GE

მომავლის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამებზე მიღება დაიწყო

დასაქმების მსოფლიო ბაზარზე კიბერუსაფრთხოების დარგის სპეციალისტებზე მოთხოვნა დიდია (3.4 მილიონზე მეტი კადრის საჭიროება), ამას მოწმობს მრავალი კვლევა (წყარო: 2022 წლის სამუშაო ძალის კვლევა კიბერუსაფრთხოების დარგში). აღნიშნული კადრების მიმართ ინტერესი საქართველოშიც მზარდია, რადგან კოვიდპანდემიის შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისიაა ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა. 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამის შექმნისა და განხორციელების მიზნით, პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) გრანტი მიიღო და შექმნა უნიკალური შესაძლებლობა – ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფასოდ მისცეს განათლება კიბერუსაფრთხოების სფეროში. ამისათვის, სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი შემუშავდა: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი.

პროგრამა შექმნილია დარგის სპეციალისტებთან, ინდუსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით და უნიკალურია იმითაც, რომ მსურველები წელს სრულიად უფასოდ შეძლებენ მის გავლას.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი პროგრამები, სასწავლო კურსები და ტრენინგები”, – ასე იწყებს EDU.ARIS.GE-სთან საუბარს KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი და დასძენს, რომ კიბერუსაფრთხოების პროგრამის გავლით კურსდამთავრებულები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას მიიღებენ, ეს კი მათ დაეხმარებათ, მაღალანაზღაურებადი სპეციალისტები გახდნენ.

კიბერუსაფრთხოება დღეს მომავლის პროფესიად მიიჩნევა. ამ მიმართულებით, პროფესიონალი კადრების საჭიროება მსოფლიო შრომით ბაზარზე დღითიდღე იზრდება, ასევე იზრდება ის ანაზღაურება, რომლითაც მათი ცოდნა და კვალიფიკაცია ფასდება.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, KIU-ს კიბერუსაფრთხოების პროგრამა გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიქმნა, ასევე მათ დახვეწაში ჩართულნი იყვნენ ქართველი ექსპერტები განათლების სექტორიდან და ინდუსტრიიდან. სწავლება ხორციელდება ჰიბრიდულ რეჟიმში – როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში, ისე ონლაინ.

კიბერუსაფრთხოების საფუძვლები განკუთვნილია დამწყებთათვის და წარმოადგენს კომპიუტერული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ასოციაციის შესაბამისი პროგრამის ადაპტაციას. ეთიკური ჰაკერის ტრენინგკურსი მათთვისაა, ვინც უკვე ფლობს კიბერუსაფრთხოების საფუძვლებს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აპლიკანტები გადავლენ შემდეგ დონეზე და მოისმენენ ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკულ კურსს. ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული ტრენინგკურსები წარმოადგენენ ელექტრონული კომერციის საბჭოს (EC Council) შესაბამისი კურსების ადაპტაციას.

„აღნიშნული ტრენინგკურსები დაინტერესებული პირებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, შეიძინონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები კიბერუსაფრთხოების დარგში. მსმენელებს ვთავაზობთ ორი ტიპის სერტიფიკატს, მათი მიღწევების შესაბამისად. ეთიკური ჰაკინგის წარმატებული კურსდამთავრებულები, რომელთაც ექნებათ უმაღლესი ქულები, KIU-სგან მიიღებენ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის ვაუჩერს. ამ სამი ტრენინგკურსიდან შედგენილი პაკეტი, რომელიც სერტიფიცირებასაც მოიცავს და დამატებით საერთაშორისო სერტიფიცირების ვაუჩერსაც, ძალიან ძვირფასი პროდუქტია, რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების და ჩვენ ამას უფასოდ ვთავაზობთ. ერთადერთი, რაც მსმენელს მოეთხოვება, არის მონდომება – ტრენინგკურსებს სათანადო დრო დაუთმოს და გამოცდებისთვის მოემზადოს, თუკი სურს, რომ წარმატებას მიაღწიოს”, – აღნიშნავს პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი.

კურსებისათვის საჭირო სალექციო მასალები და ინსტრუქციები მომზადებულია როგორც ქართულად, ისე ინგლისურად. შესაბამისად, აპლიკანტები უნდა ფლობდნენ ქართულ (C1) და ინგლისურ ენებს (A2). მონაწილეები ტრენინგს ქუთაისში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაივლიან. საჭიროების შემთხვევაში, KIU უზრუნველყოფს მათ განთავსებას უნივერსიტეტის კამპუსში.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ KIU-ს სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულები მიიღებენ საგამოცდო ვაუჩერს EC-Council-ის საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად. EC-Council მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაციაა, რომელიც გლობალურად, 145 ქვეყანაში საქმიანობს.

კითხვაზე, თუ რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეთ კურსდამთავრებულებს მომავალში, რამდენად მზარდია მსოფლიო შრომით ბაზარზე ამ პროფესიის მქონე ადამიანებზე მოთხოვნა და რამდენად მაღალანაზღაურებად საქმიანობად მიიჩნევა, KIU-ს დეკანი და პროგრამის ხელმძღვანელი გვპასუხობს – „სხვადასხვა წყაროს მიხედვით, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, მსოფლიოში 3,5 მილიონი ვაკანსიაა“.

პროგრამით დაინტერესებულ პირთა რაოდენობა უკვე დიდია. ამ ეტაპზე, ინტერესი 600-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოხატა.

„თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კიბერუსაფრთხოება, შესაბამისად, აღნიშნული ტრენინგკურსი მიმზიდველი აღმოჩნდა როგორც ამ სფეროში დასაქმებული, ისე გამოცდილების არმქონე პირებისათვის“, – დასძენს რამაზ ბოჭორიშვილი.

კურსებზე რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ KIU-ს ვებგვერდს

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე: +995 551 60 11 97.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური