GE

გაერთიანდება თუ არა SEU და IBSU – რა გეგმა აქვს გია კავთელიშვილს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის – IBSU 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – SEU ცოტა ხნის წინ გახდა.

სეუ-ს დამფუძნებელი, გია კავთელიშვილი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 12.1 მილიონ დოლარად შეძენა მისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო და მიზნად ისახავს ქართული უმაღლესი განათლების სივრცეში კიდევ უფრო მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ჩამოყალიბებას.

მისივე თქმით, IBSU-ს, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, აქვს 30 წლიანი ისტორია, გააჩნია თავისი ნიშა და პოტენციალი, როგორც კვლევითი და სამეცნიერო შესაძლებლობების, ასევე სწავლებისა და ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით.

ჩვენს კითხვაზე, როგორია სამომავლო გეგმები IBSU-სთან დაკავშირებით, ხომ არ იგეგმება ორი უნივერსიტეტის გაერთიანება და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ როგორც სტუდენტებს, ასევე აბიტურიენტებს, გია კავთელიშვილი გვპასუხობს:

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ც და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიც ფუნქციონირებას გააგრძელებს დამოუკიდებლად, ინდივიდუალური სტრატეგიული ხედვითა და საგანმანათლებლო პროგრამებით. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ იცვლის ლოკაციას. IBSU – ში ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიმართულებაა, საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამების შემუშავება, ხარისხის მაღალ დონეზე მართვა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების სისტემის დანერგვა, პროცესების სრული გაციფრულება, ინფრასტრუქტურის აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიების გამრავალფეროვნება. IBSU – ში წლების განმავლობაში შექმნილი გარემო, ადამიანების შრომა და ერთგულება განათლებისადმი წარმოადგენს უდიდეს ღირებულებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ. ასევე, ჩემთვის ღირებულია თითოეული სტუდენტი და კურსდამთავრებული, რომელმაც IBSU აირჩია“.

როგორც გია კავთელიშვილი აცხადებს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ეტაპობრივად იგრძნობს ყველა იმ დადებით ცვლილებას, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია მოიტანს და სიახლეებთან ერთად, გაგრძელდება ყველა ის წარმატებული პროექტი და ინიციატივა, რომელიც IBSU-ში წლების განმავლობაში ხორციელდება.

ახალი ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი IBSU-ში თანამედროვე, მოქნილი სასწავლო პროცესების მართვის სისტემის დანერგვაა. გეგმავენ IBSU-თვის იმ ბენეფიტებისა და ინტელექტუალური რესურსების გაზიარებას, რომლებიც SEU-ს ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში გააჩნია არაერთ წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

„IBSU-ს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა. უნივერსიტეტის ახალი მენეჯმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გამოყენებითი კვლევების განვითარებას. კვლევების ინტერნაციონალიზაციასთან ერთად დაფინანსდება შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო პროექტები. ინდუსტრიის საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება სადოქტორო პროგრამებისა და საკვლევი თემატიკების შემუშავება. აღდგება და გაგრძელდება სამეცნიერო ჟურნალების გამოცემა, გაგრძელდება აბრეშუმის გზის კონფერენციის სერიები, რომელსაც უკვე 20 წელზე მეტი ისტორია აქვს. ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა და მათი იდეების კომერციალიზაცია უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გია კავთელიშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური