან ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნის კომპეტენციებს. ამბობენ, რომ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია კომპანია, ნებისმიერ სექტორში, იყოს მოქნილი, კონკურენტუნარიანი, თანამედროვე და მომხმარებელზე ორიენტირებული. ყველა ამ უნარის ფლობა კი, მათი თქმით, ნიშნავს სპეციალისტს, რომელიც შეძლებს კომპანიაში ერთის მხრივ კონკრეტული დარგობრივი მიმართულებით მთელი რიგი საკითხების, მონაცემების, პრობლემების, ამოცანების, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და ანალიზს, მეორე მხრივ კი მათი გადაჭრის ტექნოლოგიური მოდელების შექმნას დამოუკიდებლად, რაც დღეს დამსაქმებელს სჭირდება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. KIU-ს ბაზაზე TUM-ის ანალოგი პროგრამები ფუნქციონირებს: მენეჯმენტის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის. ამჯერად კი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე შეჩერდა არჩევანი და გადაწყდა, რომ იგი მენეჯმენტის სკოლაში მის მესვეურებთან, შემქმნელებთან ურთიერთთანამშრომლობით დანერგილიყო. უნივერსიტეტში განგვიმარტავენ იმასაც, რომ FIM – „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“, რომელიც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) 2004 წელს შეიქმნა, სამაგისტრო პროგრამების სარეიტინგო სისტემის მიხედვით (CHE Master Ranking), ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გერმანიაში ნომერ პირველ პროგრამად სახელდება და 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში Die Zeit და Handelsblatt უნივერსიტეტების ეროვნულ რეიტინგში ყველა კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

პროგრამა ორიენტირებულია, ფინანსურ სექტორში მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომლებიც სხვადასხვა ბიზნეს სექტორში ახალი ბიზნეს მოდელების და გადაწყვეტების შექმნას შეძლებენ: „შესაბამისად, პროგრამა მიზნად ისახავს ციფრული ტრანსფორმაციის ერაში, სტუდენტებისთვის თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით ცოდნისა და კარიერული შესაძლებლობების განვითარებაში ხელშეწყობას, შემდგომში ფინანსურ სექტორში პროფესიული წარმატების მისაღწევად“, – აღნიშნავენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

პროგრამას ორი ხელმძღვანელი ჰყავს – მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მათემატიკური ფინანსების კათედრის ხელმძღვანელი, აღნიშნული პროგრამის შემქმნელი და განმახორციელებელი, პროფესორი რუდი ზაგსტი და მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ნათია ზედგინიძე. რესპონდენტის ამპლუაში ისინი გვიყვებიან ყველაფერს, რაც პროგრამას უკავშირდება:

“FIM პროგრამის იდეა და მიზანია პასუხისმგებლობის მქონე ლიდერების ჩამოყალიბება, რომლებიც ქვეყნის მომავალს შექმნიან. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვთავაზობთ უმაღლეს განათლებას FIM პროგრამის ძირითად სფეროებში, როგორიცაა რაოდენობრივი ფინანსები, ფინანსური მართვა და ინფორმაციის მენეჯმენტი. ვასწავლით სამეწარმეო და ურთიერთობის უნარებს, როგორიცაა კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში პროფესორი რუდი ზაგსტი.

„ორწლიანი FIM სამაგისტრო პროგრამის მიზანია ფინანსებისა და ინფორმაციული მენეჯმენტის სფეროში გლობალურად კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, ხოლო პრაქტიკოს მენეჯერებში ტექნიკური, ტექნოლოგიური, ფინანსებში დარგობრივი ცოდნის გაღრმავება და ახალი, ტენოლოგიებზე ორიენტირებული უნარების გამომუშავება-განვითარება. აღნიშნული მათ შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებლად შეიმუშაონ ბიზნეს მოდელები ტექნოლოგიების გამოყენებით და იპოვონ გადაწყვეტები ფინანსურ საკითხებთან მიმართებით; განსხვავებული ცოდნა და გამოცდილება მიიღონ კარიერის დაგეგმვის ნებისმიერ ეტაპზე, იყვნენ ბევრად უფრო მოთხოვნადი თანამედროვე შრომის ბაზარზე, თავად შექმნან შემოსავლის ახალი შესაძლებლობები და აითვისონ ბაზარზე ახალი სივრცეები, ახლებურად დაგეგმონ და მართონ ფინანსური სექტორი“, – აცხადებს პროფესორი ნათია ზედგინიძე.

ჩვენს კითხვაზე, თუ რას სთავაზობს პროგრამა ახალგაზრდა სპეციალისტებს, რა მთავარ სარგებელს მიიღებენ მასში ჩართვის შემთხვევაში და რა შესაძლებლობები ექნებათ კურსდამთავრებულებს, პროფესორი ზაგსტი გვპასუხობს, რომ სტუდენტები ისარგებლებენ ისეთი ექსკლუზიური უპირატესობებით, როგორიცაა ფინანსებისა და ინფორმაციის მართვის უნიკალური კომბინაცია, მცირე კლასები, რომლებიც კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნის გარანტიაა, თითოეული სტუდენტის პერსონალურ მხარდაჭერა მასწავლებლისგან, ინდივიდუალური სწავლება (ქოუჩინგი) აკადემიური და პროფესიონალი მენტორების მიერ, რომლებიც დაეხმარებიან კარიერის ინდივიდუალურ დაგეგმვასა და პიროვნულ განვითარებაში. და ეს ყველაფერი არაა:

„გამოცდილი მენეჯერები თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას სტუდენტებს გადასცემენ; სასწავლო პროგრამის არსებულ და მომავალ განვითარებას საკონსულტაციო საბჭოში განიხილავენ. სწავლების პროცესში ისინი მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო სემინარებში, პრაქტიკულ სწავლებაში კონკრეტული შემთხვევის ანალიზითა და პრაქტიკული მეცადინეობებით. ასევე, საკომუნიკაციო უნარების სემინარებსა და ტრენინგებში. საკომუნიკაციო უნარების სასწავლო კურსები, საზაფხულო სკოლები და პროექტები ბიზნეს პარტნიორებთან პროგრამის განსაკუთრებული პირობაა. თანამშრომლობა საერთაშორისო, მაღალი რეიტინგის მქონე, ცნობილ უნივერსიტეტებთან, ინსტიტუტებთან და მეცნიერებთან პროგრამას უნიკალურ საერთაშორისო და მიმზიდველ სასწავლო გარემოს სძენს“, – დასძენს პროფესორი ზაგსტი.

პროგრამის ხელმძღვანელი, ნათია ზედგინიძე კი განმარტავს, რომ FIM პროგრამა მომართულია გამოუშვას ისეთი კურსდამთავრებულები, რომლებიც შეძლებენ დასაქმებას, ან საქმიანობის გაგრძელებას ფინანსურ სექტორში, ფინტექ სექტორში, სადაზღვევო-ტექ და საინვესტიციო ბიზნესში, ციფრული-ფინანსური სერვისების საკონსულტაციო მიმართულებებში, კონცეპტუალური პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის სექტორში, ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ სექტორში, IT და მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით და ა.შ. იქ, სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიური მოდელების შემუშავების საჭიროებაა. ანუ, თითქმის ყველგან.

„პროგრამა მდიდარია ისეთი სასწავლო კურსებით, როგორებიცაა: ბლოკჩეინების სისტემის ინჟინერია (Blockchain Based Systems Engineering), საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპლექსური შემოწმება და აუდიტი (IT Due Diligence & Audit), ფინანსური ეკონომეტრიკა (Financial Econometrics), მანქანათმცოდნეობა (Маchine Learning), ციფრული შეფერხება, ინოვაცია და ტრანსფორმაცია (Digital Disruption, Innovation and Transformation) და სხვა. FIM არის ახალი თაობის მენეჯერებისა და ლიდერებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, საკუთარ შესაძლებლობებში არიან დარწმუნებული, აქვთ საკუთარი მომავლის მკაფიო ხედვა და აქვთ ამბიცია – განვითარდნენ და იყვნენ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ასპარეზზეც“, – დასძენს პროფესორი ნათია ზედგინიძე.

პროგრამაზე ჩარიცხვას შეძლებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკა, ბიზნეს და საინფორმაციო ინჟინერია, ბუღალტერია, ფინანსები, ფიზიკა, ელექტრული ინჟინერია, ინსტრუმენტები, ავტომატიზაცია და საკონტროლო სისტემების ინჟინერია, მათემატიკა, სტატისტიკა, ან სხვა მონათესავე სფეროები. პროგრამა, სრულად ინგლისურ ენაზე იქნება მიწოდებული საერთაშორისო აკადემიური პერსონალის მიერ. შესაბამისად, უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მასზე მოხვედრის მსურველებს, საჭირო კომპეტენციის გარდა, ძლიერი მოტივაციაც დასჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა მომავალ სტუდენტებს წინასწარვე საკმაოდ მაღალ სტანდარტებს უწესებს, უნივერსიტეტში დარწმუნებულები არიან, რომ მასზე მაღალი მოთხოვნა იქნება. ამ ვარაუდის საფუძველს კი აძლევთ ის ფაქტი, რომ „იგი თავისი შინაარსითა და სტრუქტურით უნიკალურია როგორც საქართველოს, ისე ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, რაც მთელი რიგი გარემოებებითაა განპირობებული“.

პროგრამის შექმნა გამოიწვია იმ საჭიროებამაც, რაც KIU-ს ორგანიზაციულ სტრუქტურაში მოქმედმა საერთაშორისო ინდუსტრიულმა საბჭომ გამოავლინა (Internationa Industry Council), რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო უმსხვილესი დამსაქმებლებითაა დაკომპლექტებული. მათთან უნივერსიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ამბობენ, რომ მათ მიმდინარე და მომავალი საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვთ – იციან როგორი სპეციალისტები სჭირდებათ და რომელ სექტორში.

„ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამის მიმართ ინტერესი მაღალი იქნება. თუმცა, ჩვენის მხრიდანაც ვცდილობთ დავაინტერესოთ მომავალი სტუდენტები და ვთავაზობთ უნიკალურ შეღავათებს. კერძოდ; КIU აფინანსებს საქართველოს მოქალაქეებს, პროგრამის 10 საუკეთესო სტუდენტის სწავლას. აღნიშნულ პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის საფასური წლიური 12 250 ლარია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 7,000 ევრო. თანხაში შედის: სწავლის საფასური, განთავსება ერთ ოთახიან სტუდიოში KIU კამპუსში, KIU შიდა საუნივერსიტეტო შატლები, ლეპტოპი, ონლაინ ბიბლიოთეკა და ა.შ“, – გვიყვება ნათია ზედგინიძე.

პროგრამის მაღალ რეიტინგზე საუბრობს რუდი ზაგსტიც და ჩვენს კითხვაზე – რამდენად პოპულარულია ეს პროგრამა გერმანიაში და რამდენად მაღალანაზღაურებადი და კონკურენტუნარიანი არიან კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე, გვპასუხობს, რომ FIM გერმანიაში ნომერ პირველი პროგრამა ეკონომიკის სექტორში. სტუდენტებს კი, ჩვეულებრივ, კამპუსიდან, სწავლის დასრულებამდევე, ასაქმებენ.

„მრავალფეროვანია იმ სფეროების ჩამონათვალი, სადაც FIM-ს კურსდამთავრებულებს შეუძლიათ იპოვონ სამუშაო, ან გააგრძელონ თავიანთი პროფესიული კარიერა. იგი მოიცავს ყველა სექტორს, სადაც ფინანსების, გაციფრულებისა და ინოვაციის სპეციალისტები სჭირდებათ. სწორედ ეს სექტორები იქნება ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი 2030 წლისთვის“, – დასძენს პროგრამის ხელმძღვანელი გერმანიიდან.

პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. სასწავლო პროცესი კი 2023-2024 სასწავლო წლიდან აიღებს სტარტს.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური